აქციაზე ნაცემი ზურაბ შონია: თავჩახრილს მირტყეს და მერე ჩამსვეს მანქანაში
2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ საპოლიციო ძალების მიერ სასტიკად ნაცემი მოქალაქე ამბობს, რომ სანამ დაკავების მანქანამდე მიიყვანდნენ, სასტიკად სცემეს. ეს კომენტარი მან TV პირველთან გააკეთა – კადრებში ჩანს, რომ ზურაბ შონიას თვალი აქვს დაზიანებული.
„დამიჭირეს, მცემეს, მომხდარის შესახებ დეტალურად მას შემდეგ მოვყვები, რაც იურისტებს შევხვდები. სანამ ავტომობილამდე მიმიყვანდნენ, მანამდე [გამისწორდნენ]. არ ვიცი, თავჩახრილს მირტყეს და მერე ჩამსვეს მანქანაში. მანქანაში პატრული ნორმალურად მექცეოდა“, – ამბობს ის.
2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ გამართულ აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ჯამში 31 ადამიანი დააკავა. ამ დროისთვის, სისხლის სამართლის წესით დაკავებული არავინაა.
უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს თბილისი მოლთან საპროტესტო აქცია/მსვლელობის დროს რამდენჯერმე იყო შეხლა-შემოხლა პოლიციასა და აქციის მშვიდობიან მონაწილეებს შორის. პოლიციამ აგინა და სცემა აქციის მონაწილეებს. „ტვ პირველმა“ გაავრცელა კადრები, როგორ უსწორდება გდდ-ის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი დაკავებულ მოქალაქეს. რამდენიმე დაკავებული კლინიკაში გადაიყვანეს.
პოლიცია მუშაობაში ხელს უშლიდა ჟურნალისტებსაც. აქციაზე დაშავდა „ტვ პირველის“ ოპერატორი, ნიკო კოკაია.
სახალხო დამცველმა დაწერა, რომ 3 თებერვალს მოინახულეს 25 პირი, მათგან 11-ს ჰქონდა სხეულზე ხილული დაზიანებები – კლინიკაში მოთავსებულ პირებს ტვინის შერყევისთვის დამახასიათებელი ნიშნები: გულისრევის შეგრძნება და თავის ტკივილი აღენიშნებოდათ. ამასთან, კლინიკაში მყოფ ერთ-ერთ დაკავებულს თვალ-ბუდის არეში დაზიანება ჰქონდა მიღებული. სახალხო დამცველის რწმუნებულთან გასაუბრების დროისთვის მას თვალი დამუშავებული და შეხვეული ჰქონდა.
საქართველოს მთავრობამ 31 იანვარს გამოსცა დადგენილება, რომლითაც სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებიც დაემატა და მისი გადაკეტვა აიკრძალა. ამ მუხლის დარღვევა პატიმრობას ითვალისწინებს.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.