სილა პატრიარქატს, სილა თვითმარქვია პოლიციას, სილა ავტორიტარიზმს! - სარვამარტო მანიფესტი
„ქალები რეჟიმის წინააღმდეგ” – დღეს, 8 მარტს რუსთაველის გამზირზე ქალთა მარში გაიმართა, შემდეგ კი შეკრების ორგანიზატორებმა სარვამარტო მანიფესტი წაიკითხეს:
„101 წლის წინ აგვისტოს ჯანყი ქართველი დიქტატორის რუსულმა ჩექმამ პირველი ქართველი პარლამენტარი ქალების რეპრესიებით ჩაახშო. 101 წლის შემდეგ ქართველი ოლიგარქის რუსულმა ჩექმამ, ჩვენი თავისუფლების ფეხქვეშ გასათელად, მიზანში სწორედ ჩვენ ამოგვიღო – ჩვენ, ვინც გაგვზარდეს ქალად, რადგან ამ 101 უწყვეტი პროტესტის დღის მამოძრავებელ ძალად ამორძალები დღესაც აქ ვდგავართ, სადაც არცერთი დიქტატურა ისტორიულად არ გვპატიობდა იმას, რაც მათ უპირატესობას, მათ კანონზე უზენაესობას, მათ ძალაუფლებას და შესაბამისად, ძალადობას მედგრად, უშიშრად, ედგა ფარად – დაუმორჩილებლობას.
101 წლის მანძილზე, თქვენი სიბნელე, მრავალი დახშული კარი, დაგმანული ფანჯარა და რკინის გისოსები გავარღვიეთ. 101 წლის თავზე რისხვის ამ ასმეერთე დღეს, ჩვენ სინათლისთვის და ჩვენი ხმისთვის ვიბრძვით ისევ და ისე, როგორც არასდროს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი კანონები რუსული დუმის მსგავსად ქალებისგან დუმილს მოითხოვს, ჩვენ არ ვჩუმდებით. არ გაღირსებთ მდუმარე, დანებებულ, მორჩილ ქალებს. რა გაგვაჩუმებს? ჩუმად ხართ თქვენ.
თქვენი სისხლიანი სიჩუმე გვკლავს. გვკლავს ქალობისთვის, დედობისთვის, გვიკლავს დედებს, ტრანს ქალებს, გოგოებს! თქვენ ჩვენს გასაჩუმებელ კანონებს წერთ, იღებთ, მაგრამ ვერ გვიკანონებთ. ჩვენ, ქალები ვიბრძვით. ვიბრძვით ძალადობის და ჩვენი გამოცხადებული სიკვდილის პრევენციისთვის. თქვენ აუქმებთ კვოტებს, ებრძვით სიტყვებს, ებრძვით გენდერს, ებრძვით თანასწორობას, ებრძვით კონსტიტუციას, გვებრძვით ჩვენ! ჩვენ კიდევ უფრო მეტი თავგანწირვით ვიბრძვით ლეკვის ლომისა სწორობისთვის.
ჩვენ უარს ვამბობთ. არ გვინდა! თქვენი ყვავილები, ფასდაკლებები, ვეფხისტყაოსნის სუფრებზე ასობით მოკლული ქალის სისხლით სავსე ყანწების ფრიალი, ჩვენ ათას ას ოთხმოც წელს შექმნილი ვეფხისტყაოსნის იდეალებისთვის ვიბრძვით დღეს – ჩვენთვის, აბსოლიტურად ყველა ქალის, ქალად აღზრდილის და ტრანსი ქალისთვის. თქვენ ეალერსეთ რუსეთს და ძილს, ჩვენ ამ თორმეტწლიანი კოშმარიდან გაღვიძება, ყველგან ხმა, ყველგან ძახილი გვევალება.
არ გავჩუმდებით! რა გაგვაჩუმებს?! ჩუმად ხართ თქვენ, როცა თქვენი მოძალადე პოლიციელები აქციაზე ჩვენს თანამებრძოლ ქალებს, შინ დაბრუნებული საკუთარ ცოლებს სცემენ.
არ გავჩუმდებით. რა გაგვაჩუმებს? როცა ფორმიანი ბანდიტები კბილებს და ცხვირს და ძვლებს გვიმტვრევენ. არ გავჩუმდებით, რა გაგვაჩუმებს, როგორ გაგატანთ შვილებს ციხეში, როცა თქვენი ხელდასმული „დგებუაძეები”, „ხარებები” ყოველდღე აწნავენ სილას ამ ქვეყნის წარსულს, მომავალს, ენას, მამულს. რა გაგვაჩუმებს? სანამ, თუნდაც ერთი ქალი გისოსებს მიღმა იმისთვის ჩასვით, რაც თქვენმა რეჟიმის მონებმა ვერასოდეს ვერ გაბედეს. სიმამაცისთვის? თანასწორობის და სამართლისთვის? არ დაგიხრით ქალები თავს! სილა პატრიარქატს, სილა თვითმარქვია პოლიციას, სილა ავტორიტარიზმს!
ჩვენ უარს ვაცხადებთ, პატივი მხოლოდ სიკვდილის ან 101 წლის შემდეგ, სამუდამოდ გაჩუმებულებს გვცეთ. არ გელოდებით. ჩვენ მოვითხოვთ პასუხს, პასუხისმგებლობას, თანასწორობას, ქალთა კვლის, წამების შეწყვეტას დღეს. თქვენ გეამაყებათ და გიყვართ ქეთევანი წამებული, შუშანიკი წამებული, მარიტა წამებული. არ გეღირსებათ მზია წამებული!
ჩვენ ამ ქვეყანას, საბერძნეთიდან, გერმანიიდან, ამერიკიდან, ვაშენებდით გუშინ, ვაშენებთ დღეს და ავაშენებთ ხვალ, ჩვენი შვილებისთვის, მოხუცებისთვის, ორსულებისთვის ვტოვებთ სახლს, თქვენ ჯანდაცვის, საარსებო მინიმუმის გარეშე ტოვებთ მათ, შიმშილის, და მარტოობისთვის წირავთ. ჩვენ ვზრუნავთ, თქვენ მოხუცებს თოვლში მარხავთ, თქვენ არ იცით რა შრომის ფასად მოპოვებულ ფინანსებს ვგზავნით შინ თქვენს ნაცვლად, თქვენს გარეშე მაგრამ არა მხოლოდ ჩვენი, თქვენი შვილებისთვისაც: ვითხოვთ ახალ არჩევნებს, თანასწორობას, სიმართლეს სასამართლოში.
შხამად შეგარგებთ ამ 101 დღეს, როცა დედები დღე სამსახურში და ღამე ქუჩაში ვიბრძვით. შინ ვტოვებთ საქმეს, შვილებს და ვახშმს, თქვენ სოციალურად დაუცველ ბავშვებს ჯერ ართმევთ დენს, მერე დამწვარ სახლებს მათვე კიდებთ ცოდვად. რისთვის? ჩვენ შვილებს ვზრდით სიმწრით, თქვენ სწავლის ნაცვლად, აკავებთ ციხით. რისთვის? ჩვენ სიმართლისთვის ბრძოლისთვის ვკარგავთ სამსახურს, ისევ ქუჩაში გავდივართ და ბოლო ხმაზე სიმწრით ვყვირით, თქვენ ამ ქვეყანას, ტყეებს, პარკებს და სინდისს ყიდით, მერე მდიდარი კაცები მშენებარე კომპლექსებში, პარკებში ორმოებს გვითხრის და თქვენი გულგრილობა უცოდველ ბავშვებს თამაშის და სწავლის ნაცვლად, რას სთავაზობს? სიკვდილს?! რისთვის?? არ გაღირსებთ ქალები მშვიდ ბათუმს, ქუთაისს, თბილისს, ვერ გაგვექცევით ქალებს, ვერ გაექცევით სირცხვილს!
ამ ბრძოლას ქალის სახე და ცეცხლის ფასი აქვს. ამიტომაც მოგართმევთ ნავთს, ცეცხლს, კოცონს, ჭიაკოკონას, სილას და რისხვას! არ გავჩუმდებით, რა გაგვაჩუმებს? სანამ ქალთა კვლაზე, ჩაგვრაზე, დამონებაზე ჩუმად ხართ თქვენ, არ გაღირსებთ ქალები ჩუმ მშვიდობას!”, – ნათქვამია მანიფესტში.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.