მაღაროელები: მოგიწოდებთ, ქუდზე - კაცი. შესაბამისი პასუხი გავცეთ ამ უსინდისო განცხადებას
მაღაროელები აცხადებენ, რომ „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ განცხადების შემდეგ მაღაროსთან მორიგეობა უნდა დაიწყონ სამეთვალყურეოდ, რომ კომპანიამ ტექნიკა-დანადგარები არ წაიღოს.
კომპანიამ დღეს გავრცელებულ განცხადებაში დაწერა, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ გაგრძელდება, რადგან ის წამგებიანია.
ამ განცხადების გავრცელების შემდეგ მაღაროელებმა საპასუხო განცხადება გაავრცელეს.
მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ თქვა, რომ „აუცილებლად ჩაყვებიან ბოლომდე და არ აპატიებენ იმას, რა ზარალიც მიადგა მაღაროელებს და ჭიათურას არასწორი ტაქტიკითა და დაგეგმარებით.
მისი თქმით, ამ განცხადებას განსაკუთრებული პასუხი სჭირდება და ხვალიდან უფრო მეტი ხალხის მობილიზებაა საჭირო.
„ზემოაღნიშნული კომპანია ეცდება, რომ იმ ობიექტებიდან, სადაც ის ოპერირებს, გაიტანოს ტექნიკა და დაცალოს ყველაფერი, რაც ხელთ მოჰყვება. ის ქონება, რაც ჩვენი ხელით და შრომითაა შეძენილი, აუცილებლად დარჩება ჭიათურას და ჭიათურლებს. აუცილებლად დაგვრჩება მაღაროელებს და თუ ვიღაც CMC ჯგუფისთვის მაღარო წამგებიანია, დავამტკიცებთ, რომ ესაა მომგებიანი.
ეს ყველაფერი რომ შევძლოთ, ამას სჭირდება ბრძოლა. ერთი წურბელა კომპანიის წასვლა არ ნიშნავს გამარჯვებას. ყველა უნდა გამოვცხადდეთ ხვალიდან, უნდა გავმართოთ მორიგეობა ყველა ობიექტზე. ერთი დეტალი, არც რკინა, არც ტექნიკა არ უნდა იყოს ობიექტიდან გამოსული. უნდა გავუფრთხილდეთ მაღაროებს, არ უნდა დავაზიანოთ, არ უნდა გავძარცვოთ. ხვალ-ზეგ რომ გავიმარჯვებთ, მაღაროებმა უნდა გადაარჩინოს ჭიათურა.
მოგიწოდებთ, ქუდზე კაცი. შესაბამისი პასუხი გავცეთ ამ უსინდისო განცხადებას, ამ უსინდისო კომპანიას, რომელმაც 2 წელი გვწოვა სისხლი, წაიღო, რაც შეიძლებოდა მეტი ფინანსები და კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა. გელოდებით ყველას ხვალ დილიდან.
თითქოს საუბარია კომპენსაციაზე – ამ ადამიანს 1500 ლარზე მეტი შეაქვს, სამჯერ გაძვირებული საბანკო პრობლემის გამო. რომელი კომპენსაცია აუვა ამას? მსგავსი დაზარალებული ათასობითაა ჭიათურაში და არ. გაბედოს რამე კომპანიამ მოითხოვოს ჩვენგან. აქეთ ვართ დაზარალებული ამ კომპანიის მიერ“, – განაცხადა მიქაცაძემ.
„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ განცხადების გავრცელებამდე მაღაროელებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ისაუბრეს იმაზე, თუ რას ითხოვენ და როგორ მართავდა „ჯორჯიან მანგანეზი“ მაღაროებს.
„მაღაროელების და მთლიანად ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა, რომ ჭიათურა დატოვოს GM-მა და საწარმო დაბრუნდეს სახელმწიფო საკუთრებაში, ემყარება ჩვენს რწმენას და არგუმენტაციას, რომ ისეთი სტრატეგიული, ეროვნული მნიშვნელობის წიაღისეული, როგორიც მანგანუმია, უნდა მოიპოვებოდეს და იმართებოდეს არა კერძო, არამედ სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად.
მანგარუმის საბადო სასიცოცხლო როლს ასრულებს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე:
1. ფეროშენადნობი, რომელიც ჩვენი მოპოვებული მანგანუმისგან მზადდება, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ადგილობრივი საექსპორტო საქონელია. ადგილობრივი საექსპორტო საქონელი იმას ნიშნავს, რომ ის იწარმოება ქვეყნის შიგნით და იყიდება ქვეყნის გარეთ. 2015-2024 წლებში, ფეროშენადნობი საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის პირველ სამეულში იყო და მისი გაყიდვით მიღებული შემოსავლი 3 მილიარდ დოლარზე მეტია.
2. 2024 წელს ფეროშენადნობი საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის სათავეში მოექცა. ამ წელს საქართველოდან ექსპორტზე თითქმის მილიარდი ლარის (322 მლნ აშშ დოლარის) ფეროშენადნობი გავიდა. ფეროშენადნობს მეორე ადგილზე მოსდევს ქართული ღვინო. სურათი რომ უფრო ნათელი იყოს: მთელი საქართველოს მიწაზე მოყვანილი და დიდ თუ საშუალო ზომის ქარხნებსა და პატარა საოჯახო მეურნეობებში დაწურული ღვინის მთლიანი ექსპორტი 50 მილიონი დოლარით ჩამორჩება მხოლოდ ფეროშენადნობის ექსპორტს; მანგანუმისგან კი საქართველოში სხვა საექსპროტო პროდუქტებიც მზადდება.
3. მანგანუმის საბადოს ფუნციონირებას კიდევ უფრო არსებითი გავლენა აქვს ადგილობრივ დონეზე და თითოეული ჭიათურელის ცხოვრებაზე. ჭიათურა მონო-ინდუსტრიული ქალაქია და მოპოვებაზე და მასთან დაკავშირებულ პროცესებზე 3500 ადამიანია დასაქმებული. ამ ადამიანების მუშაობაზეა დამოკიდებული არა მხოლოდ მათი ოჯახების, არამედ მთელი მუნიციპალიტეტის ეკონომიკური ცხოვრება. როცა მაღაროელი ვერ იღებს ხელფასს, მუშაობა უფერხდება ადგილობრივი ვაჭრობისა და მომსახურების ობიექტებს, იქ დასაქმებულ ადამიანებს, ჩერდება ეკონომიკური გაცვლა და, არა მხოლოდ მაღაროელები, არამედ მოსახლეობის უმრავლესობა ვერ ახერხებს კომუნალური გადასახადების გადახდასაც კი.
4. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ფეროშენადნობების მსოფლიო ბაზარზე უარყოფითი გავლენა მოახდინა სხვადასხვა ფაქტორმა, მათ შორის პანდემიამ, გეოპოლიტიკურმა რისკებმა, ომებმა, და წარმოების შეფერხებებმა. 2025 წლიდან, ყველა არსებული ანგარიშგასაწევი ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია მსოფლიოში როგორც ფეროსილიკონზე მოთხოვნის, ისევე ფასის ზრდა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც თურქეთში მშენებლობის ბუმით, ასევე აშშ-სა და ევროპაში ფოლადის წარმოების ზრდით (როგორც ცნობილია, GM პროდუქციას ყიდის როგორც აშშ-სა და ევროპაში, ისე თურქეთში). გარდა ამისა, ბოლოდროინდელი ტენდენციებით, ელექტრომობილების მწარმოებლები უფრო და უფრო ხშირად ირჩევენ მანგანუმზე დამზადებულ ბატარეებს მათი ხარჯეფექტურობის გამო, რაც მოთხოვნას კიდევ უფრო ზრდის. სწორედ ამიტომ, არსებობს ყველანაირი საფუძველი იმის სათქმელად, რომ მანგანუმის მნიშვნელობა მსოფლიოში არათუ დაკნინდება, არამედ მომდევნო წლების განმავლობაში საგრძნობლად მოიმატებს.
კომპანია GM-ის შესახებ და იმაზე თუ როგორ მართავს, რა პირობებში ამუშავებს დასაქმებულებს, როგორ ახორციელებს მოპოვებით სამუშაოებს, როგორ ექცევა გარემოს და როგორი დამოკიდებულება აქვს მოპოვებითი სამუშაოებით დაზარალებულებთან, ბევრი თქმულა და დაწერილა და აქ მხოლოდ მოკლედ ვიტყვით:
1. კომპანია GM-ში არსებულ შრომის პირობებზე ყველაზე უკეთ მეტყველებს მაღაროელების გაფიცვების სიხშირე, რომლის დროსაც მაღაროელებს, ჯანმრთელობის დაზიანების ფასად, უწევთ გამოიბრძოლონ ის ხელფასი, რომლითაც სესხის გადახდას და ოჯახების რჩენას ძლივს ახერხებენ. მხოლოდ ბოლო რვა წლის მანძილზე, ჭიათურა ხუთჯერ გაიფიცა – 2018 წლის ივნისში, 2019 წლის მაისში, 2021 წლის აპრილში, 2023 წლის ივნისში და 2023 წლის დეკემბერში – და ეს ჩამონათვალი არ მოიცავს შრომითი პროტესტის სხვა ფორმებსა და წინასაგაფიცვო პროცესებს, როდესაც არ მოხერხდა პროტესტის გაფიცვაში გადაზრდა.
2. კომპანია GM, თვითნებურად, საკუთარი ნება-სურვილის საფუძველზე, იმის მიხედვით, თუ როგორ იქნება სარფიანი მისი ვიწროკომერციული ინტერესებისთვის, იღებს გადაწყვეტილებებს მოპოვებითი სამუშაოების შეჩერების და განახლების შესახებ და მთელ ჭიათურას უბრალოდ ფაქტის წინაშე აყენებს. ჩვენთვის ნათელია, რომ ასეთი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დასაქმებულების და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები არ მონაწილეობს. ამასთან ერთად, კომპანია სამუშაობის ხშირი შეჩერებით, მაღალი ალბათობით, არღვევს სახელმწიფოს მიერ მისთვის გაცემულ ლიცენზიასაც, რომლის მიხედვით კომპანიამ წელიწადში მინიმუმ 400 ათასი ტონა მანგანუმი უნდა ამოიღოს, ხოლო მინიმუმ 200 ათასი ტონა მანგანუმის კონცენტრატი საქართველოს ტერიტორიაზე დაამუშაოს.
3. კომპანია GM-საქმიანობის შედეგად, 2017 წლის მონაცემებით, წყალსა და ჰაერზე მიყენებულმა ზიანმა 416 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო მხოლოდ 2016 წელს სამთო-მოპოვებითი საქმიანობის შედეგად 87 ათასი ლარის ოდენობის ხე-ტყე განადგურდა. ჭიათურაში ყველამ იცის, რომ ეს მონაცემები ზღვაში წვეთია იმ ზიანთან შედარებით, რომელიც კომპანიის უკანონო საქმიანობით მდინარე ყვირილას, ჩვენს მიწას, ნიადაგს და მთლიან გარემოს ადგება და შემდეგ, გარემოს დაბინძურების გავლით, ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას აავადებს. იმის მიუხედავად, რომ ჭიათურელებს გვაქვს უფლება, გვქონდეს სრული და ობიექტური ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ, ჩვენ არ ვიცით, რას ვსუნთქვათ, რას ვსვამთ და რა მიწაზე მოგვყავს საკვები. მეტიც, იმის გამო, რომ მოპოვება ღია კარიერული წესით მიმდინარეობს და მოპოვების პროცესში კომპანია არ იცავს შესაბამის სტანდარტებს, მოპოვების არეალში მცხოვრები მოსახლეობა კარგავს ერთადერთ საცხოვრებელს, საოჯახო მეურნეობას და, უფრო ფართოდ, ტრადიციული ცხოვრების შესაძლებლობას.
საბოლოო ჯამში, ჭიათურა ყოველ წელს პატარავდება. 1994 წლიდან დღემდე ქალაქის მოსახლეობა განახევრდა. მხოლოდ 2007 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჭიათურის სიმდიდრეს GM დაეპატრონა, ქალაქი 10 ათასმა მაცხოვრებელმა დატოვა და უკან აღარ დაბრუნებულა. ყოველ წელს ჭიათურას 300-დან 1000 ადამიანი ტოვებს. ახლა ჭიათურაში, იქ, სადაც საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი მოიპოვება, 37 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს და აქედან 12 ათასზე მეტი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისთვის განკუთვნილ საარსებო შემწეობას იღებს. სხვა სიტყვებით, ჭიათურის მაცხოვრებელთა მესამედი, ესე იგი, ყოველი მესამე ადამიანი სოციალურად დაუცველია. სოციალურად დაუცველობა ნიშნავს მუდმივ მატერიალურ დანაკლისში ცხოვრებას – საკვების დანაკლისს, შერყეულ ჯანმრთელობას, ცხოვრების მძიმე პირობებს“, – ნათქვამია მათ განცხადებაში.
„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ ავრცელებს განცხადებას, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაო აღარ განახლდება.
კომპანია წერს, რომ მიწისქვეშა მოპოვება ფინანსურად მომგებიანი არაა, რასაც, მათი თქმით, ადასტურებს გერმანული საკონსულტაციო კომპანიის მიერ შესწავლილი ტექნიკური გეოლოგიური და ფინანსური მონაცემები.
ამის შედეგად „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ ჯორჯიან მანგანეზთან შეთანხმებით გადაწყვიტა, რომ სამუშაოები აღარ განახლდება. კომპანია აცხადებს, რომ დამატებით უნდა მოიზიდოს ფული დასაქმებულთა კომპენსაციებისთვის.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.