გახარია წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხელმეორედ დაიბარეს
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხელმეორედ დაიბარეს.
კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, გახარიას შეტყობინება უკვე გაეგზავნა და ის 23 ივნისსაა დაბარებული.
წულუკიანის თქმით, საკითხი შეეხება ჩორჩანას საგუშაგოს და გახარიას ოპოზიციაში ყოფნის პერიოდს.
„იმედი მაქვს, რომ გიორგი გახარია დამატებით გამოკითხვაზე გამოცხადდება, იმისთვის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ჩორჩანის, წაღვლის და სხვა სოფლების თემაზე საუბარი, სადაც მან გვითხრა, რომ ტერიტორიის არცერთი სანტიმეტრი, მისი ამ გადაწყვეტილებით, რომელიც საგუშაგოს განთავსებას შეეხებოდა, ოკუპირებული არ ყოფილაო, თბილისის ცენტრალურ ხელისუფლებას არ დაუკარგავს კონტროლიო. ჩვენ მოვისმინეთ წაღვლის მცხოვრებლის განმარტება, სადაც მან თქვა, რომ მთელი ტყე დაკარგა ქვეყანამ, ოკუპანტმა სახელმწიფომ დაიკავა და რუსეთი უფრო მეტად შემოვიდა ქართულ ტერიტორიაზე, ვიდრე მანამდე ჰქონდა ოკუპირებულიო.
შეკითხვები დაისმება (და ეს შეტყობინების წერილში მას ეცნობა) 2012-2025 წლების იმ მონაკვეთთან, როდესაც ის უკვე ოპოზიციაში იყო. ეს არის მისი გადადგომიდან დღემდე პერიოდი, მათ შორის, მისი და მისი პარტიის საქმიანობა საერთაშორისო ასპარეზზე და საერთაშორისო პარტნიორებთან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა შეისწავლის „გიორგი გახარიას ქმედებას 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან“ დაკავშირებით.
გამოძიების ფარგლებში დაიბარეს ვახტანგ გომელაურიც, რომელიც 2019 წელს სუს-ის უფროსის პოზიციას იკავებდა. დღეს უწყებაში ელოდებიან ალექსანდრე ტაბატაძესა და კახა კახიშვილს.
„საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით“, – აცხადებს უწყება.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.