Jump to content
Planeta.Ge

გურიის სოფელ ჯაფარეულში ქალი გარდაიცვალა


გურიაში დიდთოვლობისას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ნატანების თემის სოფელ ჯაფარეულში, ქალი გარდაიცვალა.

ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად „გურიის მოამბემ“ გაავრცელა. მათი ინფორმაციით გარდაცვლილი ნონა კვაჭანტირაძე 85 წლის მოხუცებულ დედას უვლიდა.

ნეტგაზეთს ოზურგეთის მერის წარმომადგენელმა ნატანების თემში, ვალერიან ვაჩეიშვილმა ნონა კვაჭანტირაძის გარდაცვალება დაუდასტურა და გვითხრა, რომ ქალი ინსულტით გარდაიცვალა.

მისი თქმით, სოფელში გადაადგილება, ან სასწრაფოს გამოძახება პრობლემას არ წარმოადგენს.

სასწრაფოში ნეტგაზეთს ეუბნებიან, რომ არცერთი გამოძახება გურიიდან არც ამ პირობებში რჩება რეაგირების გარეშე. მათ შორის, იმ შემთხვევებში, როცა გზა არ არის, ექიმები ფეხით მიდიან მისამართებამდე.

თუმცა ელექტროენერგიის არარსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რამდენად ყოველთვის ახერხებენ ადამიანები, თუნდაც გადაუდებელი საჭიროების შემთხვევებში, 112-თან დაკავშირებას და რამდენად დროულად შეუძლია ექიმს პაციენტთან მისვლა, მაშინაც კი, როცა სისწრაფე გადამწყვეტია.

დიდთოვლობაში ჩარჩენილი ერთ-ერთი სხვა ოჯახის წევრი, რომელიც ჯაფარეულში მშობლებთან კონტაქტს ჯერ კიდევ ახერხებს, ნეტგაზეთს ეუბნება, რომ სოფელში გზა გაკვალული არ არის. ჯაფარეულს არც შუქი აქვს, ზოგიერთ უბანს კი — არც გაზმომარაგება. ახლოს მცხოვრები მეზობლები გაჭირვებით ახერხებენ ერთმანეთამდე მიღწევას და დახმარების გაწევას.

ფოტოზე: სოფელი ჯაფარეული. ადგილობრივების ფოტო

 

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...