"ყვიროდა, შვილებს ქუჩაში ნუ დამიტოვებთო", "ფეხს ვერ დგამდა, ჯოხებით დადიოდა... წერდა წერილებს, ითხოვდა ბინას, 18 კვადრატულ ბინაში ვცხოვრობთ 13 წელია" - რას ამბობს ზამირ კვეკვესკირის შვილი?
კლინიკაში რამდენიმე დღე ებრძოდა სიკვდილს 44 წლის ზამირ კვეკვესკირი. ახალგაზრდა კაცი, რომელმაც დევნილთა სააგენტოს ეზოში 27 იანვარს თავზე ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა. მამაკაცს სხეულის 65 პროცენტი დამწვარი ჰქონდა, ექიმები მის გადარჩენას უშედგოდ ცდილობდნენ.
ზამირი კვეკვესკირის გარდაცვალებაზე ინფორმაცია გუშინ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ.
"ჯანდაცვის სამინისტრო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზამირ კვეკვესკირის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს. 44 წლის ზამირ კვეკვესკირის სიცოცხლის გადასარჩენად, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ექიმები, 5 დღის განმავლობაში, თავდაუზოგავად იბრძოდნენ. ზამირ კვეკვესკირმა, 27 იანვარს, სხეულზე, მძიმე თვითდაზიანება მიიყენა. ის სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი, თუმცა, ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, სამწუხაროდ, გარდაიცვალა", — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ახალგაზრდა კაცი აფხაზეთიდან, კერძოდ ოჩამჩირიდან ყოფილა დევნილი და სახელმწიფო უწყებებისგან ითხოვდა ამდენი წლის განმავლობაში დახმარებას, კუთვნილი ბინის მიღება სურდა, რადგან ოჯახი წლებია უკიდურესად მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს. ნაძალადევის რაიონში, ყოფილი გამგეობის შენობაში 18 კვადრატულ ოთახში ცხოვრობდა ზამირი მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად. ამას მისი ჯანმრთელობის პრობლემებიც დაემატა, ფეხზე ოპერაციის გაკეთება სჭირდებოდა, მაგრამ უშედეგოდ მთავრდებოდა მისი ვიზიტი უწყებებში. აწერინებდნენ განცხადებებს, სახლში მოდიოდა სოციალური მუშაკი შემოწმებაზე, ჰპირდებოდნენ, რომ ბინას მისცემდნენ, მაგრამ უშედეგოდ. როგორც ახლობლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, 27 იანვარს დილის 10 საათზე გავიდა კასტილებით სახლიდან ზამირ კვეკვესკირი, მას გადაადგილება უჭირდა, რადგან ფეხი ჰქონდა დაზიანებული და საოპერაციო იყო. დევნილთა სააგენტოს შენობაში იმ იმედით მივიდა, რომ ამჯერად მაინც შეხვდებოდა რომელიმე პასუხისმგებელ პირს, რომელიც მისი პრობლემის გადაწყვეტას შეძლებდა, მაგრამ იქ მისულს შესასვლელში უთხრეს, რომ მას ვერავინ შეხვდებოდა და განცხადება დაეწერა, ამის გამო გაბრაზდა, რადგან განცხადება არაერთხელ ჰქონდა დაწერილი და უშედეგოდ. იქვე ეზოში ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე, ან თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა სტადიაშია ეს საქმე და მიეცემა თუ არა ვინმე პასუხისგებაში მომხდარის გამო. იმასაც ამბობენ, რომ ამ ფაქტს წინ უძღვოდა შელაპარაკება, თუმცა ვისთან ჰქონდა მას შელაპარაკება, ჩვენთვის უცნობია. თურე უმძიმესი ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრებიც არსებობს, რადგან შენობის წინ არაერთი კამერაა დამონტაჟებული და ასევე ზედა სართულიდან ვიღაცამ შეძლო ამ უმძიმესი კადრების გადაღება. დაცვის თანამშრომლები ცეცხლის ჩაქრობას შეეცადნენ, ჯერ წყლით, შემდეგ კი ცეცხლმაქრით, მაგრამ მამაკაცს სხეულის 65 პროცენტი დამწვარი ჰქონდა. მას შემდეგ მართვით სუნთქვაზე იყო, სამწუხაროდ 1 თებერვალს კლინიკაში გარდაიცვალა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული და იმ 18 კვადრატულ ოთახში დღეს მიასვენებენ. კორპუსის ეზოში ახლობლები იყვნენ შეკრებილები, რომლებიც ძალიან განიცდიან მომხდარს. ახლობლებთან ერთად იდგა ზამირის 21 წლის ბიჭი, ნიკა კვეკვესკირი, რომელმაც გვიამბო მათი ოჯახის ტრაგედიაზე.
ნიკა კვეკვესკირი შვილი:
"მამაჩემი იმ დილას არ მინახავს. ისევ წასულა დევნილთა სამინისტროში რომ ეთხოვა დახმარება. ფეხი სტკიოდა, ავარიაში მოყვა და მას შემდეგ 6 ოპერაცია ჩაუტარდა, საშველი არ იყო, ფეხს ვერ ამოძრავებდა. ბოლოს წავიდა გერმანიაში, იქაც გაუკეთდა ოპერაცია, იქ უთხრეს, რომ ჩახვალ საქართველოში 6 თვეში ოპერაცია ისევ გაიკეთე და ამის შემდეგ შედეგი გექნება, შეძლებ მუხლის მოხრას და სიარულსო. ფეხი გაშეშებული ჰქონდა და კასტლებით გადაადგილდებოდა. ძირითადად მარცხენა ფეხს ეყრდნობოდა. საქართველოში ოპერაციის გაკეთებაზე უარი უთხრეს, ამას ჩვენ აქ ვერ გავაკეთებთო ვერანაირად და თურქეთში უნდა წახვიდეო. თურქეთში 10000 ევროს ითხოვდნენ, რომ იქ გაეკეთებინათ მისთვის ეს ოპერაცია. არც ამის საშუალება იყო, არც ბინას გვაძლევდნენ, 18 კვადრატულ ბინაში ვცხოვრობთ 13 წელია მამაჩემი, დედაჩემი და მე და ჩემი და. მამა დადიოდა დევნილების სამინისტროში, წერდა წერილებს ითხოვდა ბინას, ითხოვდა ოპერაციაში დახმარებას, მაგრამ უშედეგოდ. ყველგან მივიდა ბინა მინდაო, მაგრამ პასუხასაც არ აძლევდა არავინ და ბოლოს ეს გადაწყვეტილება მიიღო მამაჩემმა. მარტო იყო იმ დღესაც მისული, ეტყობა ითხოვდა ხელმძღვანელობასთან შესვლას, მაგრამ არც კი შეუშვეს, უთქვამთ წერილი დაწერეო, არადა ყოველ წელს წერდა წერილს და განცხადებას, პასუხი ერთი და იგივე იყო, თქვენ ხართ სიაში, იქნება თქვენი დაკმაყოფილება, მაგრამ როდის იქნება, ეს არავის არ უთქვამს. ყველა მოდის, ყველა გეუბნება მოგცემენ ბინას, მაგრამ არ გაძლევენ. იმ დღეს მამა მე არ მინახავს, მე არ ვიყავი სახლში რომ წავიდა, ფეხს ვერ დგამდა ჯოხებით დადიოდა და ტკივილები ჰქონდა ძალიან, მარცხენა ფეხს ვერ ამოძრავებდა საერთოდ და ბენზინით დაიწვა თავი პროტესტის ნიშნათ. სხეულის 65 პროცენტი ჰქონდა დამწვარი, აპარატზე იყო შეერთებული, მართვით სუნთქვაზე, მე ვერ ვნახულობდი, მხოლოდ მამიდას უშვებდნენ, ვერ გადაარჩინეს. ახლა არ ვიცი რა იქნება, მოსულები იყვნენ, ყველაფერს შევეცდებით რომ დაგაკმაყოფილოთო, მაგრამ მამა აღარ არის ცოცხალი. ჯერ ექსპერტიზაზეა მამა, აქ არ მოგვისვენებია. არასდროს უთქვამს, რომ თავს დაიწვავდა, ძალიან მხიარული კაცი იყო, არც კამათი და შელაპარაება არასდროს არ ჰქონია. ასე გადაწყვიტა.საუბარში ზამირის მეზობელი ჩაერთო, ისიც დევნილია ოჩამჩირიდან, ისინი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ.` უზარმაზარი სახლი და ეზო გვქონდა აფხაზეთში, ყველაფერი დავკარგეთ. ოჯახის წევრები დაგვეღუპა და წლებია ვერა და ვერ ხერდება ამ ხალხის დაკმაყოფილება, რომელმაც ამდენი გასაჭირი გამოვიარეთ. ზამირი ძალიან მხიარული, უწესიერესი და კარგი ადამიანი იყო. ის არასდროს არავის დაუშავებდა თავის თავს არაფერს, იძულებული გახდა ეს გაეკეთებინა. 18 კვადრატში ცხოვრობდა, იქ რომ შევიდა, იმის იმედი ჰქონდა, რომ სახელმწიფო დაეხმარებოდა, დადიოდა, წერდა განცხადებებს, მაგრამ არავინ ეხმარებოდა.
"უმძიმესია, საშინელი სანახავია ის კადრები, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა ამ საშინელი ტრაგედიის შემდეგ. კაცმა ბენზინი გადაისხა, ერთ მეტრზე იყო ცეცხლის ალი, იწვოდა და იმის ნაცვლად, რომ ეყვირა მიშველეთ, გადამარჩინეთო, ყვიროდა, შვილებს ქუჩაში ნუ დამიტოვებთო. წარმოიდგინეთ, ამაზე მეტი წყევლა რა უნდა იყოს. ვისაც ეს ევალებოდა და არ გააკეთა. საერთოდ კითხულობენ იმ განცხადებებს, რომელსაც წერს ასეთ გაჭირვებაში მყოფი ადამიანები? რატომ არ აკმაყოფილებენ? ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა, როცა პროტესტის ნიშნად დევნილი ასეთ საშინელ გადაწყვეტილებამდე მიდის. ადრე ქალმა გადაისხა ბენზინი და თავი დაიწვა, თბილისის ზღვაზე მამაკაცმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა, ვიღაც მეშვიდე სართულიდან გადმოხტა, ახლა ზამირიმ ასეთი საშინელება დაატრიალა. ხომ უნდა დაფიქრდნენ ამაზე ისინი, ვისაც ევალება ამ პრობლემების გადაწყვეტა, რომ ასე როცა უჭირს ადამიანს, მას უნდა დაემხაროს სახელმწიფო. ზამირს ყველგან ვეძებდით იმ დღეს, ტელეფონი გათიშული იყო და საღამოს გავიგეთ, რომ კლინიკაში იყო გადაყვანილი. იქნებ ახლა მაინც მიხედოს ვინმემ მის ოჯახს და მისცეს ამ ადამიანებს ბინა. ძალიან დასანანია, რომ ზამირი აღარ არის",- ამბობს ახლობელი.
კიდევ ერთი ადამიანი გვიამბობს:
"ძალიან წესიერი კაცი იყო, ჩემს სანაცნობოში არ არსებობს ისეთი მოწესრიგებული ბიჭი, როგორიც ზამირი იყო. ცოცხალს ადამიანს ეშველება, კარგი იყო რომ არ გაეკეთებინა, მაგრამ ძალიან ნერვიულობდა. 4 წელია, რაც ცუდად იყო, გადაადგილება უჭირდა, ფეხს ვერ ამოძრავებდა და ეზოში რომ ჩამოვიდოდა ასვლაში ჩვენ ვეხმარებოდით, რომ მეოთხე სართულზე ასულიყო. წარმოიდგინეთ ერთ 18 კვადრატულში ჰქონდა საპირფარეშოც, სამზარეულო, მისაღები და საძინებელიც. ერთი საწოლი და ასევე ორსართულიანი საწოლი ედგათ, სადაც ზევით და ქვევით მის შვილებს, და-ძმას ეძინა, იმავე ოთახში იყო ცოლ-ქმარი. ამოუვიდა ყელში კაცს 13 წელი ასეთი ცხოვრება, ხარ სულ იმის მოლოდინში, რომ მოგცემენ ბინას და არაფერი ისმის. მიეცი ასე რომ უჭირს იმ ადამიანს, იქნებ აწი მაინც გამოიღვიძონ, რომ კიდევ არ მოხდეს ასეთი საშინელება. მეოთხე სართულზე ორი კასტილით ადიოდა, ეზოში ჩამოდიოდა, სახლშიც ვერ ეტევი ადამიანი, 18 კვადრატში როცაა ყველაფერი. ვისაც სჭირდება იმას უნდა მისცენ. ნეტავი მაცოდინა, რომ მოდიოდნენ ამ ოჯახში შემოწმებაზე რას ნახულობდნენ ამათთან, რომ ამდენი წელი არ დაადგათ საშველი. კაცი ცოცხლად იწვოდა და ხელით ანიშნებდა, ითხოვდა შვილები არ დამიტოვოთო. კიდევ იმის აზრი ჰქონდა, რომ მისი ეს სურვილი მაინც ასრულებულიყო. მუშაობა რომ არ შეეძლო, ამასაც განიცდიდა, ოპერაციის ფული არ ჰქონდა, დამოკიდებული იყო მეუღლეზე და შვილზე ეს ახალგაზრდა კაცი. ეს ბავშვი, ნიკა, 15 წლიდან მშენებლობაზე მუშაობს, რომ ოჯახს დაეხმაროს, ზამირის მეუღლე დალაგებებზე დადიოდა, წვალობდა ოჯახი, ამას წამალი უნდოდა, ოპერაციისთვის საკმაოდ დიდ თანხას ითხოვდნენ. უწყებაში მისულსაც არავინ მოუსმინა და ასეთი განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს. იქნებ ვინმეს მოისმენა მაინც, პასუხისმგებელ პირთან რომ შეეშვათ და დალაპარაკებოდა იქნებ ასეთი რამე არ ჩაედინა. იქნებ, ის აძლევდა ბინას ამ ახალგაზრდა კაცის გასაჭირს რომ მოისმენდა. შენობაში შევიდა და წერილი დაწერეო უთხრეს, ეს წერილი ბევრჯერ ჰქონდა დაწერილი, მაგრამ არავინ აქცევდა ყურადღებას და ხელჯოხით იქ მისულმა ეს ჩაიდინა. არ ვიცი ამაზე მწარე რა უნდა იყოს. საქმე აღძრეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, ვინ მიიყვანა თვითმკველობამდე, მე მივიყვანე? ისევ იმ უწყებებთან მიდის ეს საქმე, ვინც დაიწყო ამ საქმის გამოძიება. იქნებ ამ უმძიმესმა ამბავმა მაინც შეაფხიზლოს ხელისუფლება. ძალიან მაგარი ადამიანი აღარ არის, ეს დიდი უბედურებაა. რომ მიდიხარ უწყებებში იქაც ზემოდან გიყურებენ, არავის უნდა შენი მოსმენა, ეს უნდა დასრულდეს. არც სახლი ჰქონდა, არც ჯანმრთელობის მოგვარებისთვის საჭირო თანხები, რომ წასულიყო თურქეთში და ჩაეტარებინა ოპერაცია. თავი გაწირა ოჯახისთვის", -ა მბობს მეზობელი.
"კვირის პალიტრა" ზამირ კვეკვესკირის ოჯახს სამძიმარს უცხადებს და იმედს ვიტოვებთ, რომ ამ უმძიმესი ტრაგედიის მსგავსი ტრაგედიები ქვეყანაში არ დატრიალდება.
კვირის პალიტრა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.