Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი - „ტვიტს“ ასე შეეშინებინოს ხელისუფლება, პირველად ვნახე - დღეს პრემიერი გახარია რომ ყოფილიყო, თავი საერთაშორისო მასშტაბით მოჭრილი არ გვექნებოდა


დღეს პრემიერი გახარია რომ ყოფილიყო, მტკიცებით ფორმაში შემიძლია გითხრათ, ჩვენ საერთაშორისო მასშტაბით თავი ასეთ დონეზე მოჭრილი არ გვექნებოდა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ის ასევე გამოეხმაურა პარტიის თავმჯდომარის, გიორგი გახარია „ტვიტსაც“, სადაც გახარია საუბრობს, რომ „დემოკრატიის უდიდესი მტერი კორუფცია და ოლიგარქიაა“.

„ოცნება“ ძალიან ააფორიაქა ამ „ტვიტმა“. არაერთხელ მინახავს შეშინებული „ოცნება“, მაშინ, როცა ჩვენ ხელისუფლებაში ვიყავით, სხვადასხვა დროს, მათ შორის, მინახავს 20 ივნისს შეშინებული „ოცნება“ და მათი დღევანდელი ლიდერი, პარტიის ხელმძღვანელი. მინახავს კოვიდის დროს შეშინებული და დაბნეული „ოცნება“, მაგრამ „ტვიტს“ ასე შეეშინებინოს ხელისუფლება, რომელსაც ამხელა ძალაუფლება აქვს, ყველა ინსტიტუტი ქვეყანაში მას ექვემდებარება, ექსპერტებით დაწყებული, მედიასაშუალებებით დამთავრებული, ეს პირველად ვნახე. როგორც ჩანს, სიმართლე მწარეა, ამაზე ეს ხალხი აფორიაქდა. ძალიან მარტივი რაღაც თქვა გახარიამ, ფაქტია, რომ ქვეყანაში ოლიგარქიული, არაფორმალური მმართველობაა, ფაქტია, რომ ქვეყანაში სისტემური პოლიტიკური კორუფციაა, ამ ორ მოვლენას შორის მჭიდრო კავშირია და ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ერთ ადამიანს ეკისრება. „ტვიტში“ ნათქვამი იყო მარტივად, რომ სისტემური კორუფცია და ოლიგარქია ქვეყანას მომავალს უსპობს, ეს არის დემოკრატიული განვითარების შემაფერხებელი, ქვეყანას მომავალს ართმევს და თუ გვინდა, რომ თავისუფალი და ნორმალური მომავალი გვქონდეს, ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. როგორც ჩანს, ამ ყველაფერში თავისი თავი ამოიკითხეს, ძალიან მარტივად, ისე, რომ სახელიც კი არ იყო მოხსენიებული. როგორც ჩანს, სიმართლე მწარე აღმოჩნდა და ამაზე „ოცნება“ აფორიაქდა“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე განმარტებით, „ბოლო ორი წლის განმავლობაში, ქვეყანაში უპრეცედენტო დემოკრატიული უკუსვლაა“.

„გახარიას პრემიერობის დროს ბიძინა ივანიშვილი ფიზიკურად ვერ იქნებოდა არაფორმალური მმართველი, რადგან ბიძინა ივანიშვილს ოფიციალური თანამდებობა ეკავა, ის იყო პარტიის ხელმძღვანელი. გადადგომამდე რამდენიმე ხნით ადრე, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან მიდიოდა, მაგრამ საზოგადოება მოატყუა, ვერ მოითმინა და სულ რამდენიმე თვეში წერილით გამოჩნდა, რომელიც გახარიას მიუძღვნა, ეს წერილი შემდეგ მთელი პარტიისთვის სამაგიდო წიგნად იქცა, ყველა დამწკრივდა და ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარები აკეთეს და რაც წერილში იყო, „ოცნებისთვის“ სამოქმედო გეგმად იქცა. ეს არ იყო პირველი და უკანასკნელი წერილი, რამდენიმე თვის წინ ვნახეთ კიდევ მის მიერ გამოქვეყნებული მეორე წერილი, ოთხეულის ენით, ცხრიანი, თუ 200 გახდნენ ახლა - აქვეყნებენ ხოლმე, რის უკანაც ბიძინა ივანიშვილი დგას, ესეც „ოცნების“ სამაგიდო წიგნად იქცა. პრემიერი გამოვიდა და ბიძინა ივანიშვილის დაცვა დაიწყო მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე. არავის ახსენდება ღარიბაშვილის წერილი მაგალითად, ევროკომისიის პრეზიდენტისთვის საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად, მაგრამ ჩვენ ვიხილეთ მისი წერილი ბიძინა ივანიშვილის, მისი ფულის და მისი ძალაუფლების დასაცავად. ამ ადამიანმა თქვა, მე მივდივარო და მეორე დღეს, აღმოჩნდა, რომ თავიდან ბოლომდეა პოლიტიკაში ჩართული, თავიდან ბოლომდე აკონტროლებს ინსტიტუტებს, ხელისუფლების ყველა შტოს, პოლიტიკურ კორუფციას იყენებს, როგორც ინსტრუმენტს ამ ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის და ძალიან ბევრ რამეზე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის იმაზე, რომ ჩვენ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, მათ შორის, იმაზე, რომ ახლა ეს 12 პუნქტი არ სრულდება და უდიდესი რისკის წინაშე ვართ, რომ დეკემბერში ისევ ვერ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. გუშინ, ის ოფიციალურად პარტიის თავმჯდომარე იყო, დღეს მას არანაირი ოფიციალური თანამდებობა არ უკავია, მაგრამ თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ პროცესებში ეს ადამიანი მონაწილეობას იღებს.

გახარია ძალიან ბევრი ცუდი ფაქტორის შემაკავებელი იყო, რაც შეიძლებოდა „ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მომხდარიყო. მაგალითად, დღეს, გახარია რომ ყოფილიყო პრემიერი, მტკიცებით ფორმაში შემიძლია გითხრათ, ჩვენ საერთაშორისო მასშტაბით თავი ასეთ დონეზე მოჭრილი არ გვექნებოდა. არ გვექნებოდა, რადგან თუკი, რამე უშლიდა „ოცნების“ სიგიჟეებს ხელს, იყო გიორგი გახარია. ამას მარტო ჩვენ არ ვამბობთ, ამას აღიარებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, გახარია დღეს რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში და ის ყოფილიყო ისევ პრემიერი, ქვეყანას ექნებოდა კანდიდატის სტატუსი, ასეთი მასშტაბით არ გაჩერდებოდა ეს რეფორმები ყველა მიმართულებით და ქვეყანა იზოლაციის საფრთხის წინაშე არ იდგებოდა, ქვეყანას უკრაინასთან მიმართებით ეროვნული ღირსება არ იქნებოდა შელახული, ეს შესანიშნავად იციან „ოცნებაში“ და ამით არის გამოწვეული მათ შორის, ის ისტერიკაც“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...