Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - ჩვენ ხალხის დაკვეთას ვასრულებთ და ამას ვერ შეცვლის ვერც პროპაგანდა, ვერც შავი ფული, ვერც ძალადობრივი მანქანა! - „ოცნების“ დეპუტატები ხალხს აგრესიული დეზინფორმაციითა და ანტისახელმწიფოებრივი ნარატივით უტევენ


პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი ტელეკომპანია პარტიის დისკრედიტაციას კიდევ ერთხელ ცდილობს, რათა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.

როგორც ლილუაშვილის სოციალურ ქსელში წერს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სრულად ფინანსდება „ქართველი ხალხის მიერ და არ არის დამოკიდებული ოლიგარქებზე, ბანკირებზე თუ მსხვილ ბიზნესჯგუფებზე“.

„ტელეკომპანია „იმედი“ მორიგ ჯერზე ცდილობს ჩვენი პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“, დისკრედიტაციას, რათა საზოგადოების შეცდომაში შეყვანით დააკნინოს ჩვენი ფინანსური დამოუკიდებლობა და პრინციპული პოზიცია.

ჩვენი პარტია ერთადერთი ძალაა, რომელიც სრულად ფინანსდება მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ და არ არის დამოკიდებული ოლიგარქებზე, ბანკირებზე თუ მსხვილ ბიზნესჯგუფებზე. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკური ვალდებულებები არავისთან და მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესებით ვხელმძღვანელობთ.

ამ დროს კი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ბიუჯეტიდან იღებს კოლოსალურ თანხებს. მათი დეპუტატების ხელფასები 2025 წლის იანვრიდან გაორმაგდა, რიგითი პარლამენტარის დარიცხული ხელფასი 11,500 ლარს შეადგენს, ხოლო 89-მა არალეგიტიმურმა დეპუტატმა მხოლოდ იანვარ-თებერვალში ბიუჯეტიდან 2.3 მილიონ ლარზე მეტი მიიღო ხელფასების სახით. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში საშუალო პენსია 360-400 ლარია.

ამავე დროს, „ქართული ოცნების“ დეპუტატები, რომლებიც ბიუჯეტიდან მილიონებს იღებენ, ხალხს ტყუილით, აგრესიული დეზინფორმაციითა და ანტისახელმწიფოებრივი ნარატივით უტევენ. ისინი ებრძვიან იმავე ქართველ ხალხს, ვინც ამ ბიუჯეტს ავსებს, რომ მერე სწორედ ამ ფულით ხელფასები ჩაიჯიბონ, ხელისუფლებამ კი კორუფციით გააგრძელოს მილიარდების მიტაცება.

მათთვის ქართველი ხალხი მხოლოდ გადასახადის გადამხდელია, რომლის ფულითაც: პოლიცია ყიდულობს ახალ-ახალ სპეციალურ საშუალებებს, რომ სწორედ ამ ხალხზე გამოიყენოს; მოძალადე სისტემის მსახურებს პრემიებს ურიცხავენ, რომ ისევ ქართველ ხალხს დაუპირისპირდნენ; ამავე ხალხის ფულით უკანონოდ ასამართლებენ მოქალაქეებს ჯიბის მოსამართლეებით, რომლებიც თავიანთ კომფორტულ ცხოვრებას სწორედ ამ ბიუჯეტით იწყობენ.

„იმედი“ და მისი პროპაგანდა სწორედ ამ სისტემის ნაწილია - ცდილობენ, გადააბრალონ ოპოზიციას, რასაც თავად აკეთებენ, ხალხის ფულით ხალხსვე დაუპირისპირდნენ და ამისთვის ამავე ფულიდან ხელფასები და ფინანსური სარგებელი საკუთარ ჯიბეში ჩაიტენონ თან კი უნდათ ყველა დამოუკიდებელი ხმა გაანეიტრალონ.

მაგრამ ჩვენ მხოლოდ ქართველი ხალხის დაკვეთას ვასრულებთ და ამას ვერ შეცვლის ვერც ეს პროპაგანდა, ვერც მათი შავი ფული, ვერც მათი ძალადობრივი მანქანა!“, - წერს ბექა ლილუაშვილი.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...