Jump to content
Planeta.Ge

ეუთო/ოდირი: კანონის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადატანა უნდა მოხდეს სიფრთხილით


ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) „ქართული ოცნების” მიერ „FARA-ს ქართული თარგმანის” მიღებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს კანონი ზრდის შეშფოთებას იმ ნეგატიური გავლენის შესახებ, რაც მას სამოქალაქო საზოგადოებაზე ექნება.

„ეს კანონი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებადამცველების საქმიანობაზე. სამოქალაქო საზოგადოება ყველა დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ნებისმიერი ახალი რეგულაცია შეზღუდვის დაწესების ნაცვლად, მათი მნიშვნელოვანი საქმიანობის გაძლიერებას უნდა უწყობდეს ხელს, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად”, – განაცხადა ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანმა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ოცნების” ახალი კანონი მიზნად ისახავს რუსული კანონის ჩანაცვლებას, თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ ეს კანონიც, სხვა ახლად მიღებულ ინიციატივებთან ერთად, შეზღუდავს სამოქალაქო და ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების საქმიანობას, რადგან მათ წაართმევს იმ გარანტიებს, რაც საქმიანობის გასაგრძელებლად ესაჭიროებათ.

განცხადებაში ოდირი იხმობს შარშან FARA-ს ამერიკული ვერსიის შესახებ გაკეთებულ ანალიზს და იმეორებს, რომ ამერიკულ FARA-ს გააჩნია სამართლებრივი მექანიზმები, რაც იცავს სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომ უცხოური გავლენის იარლიყი მხოლოდ უცხოური დაფინანსების მიღების გამო არ ატარონ.

„ამის ნაცვლად, აშშ-ის კანონმდებლობა უზრუნველყოფს, რომ დარეგისტრირდნენ ის კერძო კომპანიები ან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხო ქვეყნის სახელით ლობისტურ ან ადვოკატირების საქმიანობას ეწევიან და ეს ინფორმაცია საჯაროდ იყოს ხელმისაწვდომი. კანონმდებლობის ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში გადატანა ყოველთვის სიფრთხილით უნდა მოხდეს და ის უნდა განიხილებოდეს უფრო ფართო ეროვნულ ინსტიტუციურ და სამართლებრივ კონტექსტში”.

ODIHR მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ გადახედოს ამ საკანონმდებლო ინიციატივის აღსრულებას და ხაზს უსვამს, რომ საჭიროა კანონმდებლობის საფუძვლიანი და ხელახალი შეფასება.

 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...