Jump to content
Planeta.Ge

პედაგოგი ამბობს, რომ საპროტესტო აქციებში ჩართულობისთვის ქუთაისის მე-6 საჯარო სკოლიდან გაათავისუფლეს


ქუთაისის მე-6 საჯარო სკოლიდან მუსიკის პედაგოგი სოფო როინიშვილი გაათავისუფლეს.

სოფო როინიშვილი საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა და ვარაუდობს, რომ სკოლიდან გათავისუფლების რეალური მიზეზი საპროტესტო აქციებში მის აქტიურ ჩართულობას უკავშირდება.

სკოლის ოფიციალური პოზიციით, პედაგოგის სკოლიდან გათავისუფლების მიზეზი „სკოლის შინაგანაწესის არაერთგზის უხეში დარღვევაა.“

როგორც სოფო როინიშვილი „პუბლიკას“ უყვება, ის 4 წელია რაც მე-6 საჯარო სკოლაში მუსიკის პედაგოგად მუშაობს. გარდა ამისა, დასაქმებულია გუმათის საჯარო სკოლასა და ქუთაისის მეორე მუსიკალურ სკოლაში.

მისი თქმით, დღეს დილით სკოლაში მისულს ჩააბარეს ბრძანება სკოლიდან გათავისუფლების თაობაზე. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სკოლის დისციპლინური კომიტეტის მიერ მისთვის გამოცხადებული სასტიკი საყვედური.

„ერთი საყვედური არ არის სკოლიდან გაშვების მიზეზი, წელიწადში ორი საყვედური უნდა გქონდეს მიღებული რომ გაგიშვან… მე აქტივისტი ვარ, აქტიურად ვარ ჩართული საპროტესტო აქციებში, ფეიერვერკი ვისროლე სამმართველოსთან, ამის გამო სასამართლომ 5000 ლარით დამაჯარიმა და რომ შევდიოდი მეგობრებთან ერთად ვხუმრობდი, ვმღეროდი სიმღერას „ოლე…“, მერე ეს ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, გამოხმაურება იყო, რომ „ასეთ პედაგოგს სკოლაში რა უნდაო“ და ა.შ

ვაპირებ გადაწყვეტილების გასაჩივრებას, ვთვლი რომ აბსოლუტურად უკანონოდ მოხდა ჩემი გაშვება, არანაირი საფუძველი არ გააჩნდა გარდა ამ პოლიტიკური მოტივისა, ამას ოფიციალურად ცხადია არ წერს [დირექტორი], ხომ არ ჩაწერდა რომ ამის გამო გადამცა დისციპლინურ კომიტეტს.

რასაც მაბრალებს მტკიცებულებები არ აქვს, ვერაფერი წარმომიდგინა. მაბრალებენ თითქოს სკოლას ვაცდენდი ხშირად, უმიზეზოდ არასდროს გამიცდენია, როცა საჭიროება მქონდა ბიულეტენიც წარვადგინე, წინასწარ ვატყობინებდი… მაქვს საფუძვლიანი ეჭვი რომ ჩემი გათავისუფლების მიზეზი არის აქტივისტობა და ჩართულობა იმ საპროტესტო აქციებში რომელიც ახლა ქვეყანაშია.“

„პუბლიკა“ დაუკავშირდა მე-6 საჯარო სკოლის დირექტორს დიმიტრი ქარსელაძეს.

როგორც ის ამბობს, სოფო როინიშვილის გათავისუფლების მიზეზი სკოლის შინაგანაწესის არაერთგზის უხეში დარღვევაა და არ უკავშირდება მის საპროტესტო აქციებში ჩართულობას.

„გათავისუფლების მიზეზია სკოლის შინაგანაწესის არაერთგზის უხეში დარღვევა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის დარღვევა, რომლის გამო არაერთხელ ჰონდა საყვედური გამოცხადებული. მაგალითად, საგაკვეთილო პროცესის არასაგაკვეთილო მიზნებისთვის გამოყენება, გაკვეთილების გაცდენა, ჩაშლა, დისციპლინის დარღვევა და ა.შ.

რა თქმა უნდა , აბსოლუტურად გამოვრიცხავ [აქციებში მონაწილეობის გამო გათავისუფლებას] არ გვქონია ამ მიმართულებით რაიმე მინიშნებაც კი… ყველა ადამიანს უფლება აქვს და ყველამ იცის ჩემს სკოლაშიც, ჩემმა თანამშრომლებმა რომ ყველას აქვს თავისი [პოლიტიკური შეხედულების] გამოხატვის უფლება…“,- უთხრა „პუბლიკას“ დიმიტრი ქარსელაძემ.

შეკითხვაზე, უფრო კონკრეტულად დაესახელებინა საგაკვეთულო პროცესის არასაგაკვეილო მიზნებისთვის გამოყენების შემთხვევები და მაგალითები, სკოლის დირექტორმა გვიპასუხა, რო ამას უკვე დეტალურად სასამართლოზე განიხილავენ.

სოფო როინიშვილი გეგმავს, რომ გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივროს.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...