Jump to content
Planeta.Ge

შსს: სამაშველო სამუშაოებში 600-მდე მეხანძრე-მაშველი და ათეულობით სპეციალური ტექნიკაა ჩართული


შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომ „ყველა შესაბამისი დანაყოფი დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, მესამე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობს”.

განცხადებით თანახმად, „სამაშველო სამუშაოებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 600-მდე მეხანძრე-მაშველი და ათეულობით სპეციალური ტექნიკაა ჩართული, მათ შორის თოვლის ბურანები”.

„მეხანძრე-მაშველებმა ამ დროისთვის, ურთულეს რელიეფურ პირობებში ათეულობით ადამიანს გაუწიეს დახმარება და აჭარისა და გურიის სხვადასხვა სოფლიდან, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს მოხუცები, ბავშვები და ის პირები, რომლებიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებდნენ. ასევე, უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს, თოვლსა და ნამქერში ჩარჩენილი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც დიდთოვლობისა და ამინდის გაუარესების გამო გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ში შემოსულ შეტყობინებებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ეტაპობრივად ახორციელებენ რეაგირებას. საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ავტომანქანებისა და მგზავრთა უსაფრთხოდ და შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, სხვადასხვა უწყების შესაბამის სამსახურთან ერთად, მობილიზებული არიან, როგორც ცენტრალურ მაგისტრალებზე, ასევე, შიდა სახელმწიფოებრივ გზებზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას სხვა შესაბამის უწყებასთან ერთად”, – ნათქვამია განცხადებაში.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...