ნენსი ვოლანდი: ქალმა პოლიციელებმა მითხრეს, რომ ტანსაცმელი სრულიად უნდა გავიხადო
„დაიტოვეს” გუნდის წევრი, ნენსი ვოლანდი ყვება 1 თებერვალს მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის დეტალებზე.
ნენსი ამბობს, რომ მას სრულად გაშიშვლება მოსთხოვეს, რასც ის ფსიქოლოგიური ძალადობად აფასებს. ასევე წაართვეს მისთვის ძვირფასი ნივთები – ბაბუის ნაქონი 60-იანი წლების 2 ძველებური კამერა, კამერა, რომლითაც სახლში კატებს აკვირდებოდა და ტექნიკა: ტელეფონი და კომპიუტერი, რაც მას სამუშაოდ სჭირდება.
„ჩემს სახლში შემოვიდა ორი ქალი პოლიციელი, ვინც პირადი ჩხრეკა ჩაატარა და ეს იყო პირველი ფსიქოლოგიური ძალადობა ჩემზე, როცა მითხრეს რომ ტანსაცმელი სრულიად უნდა გავიხადო. კი ექიმთან ვარ ნამყოფი, მაგრამ სისტემის უსამართლობა როცა გაშიშვლებს, ბევრად უხერხულია და უსამართლობისგან ყველაფერი გეწვის”. – წერს ნენსი.
მისივე თქმით, პოლიციელებმა აიძულეს ბუქნების გაკეთებაც.
ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, გაშიშვლების იძულება ღირსების შემლახავი მოპყრობაა და უტოლდება წამებას.
მან ასევე დაწერა, რომ პოლიციის მხრიდან ქალების მიმართ მსგავსი მოპყრობის შესახებ როგორც ის, ისე მისი წინამორბედი სახალხო დამცველები ანგარიშებში წერდნენ.
მაშინ საქმე დაკავებულ ქალებს ეხებოდათ.
„სახალხო დამცველის ანგარიშებში ამაზე ვწერდით მეც და ჩემი წინამორბედიც, რადგან პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა ეს უკანონობა გამოავლინა. და რა გააკეთა სისტემამ? ქალთა კოლონიაში ქალი პატიმრები ააჯანყა სახალხო დამცველის წინააღმდეგ, თითქოსდა სიცრუეს ვავრცელებდით”. – დაწერა მან.
ლომჯარიამ მოუწოდა მსგავსი მოპყრობის მსხვერპლ სხვა ქალებს, მსგავს ფაქტებზე საჯაროდ ილაპარაკონ.
„მესმის, რომ ქალებისთვის ძალიან რთულია ამ ფაქტებზე საჯაროდ საუბარი, მათი ოჯახის წევრებიც ისმენენ და ძალიან მტკივნეულია. ხშირად მსხვერპლებს ამ გამოცდილების დავიწყება ურჩევნიათ. მათ მდგომარეობაში უნდა შევიდეთ. მაგრამ, ქალებო, იცოდეთ, რომ არავის აქვს უფლება გაგაშიშვლონ, ბუქნები გაკეთებინონ, ეს უტოლდება წამებას, არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მოპყრობას და აკრძალულია. მოითხოვეთ, სპეციალური დეტექტორით შეგამოწმონ და აუცილებლად მოგვაწოდეთ ამ ფაქტებზე ინფორმაცია უფლებადაცვით ორგანიზაციებს. ჩვენ დავიცავთ თქვენ კონფიდენციალურობას”. – დაწერა მან.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.