Jump to content
Planeta.Ge

მოგმართავთ მოქალაქებს, ბიზნესს, ცივილიზებულ სამყაროს... - მზია ამაღლობელის წერილი ციხიდან


უკანონო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი პრესის თავისუფლების დღეს მიმართვას ავრცელებს:

„გილოცავთ კოლეგებს! კოლეგებს, რომლებიც ქართულ კრიტიკულ მედიას და საზოგადოებრივ ინტერესებს წარმოადგენთ. შთამაგონებელია თქვენი სოლიდარობა და დასანანია ახლა თქვენ გვერდით რომ არ ვარ.

ახლა, როცა სრულიად დაუცველ გარემოში გიწევთ მუშაობა და თქვენს ყოველდღიურ თავგანწირვაზეა დამოკიდებული, ისმოდეს უსამართლობის და წინააღმდეგობის ხმა. ხმა, რომელსაც ძალადობით, შანტაჟით, მუქარით და ათასგვარი გამოგონილი სასჯელით ახშობს ოლიგარქის რეჟიმი.

აქ, პატიმრობისას, განსაკუთრებით გამიძლიერდა გრძნობა, რომ ჩვენი პროფესია, ჟურნალისტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გავრცელება.

ბოტების, ტროლების, პროპაგანდის და ოლიგარქების სამყაროში ჩვენ უნდა შევძლოთ გადარჩენა და იდეალებისთვის, უკეთესი ევროპული მომავლისთვის მუშაობა.

მჯერა, სანამ ჯერ კიდევ იქნებიან და გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გვეტყვიან მარტო არ ხართ, მანამდე შევძლებთ საკუთარი პროფესიის და ქვეყნის შენარჩუნების და განვითარებასაც.

ამიტომაც, მოგმართავთ მოქალაქეებს, ითანამშრომლოთ მედიასთან და ჟურნალისტებთან, ერთად ამხილოთ ყველა ის პირი, ინტერესთა ჯგუფი, ვინც ნორმად აქცია კორუფცია, უსამართლობა და ძალადობა. ვინც გვძარცვავს, გვაღარიბებს და გვღალატობს. მოვუწოდებ ქართულ ბიზნესს, რომ აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარი კრიტიკული მედიის გადარჩენაზე.

მივმართავ თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროს, ნუ მიგვატოვებთ რუსეთის და მათი ინტერესების გამტარ ავტორიტარულ რეჟიმთან პირისპირ მარტო. ნუ დაკარგავთ თავისუფლების ხმას საქართველოდან!” – ამბობს მზია ამაღლობელი.

 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...