რუსეთის დუმამ მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდადებულთა მობილიზება დაუშვა
რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც უშვებს მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდადებულების გაწვევას სამხედრო სამსახურში მობილიზაციის ფარგლებში.
რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება დანაშაულები, რომლებიც 5 წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დუმის დეპუტატებმა, ამ გადაწყვეტილებით, ომში წასვლის ნება დართეს ქურდობასა და ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციისთვის ნასამართლევ პირებს.
ახალმიღებული კანონით, კვლავ აკრძალულია ომში იმ პირთა გაგზავნა, რომლებიც სასჯელს იხდიან არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის ძალადობისთვის, ე.წ. ტერორისტული და ექსტრემისტული მუხლებისთვის, ასევე მძევლების აყვანის, არალეგალური შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზების ან მასში მონაწილეობის, რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო მიზნებისთვის შეიარაღებულ კონფლიქტებსა და სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობისთვის.
ამავდროულად, ომში შესაძლოა გაიწვიონ ისინი, ვინც გასამართლებულია ან დროებით მსჯავრს იხდის მობილიზაციის პერიოდში სამხედრო სამსახურზე უარისთვის. მაგალითად, დეზერტირობისა და ბრძანების შეუსრულებლობისთვის გასამართლებულები.
უფლებადამცველების მონაცემებით, მობილიზაციის დაწყებიდან სამხედრო კომისარიატებმა უკვე გამოიძახეს მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდადებულები, რითაც კანონით გათვალისწინებულ იმ აკრძალვას არღვევდნენ, რომელი ნორმაც დღეს გააუქმა სახელმწიფო დუმამ.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის იზოლატორებში მყოფ პატიმართა გადაბირებით დაკავებული იყო კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ და როგორც გამოცემა "Важные истории" წერდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროც.
მსჯავრდადებულებმა, რომლებიც სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას დათანხმდებიან, 6 თვე უნდა დაყონ ფრონტის წინა ხაზზე, დახვრეტის მუქარით მათ ეკრძალებათ უკან დახევა და ტყვედ ჩაბარება. 6 თვის შემდეგ ცოცხლად გადარჩენილებს შეწყალებას ჰპირდებიან. გამოცემის თანახმად, კერძო სამხედრო კომპანიამ ამ გზით თითქმის 6 ათასი ადამიანი გადაიბირა.
რუსეთი უკვე წლებია, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს" იყენებს მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში. "ვაგნერის" მფლობელად მიჩნეულია რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული ბიზნესმენი, პუტინის „პირად მზარეულად“ წოდებული ევგენი პრიგოჟინი. ის აშშ-ის და ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაშია.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.