უმრავლესობაში მყოფი უფრაქციო დეპუტატები საპარლამენტო კომიტეტებსა და საგამოძიებო კომისიებში ცალკე კვოტებით იქნებიან უზრუნველყოფილი
პარლამენტის კომიტეტებში, ასევე საგამოძიებო კომისიებსა და სხვა საპარლამენტო სტუქტურებში უმრავლესობაში მყოფი უფრაქციო დეპუტატები ცალკე კვოტებით იქნებიან უზრუნველყოფილი. ამის შესაბამისად, ცალკე კვოტა განისაზღვრება უმრავლესობის გარეთ - ოპოზიციაში მყოფი პარლამენტის უფრაქციო წევრებისათვის.
რეგლამენტში ცვლილებების პროექტი მოძრაობის “ხალხის ძალა“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა და ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მოამზადეს.
პარლამენტის მოქმედი რეგლამენტის გათვალისწინებით, კომიტეტის შემადგენლობა ფრაქციათა წარმომადგენლობისა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად განისაზღვრება. არსებული წესი იმას ნიშნავს, რომ კვოტა უმრავლესობაში და უმრავლესობის გარეთ მყოფი პარლამენტის უფრაქციო წევრებისათვის საერთოა.
რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებებით კი, კომიტეტის შემადგენლობა ფრაქციათა წარმომადგენლობის, ასევე საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად განისაზღვრება. იგივე პრინციპით დაკომპლექტდება პარლამენტის საგამოძიებო კომისია და ეთიკის საბჭო.
ამავე პროექტის მიხედვით, შესაძლებელი იქნება ისიც, რომ საჭიროების შემთხვევაში, უმრავლესობაში შემავალ ფრაქციათა და უფრაქციო პარლამენტის წევრებისთვის პროპორციული წარმომადგენლობის საერთო კვოტები განისაზღვროს.
როგორც “ინტერპრესნიუსს“ საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა, გარკვეული პრობლემები მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც ფრაქცია “ქართული ოცნებიდან“ ცხრა დეპუტატი გავიდა, რომლებიც ახლა უმრავლესობის უფრაქციო წევრები არიან. მაჭარაშვილის განმარტებით, პარლამენტში უფრაქციო დეპუტატების საერთო რაოდენობა 20-ზე მეტია, კომიტეტებში კი მათთვის ერთი ან ორი ადგილია განსაზღვრული.
მაჭარაშვილის თქმით, ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში, მათ შესაძლებლობა ექნებათ საპარლამენტო ორგანოებში უკეთ იყვნენ წარმოდგენილი და უმრავლესობასა და ოპოზიციაში მყოფმა უფრაქციო წევრებმა “კვოტებში არ გაუწიონ ერთმანეთს კონკურენცია“.
რეგლამენტში ცვლილებების ამოქმედებიდან სამი დღის ვადაში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი შესაბამისი წარმომადგენლობის კვოტებს შეიმუშავებს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.