Jump to content
Planeta.Ge

გიორგი ბახტურიძე - ყოველი მეხუთე მოქალაქე საქართველოში თამბაქოს მოხმარების შედეგად ნაადრევად გარდაცვლილი ადამიანია, მწეველების საშუალო ასაკი 56 წელია


„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელის, გიორგი ბახტურიძის ინფორმაციით, თუ 1-ელი იანვრიდან კომპანია რეგულაციას დაარღვევს და თამბაქოს შეფუთვა სადა არ იქნება, ის 5000 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაზე კი ჯარიმა 10 000 ლარი იქნება.

როგორც მან „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ერთფეროვანი კოლოფები მნიშვნელოვანი ბერკეტია იმისთვის, რომ ახალგაზრდებში თამბაქოსადმი ინტერესი და მიმზიდველობა დაიკარგოს. მან სტატისტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მონაცემებზე დაყრდნობით, სადა შეფუთვის რეგულაცია ორჯერ ამცირებს თამბაქოს მოწევის დაწყებას.

ამასთან, განმარტავს, რომ ერთფეროვანი კოლოფების მწარმოებელი ქვეყანა უკრაინაა, სადაც მიმდინარე საომარი მოქმედებები წარმოების შეფერხებას არ გამოიწვევს.

„სადა შეფუთვა ნიშნავს ერთფეროვან კოლოფებს. ვიზუალი და მიმზიდველობა მნიშვნელოვანი საკითხია ფსიქოლოგიურად ბოლომდე ჩამოუყალიბებელი ადამიანისთვის, როგორიც არის ბავშვები და ახალგაზრდები. ეს ეფექტური ზომაა იმისთვის, რომ თამბაქომ მიმზიდველობა დაკარგოს ახალგაზრდებში.

ერთფეროვან კოლოფზე, რა თქმა უნდა, სამედიცინო გაფრთხილება იქნება. ეს კოლოფები იწარმოება უკრაინაში. ომიანობის პერიოდშიც კი, ამ მწარმოებელმა შეუთანხმა სხვა მწარმოებელს და ისევ უკრაინაში ხდება კოლოფების დამზადება, როგორც საქართველოსთვის, ისე ისრაელისთვის.

ძირითადი პრევენციული ზომაა, რომ ბავშვებმა და ახალგაზრდებმა თამბაქოს მოხმარება არ დაიწყონ. თუ პოტენციურად ახალგაზრდების 15-20 პროცენტი იწყებს მოწევას, სადა შეფუთვის გამო, ეს ციფრი 10%-მდე ჩამოდის. ორჯერ ამცირებს თამბაქოს მოწევის დაწყებას. საკმაოდ ეფექტური ზომაა.

ამასთან, უკვე ზრდასრული ადამიანებისთვისაც კარგავს მიმზიდველობას და ასოცირება ხდება, რომ ეს არ არის ნორმალური პროდუქტი.მნიშვნელოვნად ეფექტური ზომა რომ არ იყოს, რა თქმა უნდა, თამბაქოს ინდუსტრია არ გააგრძელებდა მცდელობებს. სამწუხაროდ, ცდილობენ კონკრეტული პოლიტიკოსებით, რომ გადავადდეს, თუმცა ამის არგუმენტები არ არსებობს. საჯარიმო სანქცია ყოველ აღმოჩენილ შემთხვევაზე 5000 ლარია, განმეორებისას 10 ათასი ლარი და ასე შემდეგ“,- აღნიშნავს ბახტურიძე.

მან სტატისტიკაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ყოველი მეხუთე მოქალაქე საქართველოში თამბაქოს მოხმარების შედეგად ნაადრევად გარდაცვლილი ადამიანია. მწეველების საშუალო ასაკი 56 წელია, როდესაც მთელ პოპულაციაში 73 წელია.

რაც შეეხება არსებულ რეგულაციებს, ბახტურიძის თქმით, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ყოველთვე ასობით სავაჭრო ობიექტი არღვევს წესებს.

„ყოველთვე ასობით სავაჭრო ობიექტს ვავლენთ, სადაც არ იცავენ წესებს. ეს არის გარე და შიდა ხილვადობის დარღვევა, პრომო აქციები...თამბაქოს ინდუსტრია ხელს უწყობს უკანონო მარკეტინგს, არ ერიდება კანონდარღვევებს. ასეთი ასობით შემთხვევაა და ამის ნიველირება სურთ, ან სატელიტი ორგანიზაციებით ჩანაცვლება, რაც არ გამოვა“,- აღნიშნავს ბახტურიძე.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...