შსს ყიდულობს სისტემას, რომლითაც დაშიფრულ მოწყობილობებში შეღწევა იქნება შესაძლებელი
შინაგან საქმეთა სამინისტრო ისრაელური კომპანია Cellebrite-სგან ყიდულობს ციფრულ სისტემას, რომლითაც შესაძლებელი გახდება დაშიფრულ და დაბლოკილ ტელეფონებში, კომპიუტერებსა და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებში შეღწევა.
შესყიდვის ღირებულება 6 796 092 ლარია.
შესაბამისი კონტრაქტი გაფორმდა Cellebrite-ის ოფიციალურ წარმომადგენელთან საქართველოში, შპს „ქომუნალ ტექნოლოჯისთან“.
ვებგვერდის თანახმად, Cellebrite ციფრული დაზვერვის კომპანიაა და კრიმინალური გამოძიებისთვის საჭირო პროდუქციით ვაჭრობს, ხოლო მისი სისტემები გამოიყენება ანდროიდის, ეფლის, მაიკროსოფტის, ლინუქსის, ღრუბლოვან და სხვა ოპერაციულ სისტემებში დაცული მონაცემების წაკითხვისთვის.
შესყიდვის დოკუმენტაციის თანახმად, შსს-ს კომპანიის პროდუქტები სჭირდება საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს სისხლის სამართლის საქმეთა ფარგლებში დანიშნული ექსპერტიზების ჩასატარებლად.
შესყიდვა მოიცავს Cellebrite Inseyets-ის პროგრამული უზრუნველყოფის 6 ახალ ლიცენზიას – 4 არსებული Premium ადაპტერის გამოყენებით, 2 ახალი ადაპტერის შეძენა;
არსებული Cellebrite Digital Collector-ის – 1 ლიცენზიის განახლება.
ზემოაღნიშნული ლიცენზიების მოქმედების ვადა უნდა იყოს შესყიდვიდან 3 წელი.
„მათი შეძენით საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ლაბორატორია დამატებით შეძლებს ინფორმაციის უფრო სწრაფად მიღებას და დამუშავებს, მათ შორის შესაძლებელი იქნება ინფორმაციის სერვერზე პარალელურად დამუშავება (პარალელურად შესაძლებელია ექვსი პროცესის გაშვება ლიცენზიების რაოდენობის შესაბამისად), შესაძლებელი იქნება ინფორმაციების კატეგორიებად დაყოფა, კონკრეტული პერიოდის მითითება და ა.შ. […].
შესყიდვის ობიექტის მიწოდება მოხდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში. დაფინანსება განხორციელდება 2025 წლის საბიუჯეტო სახსრებიდან”. – წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.