Jump to content
Planeta.Ge

რუსეთმა 11 ბრიტანული ზღვისიქითა ტერიტორია შეიტანა არამეგობრულ ქვეყანათა სიაში


რუსეთის ხელისუფლებამ გააფართოვა ე.წ. არამეგობრულ ქვეყანათა და ტერიტორიათა სია და მასში ბრიტანეთის 11 ზღვისიქითა ტერიტორია შეიტანა, მათ შორის არიან ცნობილი ოფშორული იურისდიქციის მქონე ბერმუდის კუნძულები და კაიმანი. ქვეყნების სია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზეა გამოქვეყნებული.

საუბარია ძირითადად მცირე კუნძულებზე, რომელთაგან ზოგიერთზე არ იმყოფება მუდმივი მოსახლეობა, ან მათზე მცხოვრებთა რაოდენობა ათეულ ან ასეულ ადამიანს არ აღემატება.

გარდა ამისა, ბერმუდზე დარეგისტრირებულია ასობით თვითმფრინავი, რომლებიც რუსეთის ავიაკომპანიებს ლიზინგის წესით ჰყავთ შეძენილი. უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ, ბერმუდის ხელისუფლებამ ამ თვითმფრინავებს გაუუქმა ზაფხულის პერიოდში მოქმედი სერტიფიკატები, მაგრამ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აკრძალვის მიუხედავად მათ ფრენის ნებართვა მისცა. მაგრამ იმის გამო, რომ არსებობს საფრენი აპარატების დაპატიმრების საფრთხე, რუსული კომპანიების კუთვნილი სანქცირებული ლაინერები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ვეღარ დაფრინავენ.

მანამდე არამეგობრულ ქვეყანათა შორის რუსეთმა შეიტანა ბრიტანეთის სამეფოს მფლობელობაში არსებული ჯერსი, გერნსი და მენი და ასევე ოფშორული იურისდიქციით ცნობილი ზღვისიქითა ტერიტორიები - ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები და გიბრალტარი.

მთლიანობაში უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის შემდეგ რუსეთმა არამეგობრულად ცნო 40-ზე მეტი სახელმწიფო, ბრიტანეთის მფლობელობაში არსებული ტერიტორიების ჩათვლით მათი რაოდენობა უკვე 60-ს აღემატება.

 

რუსეთის მთავრობა ამ სიას ადგენს პრეზიდენტ პუტინის მიერ 2021 წლის აპრილში გამოცემული განკარგულების საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს „უცხოეთის სახელმწიფოების არამეგობრულ ქმედებებზე ზემოქმედებისთვის ზომების მიღებას".

ამ ჩამონათვალშია უკრაინა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, აშშ, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, სინგაპური და იაპონია.

რადიო თავისუფლება

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...