სანდრო ქინქლაძე: დავტოვე ქვეყანა ჩემი და ჩემი მეუღლის უსაფრთხოების გამო
აქტივისტი სანდრო ქინქლაძე ამბობს, რომ ცოლთან ერთად ქვეყანა დატოვა. მისი თქმით, პატიმრობის შემდეგ ხელისუფლებამ დაიწყო მისი და მისი ოჯახის წევრების თვალთვალი. ქინქლაძე ამბობს, რომ გაუგზავნეს დედამისის ფოტო, თუ როგორ მიდიოდა სამსახურში, ყველგან დაჰყვებოდნენ მის ცოლს, ხოლო ბოლოს ორი დაბურულშუშიანი „შკოდა“ დახვდა და „იარაღის დამიზნებით გააცილეს“ უბნიდან.
ქინქლაძე 2024 წლის 8 დეკემბერს დააკავეს, სასამართლომ მას 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით მან სოციალურ ქსელში ფოტო და ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა:
„სამოქალაქო აქტივისტი ვარ 2017 წლიდან, რაც ბავშვთა სამყარო დაიწვა და ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და მეორედ, როცა 2023 წლის 7 მარტს რუსული კანონის წინააღმდეგ დავდექი რუსთაველის გამზირზე. 17 წლის ასაკში გავაანალიზე, რომ რუსეთისკენ იმაზე ჩქარა მივექანებით, ვიდრე ამას წარმოვიდგენდი. იმ დღის მერე არ გავჩერებულვარ, არ დამისვენია, ყოველდღე ჩემს მაქსიმუმს ვდებდი ცვლილებებისთვის, სიცივეში, სიცხეში, რუსთაველის გამზირზე ვიდექი, ღამე ქუჩაში ვხატავდი საპროტესტო წარწერებს, სოციალურ ქსელებში ვეძებდი და ვავრცელებდი ინფორმაციებს, ვიბრძოდი რეჟიმის ყველა უსამართლო გადაწყვეტილების თუ ქმედების წინააღმდეგ. გავიცანი ძალიან ბევრი კარგი ადამიანი და მათთან ერთად ყოველდღიურად ვცდილობდი ცვლილებების დაწყებას ამ ქვეყანაში. შემდეგ გავიცანი ჩემი აწ უკვე მეუღლე ელენე ხუბულავა და მასთან ერთად გავაგრძელე ეს ბრძოლა. მოგვიანებით მისი სახლიდან გამიტაცეს, დამატყვევეს, ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად გამისწორდნენ, მომისაჯეს პატიმრობა. გამოვედი და გამოვიყოლე არაერთი ფსიქოლოგიური პრობლემა და ტრავმა, თუმცა არ გავჩერებულვარ: დღე რესტორანში ვმუშაობდი, ღამე კი რუსთაველზე ვიდექი. ამ ყველაფრის მერე დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ჯოჯოხეთი, ჯერ უიმედობამ შემიპყრო, მერე ხელისუფლებამ დაიწყო ჩემი და ჩემი ოჯახის თვალთვალი, ჯერ ელენეს დაჰყვებოდნენ ყველგან სადაც კი წავიდოდა, მერე დედამისის თვალთვალიც დაიწყეს და საბოლოდ დედაჩემის ფოტო გამომიგზავნეს, თუ როგორ მიდის სამსახურში. შემდეგ მე დამხვდა ორი ჩაბურული შკოდა და იარაღის დამიზნებით გამაცილეს უბნიდან. კიდევ ბევრი რამ, თუმცა მოკლედ რომ ვთქვა, დიდი ზეწოლა და სტრესი გამომატარეს პატიმრობის მერე. საბოლოდ გადავწყვიტე, რომ დავტოვო ქვეყანა და ჩემს მეუღლესთან ერთად აქ მაინც შევძლო მშვიდ და სამართლიან გარემოში ცხოვრება, სადაც არ მექნება იმის შიში, რომ სადმე მომკლავენ ან დამიჭერენ. იმედი მაქვს, მალე დასრულდება ეს ჯოჯოხეთი, თუმცა ამჯერად ამ ბრძოლაში მე ვეღარ ვიქნები ჩემი მეგობრების, ახლობლების გვერდით და ვერ დავტკბები სცენით, სადაც ყველა ერთმანეთს ეხუტება და ამდენი წიწაკის და გაზის ცრემლების მერე, სიხარულის ცრემლებს ვერ ვნახავ, ვერ ვნახავ დედაჩემს, რომელიც მეტყვის – აწი მაინც ხო დაეტევი სახლში და მეისვენებ. ბოდიში, რომ ამ ბრძოლაში დაგტოვეთ, იმედია, გამიგებთ“, – წერს ქინქლაძე.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.