Jump to content
Planeta.Ge

როგორც ერთმა თანამოქალაქემ, მინდა ვთხოვო, შეწყვიტოს შიმშილობა – გახარია ამაღლობელს


პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია მზია ამაღლობელს სთხოვს, შიმშილობა შეწვიტოს.

გიორგი გახარიას თქმით, მზია ამაღლობელი ქვეყანას ჯანმრთელი სჭირდება.

„დღეს ექიმები მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე ალაპარაკდნენ, რაც, სამწუხაროდ, ნიშნავს იმას, რომ მისი მდგომარეობა, სავარაუდოდ, იმაზე რთულია, ვიდრე გვეუბნებიან.

მზია ამაღლობელმა არამხოლოდ ქვეყანას, მთელ მსოფლიოს აჩვენა ძალა – სიმართლის, სიმტკიცის, შეუპოვრობის, საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლის. მან ივანიშვილის მოძალადე ხელისუფლება სრულად გააშიშვლა ფლიდი მორალისგან.

მზია ამაღლობელი ამ ბრძოლაში ჩვენს ქვეყანას ჯანმრთელი სჭირდება. ამიტომ, მე როგორც მისმა ერთმა რიგითმა თანამოქალაქემ, მინდა მას ვთხოვო, შეწყვიტოს შიმშილობა“, – წერს გახარია Facebook-ზე.

მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად 37 დღეა შიმშილობს. ის კვლევების ჩატარების მიზნით 4 თებერვალს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩება.

დღეს, 17 თებერვალს, კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ახლობლებს მიმართა.

„[მზია ამაღლობელის] ზოგადი მდგომარეობისთვის დამახასიათებელია ყველა ის სიმპტომი, რაც ახასიათებს ამ პერიოდის განმავლობაში შიმშილობას. მინდა მივმართო მის კოლეგებს, თანამოაზრეებს, ოჯახის წევრებს, ადვოკატებს, რომ დაარწმუნონ მზია, რომ სრულად შეასრულოს ჩვენი რეკომენდაცია. ეს პირველ რიგში ეხება საკვების მიღებას, რათა თავიდან იყოს აცილებული ლეტალური გამოსავალი. ჩვენი სურვილია, სრულად დაექვემდებაროს ჩვენს რეკომენდაციებს. ეს მოგვცემს საშუალებას, აცილებული იყოს ლეტალური გამოსავალი”, — განუცხადა ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ პაციენტის მონახულების შემდეგ.

15 თებერვალს ასევე გავრცელდა საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის შეფასება მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მდგომარეობის სწრაფი დამძიმების რისკი დიდია.

ექიმების განცხადებით, ამ დროს ძალიან მალე შეიძლება განვითარდეს პოლიორგანული უკმარისობა და სიცოცხლისთვის რეალური საფრთხე.

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით, ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭ####ტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

13 თებერვალს, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო შუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...