Jump to content
Planeta.Ge

უკრაინა ირანისგან მოითხოვს შეწყვიტოს რუსეთისთვის იარაღის მიწოდება


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, 28 ოქტომბერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან სატელეფონო საუბარში მან ირანს მოსთხოვა შეწყვიტოს იარაღის მიწოდება რუსეთისთვის.

კულება ტვიტერით წერს, რომ მან "ირანს მოსთხოვა დაუყოვნებლივ შეაჩეროს რუსეთისთვის იარაღის მიწოდება, რომელსაც იყენებენ სამოქალაქო პირების დასახოცად და უკრაინაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად".

კიევი და მისი დასავლელი მოკავშირეები რუსეთს ბრალს სდებენ ირანული წარმოების დრონების გამოყენებაში უკრაინის ელექტროსადგურების და სხვა ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებში - რაც, მათი თქმით, მიზნად ისახავს უკრაინელთა გათბობის გარეშე დატოვებას ზამთრის პერიოდში.

მოსკოვი და თეირანი ამ ბრალდებებს უარყოფენ.

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის შეტევების შედეგად მისი ინფრასტრუქტურის მესამედია განადგურებული.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...