მზია ჩემთვის მარტო მამიდა არ არის... ჩვენ არ გვყავდა მამა, მაგრამ გვყავდა მზია
"მინდა, გიამბოთ მზიაზე. ისეთ მზიაზე, რომელსაც არავინ იცნობს. სხვა მზიაზე. მზია ამაღლობელი, რომელზეც ახალი ამბების ყველა გამოშვებაში ლაპარაკობენ, ჩემი მამიდაა. მზია ამაღლობელი უკვე 21 დღეა შიმშილობს და წყლის გარდა არაფერს იღებს. მე პროფესიით ექიმი ვარ და ვიცი რას ნიშნავს ეს. ვიცი, რომ ყოველდღე, შესაძლოა, ჯანმრთელობამ უღალატოს, ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები და ეს სულ უფრო მეტად მაშინებს...
მზია ჩემთვის მარტო მამიდა არ არის, მზიას უკავშირდება მთელი ჩემი ცხოვრება, ბავშვობის ყველაზე ტკბილი და ყველაზე მწარე მოგონებები. 6 წლის ვიყავი, როცა 28 წლის მამაჩემი, მზიას ძმა დაიღუპა. იმ დილას მზია თავზე მედგა და მეფერებოდა. მაშინ გამიჩნდა პირველად განცდა, რომ მზია ჩემი მფარველი ანგელოზი იყო, რომელიც ცდილობდა, ჩემთვის ტკივილი აერიდებინა. დედამ და ბებომ ვერ შეძლეს არ გატეხილიყვნენ, მაგრამ შეძლო მზიამ... ახლა, ამდენი წლის შემდეგ, მიკვირს, როგორ შეძლო პატარა, 21 წლის გოგომ ამხელა ძალის მოკრება და პასუხისმგებლობის აღება ძმისშვილების აღზრდაზე. სწავლაზეც უნდოდა, უარი ეთქვა ჩვენზე რომ ეზრუნა, მაგრამ დაარწმუნეს, უთხრეს, რომ მის ძმას უხაროდა, როცა სწავლობდა და მხოლოდ ამით შეძლეს მისი გადარწმუნება. იმ საშინელ ბნელ წლებშიც კი ცდილობდა, ჩვენთვის ბედნიერი ბავშვობა შეექმნა და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა. ჩვენ არ გვყავდა მამა, მაგრამ გვყავდა მზია...
...არ მინდა ციხეში მნახოთ, მერე ამაზე ინერვიულოთ, ასე სჯობს თქვენთვის და ჩემთვის“ - ეს გვითხრა მამიდამ. მზია არის ქალი, რომელიც გასცემს და არასდროს ითხოვს. მზიას გარეშე სული დამიცარიელდა, მაგრამ ვცდილობ ძლიერი ვიყო. მზიას იმედს ვერ გავუცრუებ, მისი ხასიათი და შემართება არ მაძლევს რომ ხელი ჩავიქნიო, როგორც მზიამ გვითხრა უნდა ვიბრძოლოთ ყველგან სანამ გვიან არ არის, მზია გვჭირდები. მამიდა ძალიან გვჭირდები" | ამბობს "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, რეჟიმის პატიმრის, მზია ამაღლობელის ძმისშვილი მანანა ამაღლობელი ბათუმში, ახალი თეატრის მანიფესტის წარდგენისას ბათუმში
მთავარი არხი
მთავარი არხი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.