„აზოვის“ მებრძოლი - როდესაც „აზოვსტალში“ ვიყავით, სიკვდილის აღარ გვეშინოდა - როდესაც გამოვდიოდით, ეს იყო შოკი, არ გვჯეროდა, რომ იქიდან გამოვიდოდით
ომი არა მხოლოდ მარიუპოლში, მთელს ფრონტზე მიდიოდა, კიევთან იყო ჯარი და თუკი დედაქალაქი დაეცემოდა, მაშინ არავითარი ტერიტორია აღარ დაგვრჩებოდა - ჩვენ მივიზიდეთ საკუთარ თავზე მტრის 14 000-იანი შენაერთი. 5-ჯერ და 10-ჯერ მეტი შესაძლებლობის და ტექნიკის მქონე შენაერთი შევბოჭეთ და არ მივეცით ადგილიდან დაძვრის საშუალება,- ამის შესახებ ტყვეობიდან გათავისუფლებულმა „აზოვის“ პოლკის მებრძოლმა ანატოლი ეგოროვმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
აზოვის მებრძოლმა ის მძიმე დღეები გაიხსენა, რომელიც ჯერ „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე ბლოკადაში შემდეგ კი რუსეთის ტყვეობაში გაატარა.
მან ამასთან, თავი შეიკავა ტყვეობის დეტალებზე საუბრისგან და აღნიშნა, რომ ამან შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს აზოვის 700-მდე მებრძოლზე, რომლებიც ჯერ ისევ ტყვეობაში არიან, თუმცა ვითარების სიმძიმის აღსაწერად განაცხადა, რომ ტყვეობის 4 თვის განმავლობაში 47 კილოგრამი დაიკლო.
„როდესაც ყოველ დღე სიკვდილს უსწორებ თვალს, უკვე სხვანაირად უყურებ ყველაფერს. იმ დროს, როდესაც ჩვენ ვიყავით აზოვსტალში, სიკვდილის აღარ გვეშინოდა. რაც შეეხება მოქალაქეებს, ბავშვებს, რომლებიც იქ იყვნენ, ჩვენ ვცდილობდით მათთვის დახმარების გაწევას და როგორც კი მოწინააღმდეგე დაგვთანხმდა დაზავებაზე, მაშინვე გავიყვანეთ სამოქალაქო პირები და გადავეცით წითელ ჯვარს. მე პირადად ვმონაწილეობდი ამ პროცესში.
იმ დღეებში, როდესაც შედარებითი სიმშვიდე იყო, ჩვენ აზოვსტალში ნანგრევებს ვთხრიდით და ვცდილობდით გამოგვეტანა სურსათის ნარჩენები და თუ იქ იყო რაიმე ტკბილეული, ბავშვებს ვაძლევდით და ვცდილობდით ბავშვები მაინც მოგვემარაგებინა. არ ვიცი რამდენად ეხმარებოდა ეს ყველაფერი მათ, მაგრამ ვცდილობდით მათთვის მიგვეცა. სულიერადაც ვცდილობდით გაგვემხნევებინა და ვეუბნებოდით, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ჩვენ გვჯეროდა, რომ გზებს გამოვნახავდით მათი ევაკუირებისთვის“,- განაცხადა ანატოლი ეგოროვმა.
მისი თქმით, „აზოვსტალის“ ბლოკადის დროს, აპრილის შუა რიცხვებში შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, იმდენად შეეგუენ აზრს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომ აზოვსტალიდან გასვლა რთულად დაიჯერეს.
„უიმედობა ნამდვილად არ გვეუფლებოდა, აპრილის შუა რიცხვებში, როდესაც მარიუპოლში ვიყავით, შეიქმნა „აზოვის“ ვეტერანებისგან შემდგარი პოლკი და ისინი შეეცადნენ ბლოკადა გაერღვიათ. წარუმატებლად დამთავრდა ეს მცდელობა და რასაკვირველია, ემოციური თვალსაზრისით ძალიან მძიმედ განვიცადეთ ეს წარუმატებლობა. იმ დროისთვის გავაცნობიერეთ, რომ, ალბათ, მალე შეიძლება დავიღუპოთ. არავინ არ გატეხილა სულიერად. გავაცნობიერეთ, რომ შეიძლება დავხოცილიყავით, მაგრამ მაინც მშვიდად ვიყავით. როდესაც გამოვდიოდით აზოვსტალიდან, ეს იყო თავისებური შოკი, ჩვენ არ გვჯეროდა, რომ გამოვიდოდით იქიდან.
რაც შეეხება ტყვედ ჩაბარებას, ჩვენ იმით განვსხვავდებით რუსებისგან, რომ არასდროს არ ვმსჯელობთ და ვბჭობთ ბრძანების თაობაზე, ბრძანება უნდა შესრულდეს - უნდა დაგვეყარა იარაღი. ჩვენ გვყავდა 150-ზე მეტი დაჭრილი, არ გვქონდა წამალი, მედიკამენტები, მათი გადარჩენა საჭირო იყო. ამიტომ არავის დაუწყია მსჯელობა და წინააღმდეგობის გაწევა - ბრძანება შესრულდა.
ცუდი კვება იყო, ძნელი იყო ტყვეობაში ყოფნა, იყო ჩხრეკაც, იყო დაკითხვაც, მაგრამ 700 ადამიანამდეა ახლა „აზოველი“ ტყვე და რამეს თუ ვიტყვი, შეიძლება ყველაფერმა ამან მათზე იმოქმედოს ცუდად, სანამ ჩვენი მებრძოლები იქ არიან, მე არ შემიძლია რამეზე დაწვრილებით ვილაპარაკო. ალბათ, იქნება სამხედრო ტრიბუნალი სამხედრო დამნაშავეებზე და ყველაფერს ნათელი მოეფინება - მე პირადად 4 თვის განმავლობაში 47 კილოგრამით დავიკელი წონაში“,- განაცხადა „აზოვის“ მებრძოლმა.
ანატოლი ეგოროვის ინფორმაციით, თურქეთში მყოფი „აზოვის“ მეთაურები, მათ შორის დენის პროკოპენკო, იქაც ტყვეა და ახლობლებთან კონტაქტის საშუალება არ აქვთ.
„ის, რომ ჩვენი მეთაური პროკოპენკო თურქეთშია, ეს არის ჟენევის კონვენციით დაშვებული. ის ტყვეა იქაც, უბრალოდ იქ ადამიანური პირობები აქვს. ის ტყვეა, მას, ასევე, არავითარი კავშირი არ აქვს, ისევე როგორც ჩვენ არ გვქონდა რაიმე კავშირი. ისინი, ვინც ახლა თურქეთში არიან იქაც არიან ტყვეებად“,- განაცხადა ანატოლი იგოროვმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.