Jump to content
Planeta.Ge

„ხუთი დღით წავლენ, დაათვალიერებენ შენობებს" - მურუსიძე აკრიტიკებს აშშ-ში მოსამართლეების ვიზიტებს


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლად არჩეულმა წევრმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ „პირველი არხის" ეთერში გააკრიტიკა საქართველოს მოსამართლეების ვიზიტები ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„ის კი არ გვჭირდება, რომ მოსამართლეები ექსკურსიაზე დაჰყავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ხუთი დღე რა უნდა ისწავლოს მოსამართლემ იქ? რომელი კვალიფიკაციის ასამაღლებლად? მაგიტომ მინდა, რომ შევხვდე [საერთაშორისო პარტნიორებს]. ის თანხა, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ ცოტა ჭკვიანურად, კარგად, მოხდეს ისე, რომ ეფექტური იყოს. ვთქვათ, სამოქალაქოს მოსამართლეები მიდიან ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოცდილების გასაზიარებლად. ამერიკული სამოქალაქო სამართალი და ჩვენი ისე არის ერთმანეთთან, როგორც ამერიკული და ევროპული ფეხბურთი - ისინი ხელით თამაშობენ, ჩვენ - ფეხით", - თქვა მურუსიძემ.

მოსამართლეს სურს, რომ საერთაშორისო პარტნიორები იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქტიურად თანამშრომლობდნენ, იმისთვის, რომ რესურსი უფრო ეფექტიანად იყოს გამოყენებული.

„ამიტომ ვიძახი, რომ საბჭოს გარეშე რომ ხდება ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, გვკითხე, ეფექტურად, როგორ შეიძლება... მეც მიკვირს, ამიტომ ვიძახი, რომ ხელგაშლილი შევეგებები, რჩევებსაც მივცემთ, როგორ იქნება ეფექტური. ხუთი დღით წავლენ [მოსამართლეები აშშ-ში], დაათვალიერებენ შენობებს, კარგია, რა თქმა უნდა, მივესალმები. გულწრფელად გეუბნებით, რომ ყველა იძახის, ჩავალთ შენობას ვნახავთ... კარგია, გასაგებია, რომ დაისვენებს მოსამართლე, შენობას ნახავს, ნახავს, რა დიდებულია ამერიკის შეერთებული შტატები, ეს ყველაფერი, მაგრამ უფრო ეფექტურად რომ იყოს ეს ყველაფერი გამოყენებული, ხომ შეიძლება, რომ გქონდეს ურთიერთობა, კონტაქტი. ამიტომ ვიძახი, რომ ჩემზე მეტი პროამერიკელი თუ ვინმე იყოს... ამერიკული ლიტერატურა, ბავშვობიდან მაგაზე ვიზრდებოდი, მაგრამ მოყვარეს პირში უძრახეო, ნათქვამი რომ არის. აქედან გამომდინარე, ბევრი რამ გვაქვს სალაპარაკო", - აღნიშნა ლევან მურუსიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის განცხადებას „ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძე. ის არ იზიარებს მურუსიძის შეფასებას და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, რაც აშშ-ში სასწავლო ვიზიტებზე შეიძინა.

„სიამოვნებით ვივლიდი აშშ-ში ექსკურსიებზე, თუმცა ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანია რაც ამ სასწავლო ვიზიტებით შევიძინე, მათ შორის გამოცდილების გაცვლით და პროცესებზე დასწრებით. ბოლო ვიზიტის დროს 8-დან საღამოს 7 საათამდე, ყოველ დღე პროცესებს ვესწრებოდით და ამერიკელ კოლეგებს ვხვდებოდით. მაოცებს, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც შენობების მეტი არაფერი დაამახსოვრდა ამ ვიზიტებით, იმედია ასეთები უმცირესობაში არიან. მადლობა ყველა იმ ქვეყანას და საერთაშორისო ორგანიზაციას, ვინც წლებია იღვწის და უამრავ რესურსს ხარჯავს ქართული სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისა და განვითარებისთვის. იმედს ვიტოვებ რომ ეს თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება და იმ ეტაპამდე მივალთ, რომ ექსკურსიებზე სიარულიც საკმარისი იქნება", - წერს ეკა არეშიძე.

 

აშშ-ში საქართველოდან მოსამართლეების ვიზიტების საკითხი მას შემდეგაა აქტუალური, რაც 20 მაისს ცნობილი გახდა, რომ „მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩოს პროგრამიდან მოიხსნა. ამერიკის მთავრობის დაფინანსებით ქართველ მოსამართლეებს აქვთ შესაძლებლობა, პირადად შეხვდნენ ამერიკული სასამართლოს ხელმძღვანელ პირებს, ადმინისტრატორებს და ამერიკის იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს, გაეცნონ ამერიკულ სასამართლოებს, საქმის წარმოების წესსა და ეთიკას.

ამ საკითხზე ღიად საუბარი მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებიდან ორი თვის შემდეგ გადაწყვიტა. მაგალითად, 17 ივლისს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "იმედის" ეთერში თქვა, რომ მან თავის კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო.

"დღემდე ჩემთვის ეს კითხვა აბსოლუტურად პასუხგაუცემელია - არის ლაშა ჩხიკვაძე სანქცირებული თუ არ არის. თუ არის, ამას, ბუნებრივია, მოსდევს კითხვა - რატომ", - თქვა მოსამართლემ.

 

უფრო ადრე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა. განაჩენი 16 მაისს გამოცხადდა. გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს.

 

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა თქვა, რომ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე სანქცირებული არ არის.

„რადგან, როგორც ჩანს, ზოგს ჯერ კიდევ ვერ გაუგია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენს პროგრამებს ადამიანების სანქცირებისა თუ დასჯისთვის და არც მოსამართლე ჩხიკვაძისთვის დაგვიკისრებია სანქცია. ჩვენ არ ვერევით საქართველოში სასამართლო გადაწყვეტილებებში და არ გვაქვს ფარული შეხვედრები და ასე იყო ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც.

პირიქით, ჩვენ რეგულარულად ვმუშაობთ მოსამართლეებთან, პროკურორებთან და ადვოკატებთან საქართველოში, ხელს ვუწყობთ მათი სამართლებრივი უნარების განვითარებას კანონის გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად ადმინისტრირებისთვის, რაც შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან", - თქვა ელჩმა.

 

23 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულმა მოსამართლეთა 31-ე კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი მეორე ვადით აირჩია.

დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურა მოსამართლეებმა დაასახელეს, ხოლო ლევან მურუსიძემ თავად დააყენა საკუთარი კანდიდატურა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მოსამართლეებმა გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადებების საფუძველზე დატოვეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები თანამდებობაზე 4 წლის ვადით ინიშნებიან.


რადიოთავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...