Jump to content
Planeta.Ge

ძალაში შევიდა კლინიკების დაფინანსების ახალი წესი, რომლითაც ერთსა და იმავე მომსახურებას ყველა კლინიკაში ერთნაირი ტარიფი ექნება


დღეიდან, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების რეფორმა ძალაში შედის.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებთან ანგარიშსწორება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელით მოხდება.

უწყებაში აცხადებენ, რომ DRG სისტემით, ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სახელმწიფო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და აქტიურად მუშაობს, რათა სამედიცინო სერვისები გახდეს კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და ხარისხიანი.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალი მეთოდის დანერგვის შემდეგ, ერთსა და იმავე მომსახურებას ყველა კლინიკაში ერთი ტარიფი ექნება. პაციენტი მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი (0-დან 30%-მდე, პაკეტების შესაბამისად) ითვალისწინებს. კლინიკა კი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ პაციენტს, დამატებით გადასახადს ვეღარ დაუწესებს.

ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ უწყება თანაგადახდის ნაწილსა და მიწოდებული მომსახურების ხარისხს მკაცრად გააკონტროლებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, DRG მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია. ახალი სისტემით დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს. მეთოდი მთლიანად აუმჯობესებს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობას და იძლევა საშუალებას, რომ ფინანსური რესურსი, რაც აქვს ჯანდაცვის სისტემას, მეტად მოხმარდეს პაციენტის საჭიროებებს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...