Jump to content
Planeta.Ge

ქურდოვანიძე: მზია ამაღლობელი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, ამბობს, რომ გაუძლებს და სასამართლო პროცესში მიიღებს მონაწილეობას


„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და გეგმავს, რომ სასამართლო პროცესში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც მარტშია ჩანიშნული. მის კომენტარს „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელი დღეს მოინახულა. როგორც მან მონახულების შემდეგ განაცხადა, ამაღლობელი შედარებით უფრო სუსტად გრძნობს თავს, ვიდრე მანამდე, როდესაც ქურდოვანიძემ ბოლოს ის მოინახულა.

„როგორც იცით, მზია ამაღლობელი 23-ე დღეა შიმშილობს. ის არის სრულ შიმშილობაზე და მხოლოდ წყალს იღებს. ბუნებრივია, ეს გავლენას ახდენს მის ჯანმრთელობაზე. ის შედარებით უფრო სუსტად გრძნობს თავს, ვიდრე მანამდე გრძნობდა, როდესაც მე მას ბოლოს შევხდი. თუმცა ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

მზია ამბობს, რომ ის ამას კიდევ გაუძლებს და პროცესში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მარტშია ჩანიშნული. ის ასევე, უარყოფითად და ემოციურად აფასებს იმ განცხადებებსაც, რომელიც „ქართული ოცნების“ სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან კეთდება. კერძოდ, როდესაც ისინი საუბრობენ იმაზე, თითქოს ეს არის შანტაჟი მზიას მხრიდან. მზია ამაღლობელს თავიდანვე ცხადად ჰქონდა ნათქვამი, რომ ის არ ითხოვს შიმშილობის გამო რაიმე შეღავათებს მის საქმესთან დაკავშირებით. ეს არის მისი გადაწყვეტილება, იმ უსამართლობის გამო, რომელიც ქვეყანაში ხდება, არა მარტო მის საქმეზე, არამედ ზოგადად. აქედან გამომდინარე, ის პროტესტის ამ ფორმას აგრძელებს.

ჩვენ ჩვენი მხრივ ვალდებულები ვართ, რომ ადვოკატები ვმოქმედებდეთ მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად. სწორედ ამიტომ, ჩვენ მიმართული გვაქვს სახალხო დამცველისთვის, რომ მან სპეციალური ჯგუფი შექმნას, რომელიც მონიტორინგს განახორციელებს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ასევე, ვითხოვეთ არა ერთი კვლევის ჩატარება. დღეს ჩამბარდა ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩატარებული კვლევების შედეგები. ამას გავეცნობით და შემდეგ გვექნება შესაძლებლობა შევაფასოთ რაიმე პროცედურა არის თუ არა ისეთი გამორჩენილი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დროულად ჩატარდეს”, – განაცხადა ქურდოვანიძემ.

დღეს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მზია ამაღლობელმა ჭამა უნდა დაიწყოს და „დამთავრდება ყველაფერი“.

მდინარაძეს ჟურნალისტმა ჰკითხა, „თქვენ ელოდებით, რომ რაღაც პოზიტიური შედეგებით დასრულდება მისი შიმშილობა? თქვენ რას ელოდებით?“ რაზეც მდინარაძემ თქვა, რომ „შიმშილობა, საერთოდ, სრულდება სიკვდილით და ამისკენ მოუწოდებენ“.


„ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 23-ე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.

13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.

 

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...