ჩხაიძე ამაღლობელზე: საგანგაშო მდგომარეობაა და შეიძლება ყოველთვის რაღაც გართულება იყოს
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე „ტვ პირველთან“ ამბობს, რომ „ბათუმლები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი დღესაც და, სავარაუდოდ, ხვალაც კვლევების გასაგრძელებლად კლინიკაში დარჩება.
მისი თქმით, მდგომარეობა საგანგაშოა და შეიძლება ყოველთვის რაღაც გართულება იყოს. ჩხაიძე ამბობს, რომ ამდენი ხნის შიმშილობის ეფექტი თავის ზეგავლენას ახდენს ორგანიზმზე.
„ვინახულე ამ წუთში, მხნედ არის, უგრძელდება კვლევები, დაგვჭირდა დამატებითი კვლევების კიდევ ჩატარება და ამ კვლევების შედეგად, ექიმ-სპეციალისტების მიერ კონსულტირება. რეკომენდაციებს ითვალისწინებს. მას აქვს უკვე დანიშნულება მიცემული, ეს დანიშნულება სრულდება, რაზეც თანხმობას აცხადებს, ეს ჩვენ ძალიან გვახარებს. [კვლევები] ძირითადად უკავშირდება შიმშილობის ეფექტს, რაც ზეგავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე საერთოდ, მათ შორის კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. [რამდენად საგანგაშო მდგომარეობაა?] რა თქმა უნდა, საგანგაშო მდგომარეობაა და შეიძლება ყოველთვის რაღაც გართულება იყოს. დღეს ჩვენთან დარჩება, სავარაუდოდ, ხვალაც, რომ კიდევ კვლევა გაგრძელდეს, კიდევ იყოს კონტროლის ქვეშ“, – თქვა ჩხაიძემ „ტვ პირველთან“.
მზია ამაღლობელი კლინიკაში 4 თებერვალს გადაიყვანეს კვლევების ჩასატარებლად.
„ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 26-ე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.
13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.