წულუკიანის თქმით, სუს-მა შსს-ს მიერ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნა ოსებისგან შეიტყო
„ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას ედავება, რომ შს მინისტრობის დროს თვითნებურად გახსნა საგუშაგო ჩორჩანაში, რამაც ადგილზე ვითარების დაძაბვა გამოიწვია.
ქართული პოლიციის საგუშაგო სოფელ ჩორჩანასთან 2019 წლის აგვისტოში გაიხსნა, მანამდე, 5 თვის განმავლობაში, გაჰყავდათ საგუშაგომდე მიმავალი გზა, რომელიც ჩორჩანის ტყეზე გადის. იმავე კვირების განმავლობაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ძალებმა განათავსეს ბორდერიზაციის სხვადასხვა ნიშნები — მწვანე ბანერები და დროშები — იმავე ტერიტორიაზე. 2019 წლის თებერვალში დაიწყო ოსურმა მხარემ ჩორჩანის ტყეში ხეების მონიშვნა.
გიორგი გახარიამ წულუკიანის კომისიაზე თქვა, რომ ტყეში პატრულირებდა საოკუპაციო რეჟიმი, აკავებდნენ საქართველოს მოქალაქეებს და აპირებდნენ საოკუპაციო ხაზის გაფართოებას ახალგამოჩენილი, 1992 წლის ე.წ. რუკებით, რაც ჩორჩანის ტყის მასივის 1800 ჰექტრის მითვისებას გამოიწვევდა.
„დასწრების პრინციპით გავაკეთეთ ის, რაც გავაკეთეთ… გავიყვანეთ, გავწმინდეთ გზა და გავაკეთეთ საგუშაგოები. პირველი შემთხვევა იყო, რომ დავიცავით ამხელა ტერიტორიები და საოკუპაციო ხაზი გადმოწეული არ არის“, — განაცხადა გახარიამ.
თეა წულუკიანმა და კომისიის წევრებმა თქვეს, რომ საოკუპაციო ხაზის გადმოწევა მაინც მოხდა 110 ჰექტრით, ასევე ოსურმა მხარემ საპასუხოდ 5 საგუშაგო გახსნა.
ამასთან, კომისიის წევრები გახარიას ედავებიან, რომ საგუშაგოს გახსნის გადაწყვეტილება არ იყო შეთანხმებული არც პრემიერთან და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან.
„დღეს ერთი საგუშაგოს ნაცვლად მივიღეთ იქიდან 5 საგუშაგო, აქედან სამი – გარკვეულ სიმაღლეებზე. მაშინ მოჰყვა დაძაბულობა იმ დონეზე, რომ ოსებმა მზადყოფნაში მოიყვანეს საჯარისო ფორმირებები და გავიარეთ ომის ზღვარზე. ახალგორში ააგეს ახალი პოსტები“, — განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ, რომელიც 2016-2019 წლებში სუსის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა.
„კიდევ კარგი, რომ ომის დაწყებას არ მაბრალებთ. ისეთი ტემპით მიდიხართ, რომ ომის დაწყებას დამაბრალებთ“, — განაცხადა გახარიამ.
გახარიამ თქვა, რომ „ყველამ ყველაფერი იცოდა“ და გზა ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაჰყავდა.
„ე.ი. თქვენ ამბობთ, რომ მე, გიორგი გახარია, როდესაც ვიყავი შს მინისტრი, ჩემით ფეხებზე ვიკიდებდი ქვეყნის პრემიერს, ყველას“, — განაცხადა გახარიამ.
„და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც… ამას გეუბნებით ზუსტად“, — უპასუხა წულუკიანმა.
თეა წულუკიანმა ხაზი გაუსვა პროცედურას, რომლის მიხედვითაც ახალი საგუშაგოს გახსნის შესახებ სუსს ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა მხარეებისთვის, თუმცა ეს პროცედურა დაცული არ ყოფილა, რადგან გახარიას საქმის კურსში არ ჩაუყენებია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
„და რუსები გაბრაზდნენ… და უკაცრავად, ოკუპანტებისთვის ბოდიშის მოხდა რომ გადავწყვიტეთ, ეს იყო შეთანხმებული ვინმესთან, მეილი არსებობს? “ — იკითხა გახარიამ.
გახარიამ დაადასტურა, რომ სუსს ჰქონდა განსხვავებული აზრი, რადგან მისი პრეროგატივაა „ვინმე არ გავაბრაზოთ“, თუმცა საბოლოოდ შსს-ს პოზიცია უფრო წონადი აღმოჩნდა. შედეგად, გახარიას თქმით, საოკუპაციო ხაზის არგადმოწევის მიზანი მიღწეული იქნა.
თეა წულუკიანი: „საგუშაგოებიც არის და ხაზიც არის შეცვლილი კილომეტრ-ნახევრით, იმის პასუხად, რაც თქვენ სიურპრიზად გააკეთეთ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეს შეიტყო ოსებისგან ცხელი ხაზით… თქვენ რომ ყველას სიურპრიზად [გააკეთეთ ეს], საკუთარი ქვეყნის სუს-ის სიურპრიზად, რომელსაც ოსებმა შეატყობინეს“, — განაცხადა წულუკიანმა.
გიორგი გახარია: „მაგარი სუსი გვყოლია, ოსებმა თუ შეატყობინეს. გაქანებული მუშაობა მიდიოდა…. ოთხი სამინისტრო მუშაობდა იქ“.
წულუკიანის ცნობით, პოლიციის საგუშაგო ჩორჩანასთან დღესაც შენარჩუნებულია, თუმცა მისი გახსნის „დაუფიქრებელმა ნაბიჯმა“ ქართული მხარისთვის საფრთხეები გაზარდა.
ნეტგაზეტი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.