Jump to content
Planeta.Ge

სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს - EU-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში


ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი ფიქრობს, რომ სომხეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს შორის დიდი პოტენციალი არსებობს სამმხრივი თანამშრომლობისთვის, რაც ყველას სასიკეთოდ წაადგება. ამის შესახებ მან "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ორი მეზობლის გაერთიანებაში. ქვეყანას შეუძლია ხელი შეუწყოს [მეზობლებს] ისეთ სფეროებში თანამშრომლობაში, სადაც შესაძლოა წარსულში თანამშრომლობა შეუძლებელი/წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ახლა უფრო შესაძლებელი ხდება. ასე რომ, საქართველოს, როგორც წამხალისებელს, როგორ იდეების შემთავაზებელს, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს", - აღნიშნა მან.

მისი თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის მოგვარება, საზღვრების გახსნა, კომუნიკაციების აღდგენა და სავაჭრო ურთიერთობების თავიდან დამყარება მომგებიანი იქნება სამივე ქვეყნისთვის.

"ყარაბაღის კონფლიქტს, რა თქმა უნდა, გავლენა აქვს საქართველოზე. ის ფაქტი, რომ სამშვიდობო მოლაპარაკება, ურთიერთობების ნორმალიზება, კომუნიკაციებისთვის მზაობა და თავისუფალი ვაჭრობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჯერ არ არსებობს, გავლენას ახდენს საქართველოზეც. ქვეყანა ეკონომიკურ შესაძლებლობებს კარგავს. ამ კონფლიქტის გამო, სამივე ქვეყანა კარგავს ეკონომიკურ შესაძლებლობებს, მათ შორის საქართველოც".

ტოივო კლაარი ამბობს, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი მოგვარდეს - "ინტერესის საგანია მშვიდობიანი და განვითარებული სამხრეთი კავკასია".

"[სადამკვირვებლო მისია] ესაა ის, რისი გაკეთებაც მოკლევადიან პერსპექტივაში შეგვიძლია, მაგრამ ეს ვერ იქნება დიდი ხნის განმავლობაში. ვერ გაგრძელდება დიდხანს. ცოტა ხნით შეგვიძლია, რომ საქართველოდან მისიის ნაწილი გადავიყვანოთ [სომხეთ-აზერბაიჯანის] საზღვარზე ისე, რომ მისიის საქმიანობაზე ამან გავლენა არ მოახდინოს", - ამბობს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...