Jump to content
Planeta.Ge

ბერდია სიჭინავა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების იდეაზე - აჯაფსანდალი ძალიან კარგი კერძია, მაგრამ პოლიტიკური აჯაფსანდალი არ არის ის „კერძი“, რომელიც მოქალაქეებმა შეიძლება შეუკვეთონ


აჯაფსანდალი ძალიან კარგი კერძია, მაგრამ პოლიტიკური აჯაფსანდალი პოლიტიკურ მენიუში არ არის კარგი კერძი, რომელიც მოქალაქეებმა შეიძლება შეუკვეთონ რესტორანში - ჩვენ არცერთ პოლიტიკურ პარტიაში არ გავერთიანდებით, არ ვართ ადამიანები, რომლებიც მოხეტიალე სულივით სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის არიან გაჭედილები და დადიან ერთი პარტიიდან მეორეში,- ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის იდეასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

სიჭინავას თქმით, გახარიას პარტია ყველა პოლიტიკურ გაერთიანებასთან კოორდინაციაში იქნება იმ ორი მიზნის გარშემო, რაც პატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს გულისხმობს.

„ადამიანები სადღეგრძელოებით გვესაუბრებოდნენ ერთობაზე და მეორე მხრივ რომელიღაც კოალიციის წევრები, რაღაც „გავრილოვის ღამის“ პარტიას ეძახდნენ ჩვენს პარტიას... ეს ადამიანები ერთობისკენ არიან მოწოდებულები? ჩვენ არცერთ პოლიტიკურ პარტიაში არ გავერთიანდებით. ჩვენ ჩვენი პოლიტიკური იდენტობა გვაქვს. არ ვართ ადამიანები, რომლებიც მოხეტიალე სულივით სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის არიან გაჭედილები და დადიან ერთი პარტიიდან მეორეში, მეორიდან მესამეში. მოგზაურობაა ზოგიერთი მათგანის მთელი პოლიტიკური ისტორია. ჩვენ ჩვენი იდენტობა, ჩვენი ხედვა და ფასეულობები გვაქვს. ერთიანობა რას ნიშნავს? მაინცდამაინც ერთი სიის გარშემო ერთიანობას? აჯაფსანდალი ძალიან კარგი კერძია, მაგრამ პოლიტიკური აჯაფსანდალი პოლიტიკურ მენიუში არ არის კარგი კერძი, რომელიც მოქალაქეებმა შეიძლება შეუკვეთონ რესტორანში. ამიტომ, კოორდინაციაში ვიქნებით ყველასთან. საერთო ბრძოლა გვაქვს, ახალი არჩევნებია მოსატანი და ადამიანები, რომლებიც ციხის საკნიდან გვიყურებენ, გასათავისუფლებლები არიან. ამ ამბავში ყველას გვერდით ვიქნებით და ყველაფერს გვერდით გადავდებთ. მაგრამ ერთი სია და ის, რომ ერთიანობის პრობლემაა, არ არის სწორი ფორმულირება. ეს არ არის დაკვეთა“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

რაც შეეხება ახალი არჩევნების ჩატარების გეგმასთან დაკავშირებით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გეგმას, ბერდია სიჭინავა ამბობს, რომ გახარიას პარტია დოკუმენტზე მუშაობაში მონაწილეობს.

სალომე ზურაბიშვილთან აქტიურ კომუნიკაციაში ვართ. ასეთ პროცესში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, მაგრამ პროცესს უნდა ჰქონდეს შინაარსი, მხოლოდ სურვილები საკმარისი არაა. ახალი არჩევნები როგორ უნდა ჩატარდეს, ამაზე ბევრი უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ როგორ მივიღოთ ახალი არჩევნები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე, როგორ ჩატარდება არჩევნები, თუმცა ორივე განუყოფელია საკითხია“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

გარდა ამისა, ბერდია სიჭინავამ ისაუბრა ახალი არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე აქციების 100 დღეზე და დაასახელა შედეგები, რომელიც ამ პროცესმა მოიტანა. მისივე თქმით, ის, რომ აქციები 100 დღე გრძელდება უპრეცედენტოა და ამით, „პროტესტმა აჩვენა, რომ ცოცხალია“.

„ე.წ. ხელისუფლების ინტერესში უნდა შედიოდეს ახალი არჩევნების დანიშვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ კოჭლი ხელისუფლების პირობებში უბრალოდ შეუძლებელია ხელისუფლებამ შეძლოს პოზიციონირების გაგრძელება. ლეგიტიმაციის მწვავე კრიზისი უდგას. შედეგებს რაც შეეხება, რასაც მივაღწიეთ 100 დღის განმავლობაში, პირველ რიგში, კი იმ მოქალაქეებმა, რომლებიც უწყვეტად დგანან რუსთაველის გამზირზე: პირველი - ხელისუფლების ბრუტალური სახე კიდევ ერთხელ გაშიშვლდა, მათ შორის გაშიშვლდა არა მხოლოდ ქვეყნის ფარგლებში - ძალიან კარგად ვიცოდით რომელ ადამიანებთან გვქონდა საქმე, არამედ საერთაშორისო დონეზე. მეორე: ფაქტია, მოცემულობაა რომ ე.წ. ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმაცია, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე; მესამე - ძალადობრივი მეთოდების გამოყენების, მათ შორის რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირის გამო ამ ქვეყანაში სანქცირებულები არიან მოქმედი პოლიტიკური მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის ის ადამიანი, რომლებიც მთელი ამ პროცესის დირიჟორია. რაც არ უნდა გვიმტკიცონ ამ ადამიანებმა, რომ შეერთებული შტატების განწყობა შეიცვლება, დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც კი, ბიძინა ივანიშვილი არის სანქცირებული აშშ-ის ხაზინის მხრიდან. ეს არის მოცემულობა, ფაქტი“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მისივე თქმით, „მშვიდობიანი აქცია იქნება ის, რაც შედეგს მოიტანს, ძალაზე საუბარი არ არის არის მართებული და პირიქით, აქციების სულისკვეთებას აზიანებს“.

„ხელისუფლებას რით ვჯობივართ? იმით, რომ მოძალადეები არ ვართ, იმით, რომ ადამიანებს ფიზიკურად არ ვუსწორდებით, თუ ძალაში ის იგულისხმება, რომ ადამიანს უკანონოდ აკავებენ და არ მისცენ შესაძლებლობა, რომ დააკავონ, ეს სხვა მოცემულობაა, მაგრამ ძალას დავუპირისპიროთ ძალა და ეს ყველაფერი უმართავ პროცესებში გადაიზარდოს, უპირველესად ეს ამ პროტესტს დაარტყამს. კონკრეტულ შემთხვევაში ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს იმ ფორმით, რომ პოლიციას ფიზიკურად გაუსწორდე და შეურაცხყოფა მიაყენო, თავდასხმა განახორციელო. დღეს ყველაფერი გაშიშვლებულია, საბოლოოდ, ნიღაბი, რომელსაც ივანიშვილი ატარებდა, ჩამოგლეჯილია“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

რაც შეეხება იმას, მოქმედებს თუ არა უწყვეტი პროტესტი ხელისუფლებაზე, სიჭინავა ამბობს, რომ „ხელისუფლებას ეს აწუხებს“.

„თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ ეს აქციები ე.წ. ხელისუფლებას არ აწუხებს, ასე ნამდვილად არ არის. მაშინ, რატომ გვაჯარიმებენ ყოველ საღამოს რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის 5 ათასი ლარით? ფაქტია, რომ ხელისუფლებას ეს აწუხებს. რაც შეხება პროტესტის მუხტს, მუხტი დიდია. ეს მუხტი, ენერგია არ გაქრება. ნაცემი ადამიანი განწყობას შეიცვლი ხელისუფლების მიმართ? “,- განაცხადა სიჭინავამ.

ბერდია სიჭინავამ ასევე ისაუბრა დასავლეთიდან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სანქცირებაზე და ამის მოსალოდნელ შედეგებზე და განაცხადა, რომ „სანქციებს აქვს გრძელვადიანი მოქმედების ეფექტი“.

„სამოგზაურო შეზღუდვა არაა მხოლოდ სამოგზაურო შეზღუდვა. შენ, შენი პარტნიორი ქვეყნების, ცივილიზებული ქვეყნების მიერ ფაქტობრივად დაღდასმული ხარ, როგორც საკუთარი მოქალაქეების მოძალადე ხელისუფალი. მაშინ რატომ აკეთებენ ასეთი ტიპის განცხადებებს, თითქოს არ ადარდებთ? ასეთი ტიპის კანონებს გამარჯვებული ხელისუფალი იღებს? ასეთი ტიპის რეპრესიები სჭირდება ხელისუფლებას რომელიც დარწმუნებულია ლეგიტიმაციასა და მხარდაჭერაში? ესენი არიან უხეირო დიქტატორად ჩამოყალიბებული, შეუძლია ადამიანები ქუჩაში სცემოს დაიჭიროს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, თავიდან ბოლომდე ხვრელია მთელი სახელმწიფო სისტემა. ხან სააკაშვილი შემოეპარათ კონტეინერით საზღვაო სივრციდან, ხან ხმელეთიდან გაექცათ ბრალდებული, ამათ რა პრეტენზია უნდა ჰქონდეთ, რომ რაიმე ფორმით ძალაუფლების შენარჩუნებას შეძლებენ? კი, სანქციები მუშაობს, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ღალატში არიან მხილებულები. ეს სასანქციო რეჟიმი გაგრძელდება. კიდევ უფრო დამძიმდება“,- განაცხადა სიჭინავამ.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...