Jump to content
Planeta.Ge

ნინო ლომჯარია - მურუსიძე-გვრიტიშვილი დაბრუნდნენ იუსტიციის საბჭოში, რადგან პარლამენტი 5 არამოსამართლე წევრის დასანიშნად ემზადება - ეს ერთგვარი დესანტის გადასხმასავით იყო, გააძლიერეს თავდაცვის მექანიზმები და შესაძლოა გადავიდნენ თავდასხმაზე


მურუსიძე და გვრიტიშვილი დაბრუნდნენ სასწრაფო წესით იუსტიციის საბჭოში იმიტომ, რომ პარლამენტი ემზადება 5 ახალი არამოსამართლე წევრის დასანიშნად - ეს ერთგვარი „დესანტის“ გადასხმასავით იყო ,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრებად დანიშვნის ფაქტის შეფასებისას განაცხადა.

ნინო ლომჯარიამ იმედი გამოთქვა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები გახდებიან დამოუკიდებელი ადამიანები, ისინი, ვინც სისტემური პრობლემების წინააღმდეგ ხმას აიმაღლებენ.

ამასთან, ლომჯარიამ განმარტა, რომ სწორედ მსგავსი დამოუკიდებელი წევრების მიერ შექმნილ დისკომფორტთან დასაპირისპირებლად დაინიშნნენ მურუსიძე და გვრიტიშვილი საბჭოს წევრებად.

„მურუსიძისა და გვრიტიშვილის დანიშვნით ჩემთვის არსებითად არაფერი შეცვლილა. ყველამ ვიცით, რომ ეს ადამიანები არიან გავლენის ჯგუფის წარმომადგენლები და გავლენიანი მოსამართლეები სასამართლო სისტემაში. ისინი უბრალოდ დაბრუნდნენ იქ, სადაც ისედაც ჰქონდათ გავლენები. ჩემი პირადი აზრია, რომ ისინი დაბრუნდნენ სასწრაფო წესით იუსტიციის საბჭოში იმიტომ, რომ პარლამენტი ემზადება 5 ახალი არამოსამართლე წევრის დასანიშნად, რაც არის ერთ-ერთი წინაპირობა ევროინტეგრაციის გზაზე. შესაძლოა, მმართველ ძალას აქვს მოლოდინი, რომ საბჭოს, რომელიც აქამდე ძალიან თავისუფლად მუშაობდა, რადგან იქ განსხვავებული ხმა არ ისმოდა და სრულად საკუთარი გავლენებისა და კონტროლის ქვეშ იყო საბჭოს გადაწყვეტილებები, ახლა მიემატება რამდენიმე ადამიანი, რომელიც ალბათ, გარკვეულ დისონანსსა და დისკომფორტს შეიტანს ან ისაუბრებს ხმამაღლა იქ არსებულ პრობლემებზე და ვფიქრობ, ეს ერთგვარი დესანტის გადასხმასავით იყო. მათი აზრით, გააძლიერეს თავდაცვის მექანიზმები და შესაძლოა გადავიდნენ თავდასხმაზე. მე დიდი იმედი მაქვს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოხვდებიან დამოუკიდებელი ადამიანები, რომლებიც ხმას აიმაღლებენ მთელი რიგი პრობლემების მიმართ, რაც არის სისტემური პრობლემები და რაზეც მთელი რიგი დასავლური სამყარო შეთანხმებულია საქართველოსთან მიმართებით და მათ ალბათ, ჩათვალეს, რომ უფრო გამოცდილი წევრების ყოფნა იყო საბჭოში საჭირო, რომ ამ განსხვავებული აზრის მიმართ ეჩვენებინათ წინააღმდეგობა. ალბათ, ჩათვალეს, რომ ამ წევრების იქ ყოფნა მათ პოზიციონირებას უფრო გააძლიერებდა“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მან ამასთან აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების სისტემაში არანაირი მნიშვნელოვანი რეფორმა არ განხორციელებულა და არც ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციის გათვალისწინება მომხდარა.

„ორი დღის წინ გაავრცელა განცხადება სახალხო დამცველმა, სადაც აღვნიშნეთ, რომ პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომელიც შეიქმნა ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად, სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის არც ერთი რეკომენდაცია, რასაც იძლევა ევროკომისია, ან რასაც იძლევა შარლ მიშელის დოკუმენტი, გათვალისწინებული არ არის და ჩვენ ერთგვარად ვეცადეთ, რომ ბოლო სხდომამდე კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ პარლამენტს, რომ გამოვიყენოთ შანსი რეალური ცვლილებებისთვის. მართლმსაჯულების სამუშაო ჯგუფის მხრიდან, უმრავლესობის მხრიდან არანაირი მზაობა არ ჩანს, რომ აპირებენ იმ ტიპის ცვლილებების განხორციელებას, რითაც შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ შესრულდება ევროკავშირის მოლოდინები საქართველოსთან მიმართებით. ჯამში, რეკომენდაციების შესრულების პროცესის შეფასება გამიჭირდება, იმიტომ, რომ საერთო სურათს ვერ ვხედავთ, მაგრამ ერთ-ერთ მნიშვნელოვან და კრიტიკულ საკითხზე რაც ეხება მართლმსაჯულების რეფორმას, რომ არაფერი ჯერ არ განხორციელებულა, რაც მიგვანიშნებდა, რომ ამ რეკომენდაციების შესრულება იგეგმება, ეს უკვე ვფიქრობ რომ არის საკითხი რომელზეც საზოგადოებას უნდა ველაპარაკოთ“,- განაცხადა ლომჯარიამ.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...