Jump to content
Planeta.Ge

მარინა ტერიშვილი: 1992 წელს ხალხი იბრძოდა თავისუფლებისთვის და ჩემი შვილი შეეწირა ამას, ახლაც არის ბრძოლა და ჩემი შვილიც არის დაკავებული


მარინა ტერიშვილი, რომლის შვილი მამუკა ტერიშვილი 1992 წლის 2 თებერვალს მიტინგზე მოკლეს, მეორე შვილი, გიორგი ტერიშვილი კი მიმდინარე აქციების გამო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებითაა დაკავებული, TV პირველთან საუბარში 33 წლის წინ მომხდარს იხსენებს და ამბობს, რომ საზოგადოება დღესაც იმავე ბრძოლაშია.

„იმ უბედურ კვირა დღეს, ჩემთვის უბედურ და სისხლიან დღეს, დილით რომ ადგნენ, მიდიოდნენ, ესენი ცოტა ადრე წავიდნენ და მე ვუთხარი, დედიკო, ცოტა ფრთხილად იყავით მაინც-მეთქი, ხომ ხედავ, წინა საღამოს გამოაცხადეს, მიტინგებზე არ გახვიდეთ, თორემ დავარბევთო. იმის მიუხედავად, რომ ხალხს შეშინებოდა, უფრო მეტი ხალხი იყო გასული იმ 2 თებერვალს.

მამუკამ ხელი გადამხვია და მოფერებით მითხრა: რა მოხდება, დედა, ერთი შვილი შენც შესწირო საქართველოსო. ამ სიტყვების გამგონე მე რა ჭკუაზე უნდა ვყოფილიყავი? დღემდე ეს სიტყვები ჩემი გონებიდან არ ამოდის და არც ამოვა, როგორ უნდა ამოვიდეს, სანამ ცოცხალი ვარ.

იმათ რომ სროლა დაიწყეს, პირველი ტყვია ჩემს მამუკას მოხვდა, როგორც მედროშეს. მე მამუკას პერანგიც მაქვს…

მაშინ ის ხალხი იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის და შეეწირა ჩემი შვილი ამას. ახლაც არის ბრძოლა ქვეყნის გადარჩენისთვის, ისევ დამოუკიდებლობა და თავისუფლება რომ შევინარჩუნოთ და ევროპული მომავლისთვის. ჩემი შვილიც არის დაკავებული. სულ დადიოდა მიტინგებზე. ჩემს შვილებთან ერთად მაშინაც და ახლაც რომ მიდიოდა ხოლმე გიორგი, მეც მივდიოდი და ახლაც დავდივარ.

ღმერთმა უმრავლოს საქართველოს ასეთი შვილები, ვისაც საქართველოზე გული შესტკივა, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის იბრძვის და ამ ბრძოლისთვის არ იშურებს ხალხი სიცოცხლეს – ასეთი გმირები უმრავლოს ღმერთმა.

რაც 1992 წლის 2 თებერვალს მოხდა, ის 9 აპრილის ტოლფასი იყო. 9 აპრილს რუსის ჯარმა დახოცა ქართველები, იქ ქართველების ხელით მოხდა ეს. იგივე ხდება ახლაც, რა განსხვავებაა? ისევ რუსეთის დავალებით ხდება ყველაფერი“, – თქვა მარინა ტერიშვილმა.


მარინა ტერიშვილის შვილი, გიორგი ტერიშვილი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებითაა დაკავებული.

მას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. ის წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

გიორგი ტერიშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 მარტსაა ჩანიშნული, სასამართლო მის საქმეს გაერთიანებულად, 10 სხვა ბრალდებულთან ერთად განიხილავს.


1992 წლის 2 თებერვალს ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერები ვაგზლის მოედნიდან მთავრობის კანცელარიისკენ მიემართებოდნენ, როდესაც მათ ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულთა და დაჭრილთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი დღემდე არ არის.

მას შემდეგ, რაც 1992 წლის 6 იანვარს ზვიად გამსახურდიამ და მისი მთავრობის წევრებმა საქართველო დატოვეს, დედაქალაქში ზვიადის მხარდამჭერების გამოსვლები დაიწყო. რამდენიმე მიტინგი დროებითმა მთავრობამ – კიტოვანმა, სიგუამ და იოსელიანმა – დაარბია, აქციის მონაწილეებს ხელკეტებით და წყლის ჭავლით შლიდნენ. 2 თებერვალს მათ თამარ მეფის გამზირზე ცეცხლი გაუხსნეს.

მამუკა ტერიშვილი 17 წლის იყო.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...