Jump to content
Planeta.Ge

2035 წლიდან ევროპაში გაიყიდება მხოლოდ ის ავტომანქანები, რომლებიც არ გამოყოფენ ე.წ. სათბურის გაზებს


ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ევროპარლამენტი 27 ოქტომბრის გვიან საღამოს შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირში 2035 წლიდან გაიყიდება მხოლოდ ის ავტომანქანები, რომლებიც არ გამოყოფენ ე.წ. სათბურის გაზებს.

ევროპარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, პასკალ კანფენმა, რომელმაც დოკუმენტს უწოდა „ისტორიული გადაწყვეტილება“, თქვა, რომ „ეს სექტორი, რომელზეც მოდის ამჟამად გამონაბოლქვის 16 % ევროპაში, 2050 წლისთვის იქნება ნახშირბადისგან თავისუფალი.“

საერთაშორისო ეკოლოგიურმა ორგანიზაცია „გრინპისმა“ გააკრიტიკა შეთანხმება და თქვა, რომ ის მხოლოდ ნიღბავს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში პოლიტიკოსების მრავალ წარუმატებელ ნაბიჯს.

ეკოლოგების გამოთვლით, დიზელის ძრავებზე უარის თქმა საჭიროა უკვე 2028 წლისთვის, რათა გლობალურმა დათბობამ არ გადააჭარბოს 1,6°C-ს. მეცნიერები თვლიან, რომ გლობალური დათბობა, რასაც, მათი აზრით, მნიშვნელოვანწილად სათბურის გაზები უწყობს ხელს, იწვევს ძლიერ წვიმებს და სიცხის ტალღების გახშირებას დედამიწაზე. 2022 წლის ზაფხულში ძლიერი წყალდიდობები იყო ავსტრალიაში, ინდოეთში, პაკისტანში, ჩინეთში და სხვაგან. ამავე დროს, ძლიერი სიცხე იყო ევროპის ქვეყნებში, რუსეთში და აშშ-ში.

გლაზგოში, კლიმატის ცვლილებების შარშან გამართულ შეხვედრაზე, მსოფლიოს 200-ზე მეტმა ქვეყანამ მოაწერა ხელი შეთანხმებას, რომ 2030 წლამდე შეეცდებიან გლობალური დათბობის ზრდის 1,5°C-ით შეზღუდვას და ნახშირბადის გამოყოფის შემცირებას.


რადიო თავისუფლება 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...