უნგრეთის პრემიერი - ჩვენ გვინდა აზერბაიჯანიდან მივიღოთ ელექტროენერგია საქართველოს და რუმინეთის გავლით - თუ ეს ელექტროენერგია პირდაპირ მოგვეწოდება მომავალში, მაშინ აღარ მოგვიწევს ბუნებრივი აირის შეძენა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, საქართველოსა და უნგრეთს შორის ენერგეტიკულ საკითხზე თანამშრომლობა იგეგმება.
როგორც ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შესაძლოა, უნგრეთმა საქართველოს და რუმინეთის გავლით აზერბაიჯანიდან ელექტროენერგია მიიღოს. ამასთან, მისივე თქმით, იგეგმება თანამშრომლობა სხვა მიმართულებებითაც.
„უნგრეთში არსებობს ძალიან ძლიერი გრძნობები საქართველოს მიმართ, შეიძლება ითქვას მიკერძოებაც. ეს იმას ნიშნავს, რომ შესანიშნავი საწყისი პლატფორმა გვაქვს მოლაპარაკებებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნები გეოგრაფიულად დაშორებულნი არიან, სხვაობები ბევრია, მაგრამ მსგავსებაც ბევრია და ჩვენთვის არ არის რთული იმ ძირითადი საკვანძო ხაზის გაგება, რომელიც საქართველოს, ქართველ ერს გააჩნია. არ არის იმის გაცნობიერება რთული, რა ამოძრავებს საქართველოს. ჩვენს ორივე ერს გააჩნია მდიდარი ისტორია, მდიდარი კულტურული ტრადიციებიც, ჩვენ უნიკალური ენები გვაქვს. ეს კულტურა და ეს ენა უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ერების და მათი ისტორიის სასიკეთოდ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს მდიდარი მემკვიდრეობა გადაეცეს მომავალ თაობებს და ჩვენი არსებობის მისია შედგეს. რაც შეეხება პოლიტიკას, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის დღიდან“, - განაცხადა ორბანმა.
ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მეთაურთან შეთანხმდა, რომ მომდევნო წელს საქართველოში მთავრობათაშორისი შეხვედრა გაიმართება.
„რადგან არანორმალურ დროში გვიწევს არსებობა, უპრეცედენტო კრიზისის წინაშე აღმოვჩნდით - ეს არის ფასების კრიზისი, ენერგეტიკული მატარებლების კრიზისი და ვატარებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები და ძალიან ახლოს ვართ გეოპოლიტიკურ საკითხებზე, მშვიდობისა და ომის საკითხებზე. ასევე შევეხეთ შეხვედრებზე ენერგეტიკულ საკითხს.
მინდა ვაცნობო უნგრეთის საზოგადოებას, რომ მსხვილი ენერგეტიკული ინიციატივები მუშავდება და ეს ჩვენთვის საინტერესოა.
ჩვენ გვინდა ელექტროენერგიის გადამცემი ახალი, დიდი ხაზები გვქონდეს და აზერბაიჯანიდან მივიღოთ ელექტროენერგია საქართველოს და რუმინეთის გავლით. ამ ინიციატივით ჩვენ დავზოგავთ ძალიან ბევრ ბუნებრივ აირს, რომელსაც ჩვენ ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის ვიყენებთ. თუ ეს ელექტროენერგია პირდაპირ მოგვეწოდება მომავალში, მაშინ აღარ მოგვიწევს ბუნებრივი აირის შეძენა. ძალიან გამიხარდა, რომ ბატონი პრემიერ-მინისტრი ემხრობა ამ ინიციატივას. ეს საკითხი უნგრეთისთვის პრინციპული მნიშვნელობისაა. ჩვენ გვინდა, რომ ენერგეტიკული კრიზისი, მაღალი ფასებით გამოწვეული კრიზისი დავძლიოთ. ძალიან ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს ევროკავშირის გარედან ენერგორესურსების მიღების კუთხით. ჩვენ გვინდა, რომ შედეგი იქონიოს ამან არა მარტო მოკლევადიან, არამედ, გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ ძალიან დიდ იმპორტს ვახორციელებთ ძალიან დიდი მასშტაბით შორეული ქვეყნებიდან. საქართველოს მთავრობის მეთაურს და მე, მომდევნო წელს გვექნება მთავრობათაშორისი შეხვედრა საქართველოში. მას წინ გაუძღვება შეხვედრა სხვადასხვა დარგობრივ სამინისტროების პირველ პირებს შორის. ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი სტიმული ეკონომიკური თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ორბანმა.
ამასთან, პრესკონფერენციაზე ვიქტორ ორბანმა მოკლედ ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომზე და აღნიშნა, რომ დიდი სურვილი აქვს, ომი მალე დასრულდეს და საქართველოს მოსაზრებაც იგივეა.
ინტერპრესნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.