ბექა ლილუაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებზე - გამოვიდნენ ადამიანები და დაიწყეს საუბარი, რომ თურმე არ იციან ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, რა როლი აქვს ახლა და საერთოდ უკუაგდეს კოორდინაციის იდეა
თვითმმართველობის არჩევნების საკითხი სპეციალურადაა ორიენტირებული, შემოგდებული და პროვოცირებული „ქართული ოცნების“ მხრიდან - ეს არ არის საკითხი, რომელიც პოლიტპატიმრების გამოშვება/არ გამოშვებასთან პირდაპირ რაიმე ფორმით არის დაკავშირებული, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ბექა ლილუაშვილის თქმით, დღის წესრიგში არსებული ამოცანების გადაჭრისთვის თვითმმართველობის არჩევნებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
„არ შეიძლება უპასუხისმგებლოდ, არარეალისტური აღქმები და მოლოდინები შეუქმნა საზოგადოებას მათ შორის განსაკუთრებით იმ მოწყვლად ადამიანებს, რომელთა ოჯახის წევრებიც რეჟიმის ტყვეებს წარმოადგენენ. ასე ხდებოდა არტიკულაცია, რომ პოლიტპატიმრების დახსნის გასაღები გადის რაიმე ერთ კონკრეტულ მოვლენაზე, იქნება ეს თვითმმართველობის არჩევნები თუ სხვა, ეს არის სწორედ ის, რასაც ჩვენ ვარქმევთ გადაჭარბებულ მოლოდინებს. ეს არ არის საკითხი, რომელიც ამ ადამიანების გამოშვება/არ გამოშვებასთან პირდაპირ რაიმე ფორმით არის დაკავშირებული. ამას რომ სთავაზობენ საზოგადოებას, ასე რომ წარმოაჩენენ საქმეს ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები, ეს უპასუხისმგებლობაა.
როდესაც შენ ან ერთ, ან მეორე პოზიციას აფიქსირებ და დისკუსიაში შედიხარ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ამ ადამიანებს[პოლიტპატიმრებს] დეკლარირებულად ეუბნები, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში არაფერი არ შეიცვლება. გადაწყვეტილება ერთი იქნება თუ მეორე, „ქართული ოცნება“ ამ საკითხს გამოიყენებს მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტული ამოცანებისთვის. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს დღეს იმ ამოცანების გადაჭრისთვის, რაც დღის წესრიგში დგას იმიტომ, რომ ეს საკითხი არის თავიდან ბოლომდე, ფუნდამენტურად პროვოცირებული „ქართული ოცნების“ მხრიდან, რათა ადამიანებს, მათ შორის მათ, ვინც რუსთაველის გამზირზე დგანან, გაუჩინოს განცდა, რომ ოპოზიციის მოლოდინია, რომ არაფერი შეიცვლება მინიმუმ თვითმმართველობის არჩევნებამდე“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ბექა ლილუაშვილმა გადაცემაში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ ოპოზიციის კოორდინაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ მაშინ, როცა ამის რეალური შესაძლებლობა გაჩნდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „საერთოდ უკუაგდო კოორდინაციის იდეა“. ბექა ლილუაშვილის განცხადებით, მათი მიზანია, რომ საზოგადოებას „თავგზა აურიონ“.
„ჩვენ ნებისმიერ იმ საკითხთან მიმართებაში, რომელიც ეხება გაყალბებულ არჩევნებს და ქვეყნის ევროპულ მომავალს, მზად ვართ კოორდინაციაში შევიდეთ ყველასთან. ამ კოორდინაციაში ვართ სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ეს არის საკმაოდ არაორგანიზებული. როგორც კი სალომე ზურაბიშვილმა ამის ინსტიტუციონალიზაციის პრაგმატული შესაძლებლობა, [გააჩინა], გამოვიდნენ ადამიანები და დაიწყეს საუბარი, რომ თურმე არ იციან ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, რა როლი აქვს ახლა და საერთოდ უკუაგდეს კოორდინაციის იდეა. სიმართლე ის არის, რომ ამ ადამიანების მოტივი და მიზანი ის არის, რომ საზოგადოებას თავგზა აურიონ, არანაირი გეგმა არ შესთავაზონ, ისაუბრონ ერთობაზე და ბრალი დასდონ ვიღაცას, რომ შედეგს ვერ დებენ და პასუხისმგებლობა აკიდონ. უნდათ, რომ იძახონ, აი, სხვამ ვერ მოახერხა ჩვენთან გაერთიანება. როცა რეალურად კოორდინაციის შესაძლებლობა შეიქმნა თვითონ გამოვიდნენ და „ააფეთქეს“ ეს შესაძლებლობა. როდესაც ვამბობთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა" და ჩვენ შორის ვერასდროს ვერ იქნება ერთობა, ვერც წარსულში და ვერც ახლა იმიტომ, რომ უბრალოდ ვერ შევუთავსებთ ერთმანეთს ვერც აზროვნებას და ვერც ფასეულობებს, მაგრამ კოორდინაციასაც კი თვითონ „აფეთქებენ“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.