უკრაინა მოუწოდებს მსოფლიოს, რუსეთს „შიმშილის თამაშების“ შეწყვეტა მოსთხოვოს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ტვიტერზე წერს, რომ, ე.წ. "მარცვლეულის შეთანხმებიდან" გასვლის გამო, რუსეთს ყველა სახელმწიფომ უნდა მოსთხოვოს „შიმშილის თამაშების“ შეწყვეტა.
„ჩვენ გაფრთხილებდით რუსეთის გეგმებზე, ჩაეშალა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა. ახლა მოსკოვი ტყუილი საბაბით ბლოკავს „მარცვლეულის დერეფანს“, რომელიც უზრუნველყოფდა მილიონობით ადამიანის სასურსათო უსაფრთხოებას. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, მოითხოვოს რუსეთისგან - შეწყვიტოს შიმშილის თამაშები და დაუბრუნდეს თავის ვალდებულებებს“, - წერს კულება ტვიტერზე.
„მარცვლეულის შეთანხმებას“ მოქმედების ვადა ნოემბერში ეწურება და, როგორც გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ბოლო პერიოდში აცხადებდა, ჯერ გაურკვეველი იყო მისი შემდგომი გაგრძელების საკითხი. ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთი საბაბს ეძებდა.
29 ოქტომბერს, რუსეთის საგარეო უწყებამ დაადასტურა, რომ ქვეყანა გამოეთიშა „მარცვლეულის შეთანხმებას“, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის, თურქეთისა და გაეროს შუამავლობით, ივლისის ბოლოს შედგა. ამ შეთანხმების შედეგად მოხერხდა, უკრაინის პორტებიდან გაეტანათ მანამდე რუსეთის მიერ „დაპატიმრებული“ უკრაინული ხორბალი.
რუსეთის დაყოლიებას მაშინ დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რათა მსოფლიოში არ ეშიმშილა მილიონობით ადამიანს. მაგალითად, ეთიოპიაში სურსათით დახმარება 20 მილიონ ადამიანს ესაჭიროება.
რუსეთი აცხადებს, რომ „მარცვლეულის შეთამხმება“ შეაჩერა გაურკვეველი ვადით, რადგან ვეღარ იძლევა უსაფრთხოების გარანტიებს ანექსირებულ სევასტოპოლში მომხდარის შემდეგ.
თავდაცვის სამინისტროს მსგავსად, რუსეთის საგარეო უწყებაც იმეორებს, რომ ანექსირებულ სევასტოპოლში რუსეთის გემებისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ „ტერაქტი“ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ განახორციელეს. რუსეთი ირწმუნება, რომ „ტერაქტი“ მიმართული იყო, მათ შორის იმ გემების წინააღმდეგ, რომლებიც უზრუნველყოფდნენ „ჰუმანიტარული დერეფნის“ უსაფრთხო ფუნქციონირებას და ამიტომ, თითქოს, გარანტიები აღარ არსებობს.
„რუსული მხარე ვერ იძლევა „შავი ზღვის ინიციატივაში“ მონაწილე სამოქალაქო მშრალი ტვირთის გემების უსაფრთხოების გარანტიას და დღეიდან გაურკვეველი ვადით აჩერებს მის განხორციელებას. შესაბამისი მითითებები მიეცათ რუსეთის წარმომადგენლებს სტამბოლში მოქმედ ერთობლივ საკოორდინაციო ცენტრში, რომელიც აკონტროლეს უკრაინული სურსათის ტრანსპორტირებას“, - წერია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით, "ბრიტანელი სპეციალისტები", რომლებიც უკრაინელ სამხედროებს "ტერაქტში" ეხმარებოდნე, ბაზირებული არიან ნიკოლაევის ოლქის ქალაქ ოჩაკოვში და იქ წვრთნიან მათაც.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის ბრალდებებს „ეპიკური მასშტაბის ტყუილი“ უწოდა და განაცხადა, რომ ტყუილებს რუსეთის იგონებს, რათა „ყურადღება გადაიტანოს უკრაინაში უკანონო შეჭრასთან დაკავშირებული კატასტროფული სიტუაციიდან“.
29 ოქტომბერს, დილით, აფეთქებების ხმა გაისმა ანექსირებული ყირიმის სევასტოპოლის ყურეში. სევასტოპოლის "გუბერნატორის" მიხაილ რაზვოზჟაევის თქმით, შავი ზღვის ფლოტის გემები "უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმას იგერიებდნენ".
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.