სახალხო დამცველი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს
სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ აქტიურ მონიტორინგს უწევს მზია ამაღლობელის უფლებების დაცვისა და მისთვის მიწოდებული სამედიცინო დახმარების ეფექტიანობის საკითხს.
აპარატის ინფორმაციით, დაკავების დღიდან, სახალხო დამცველმა და მისმა რწმუნებულებმა, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებულმა ექიმმა, მედიცინის დოქტორმა, შვიდჯერ მოინახულეს ჟურნალისტი. აქედან სახალხო დამცველის აპარატის ექიმი პენიტენციურ დაწესებულებაში 27 იანვარს იმყოფებოდა და უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ ვიზიტს განახორციელებს.
„იმ დროისთვის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს არასდროს ჰქონიათ და არ აქვთ უფლებამოსილება, თავად ჩაატარონ სამედიცინო გამოკვლევები პენიტენციურ დაწესებულებებში“, — აცხადებს სახალხო დამცველი.
სახალხო დამცველის აპარატი ამბობს, რომ გამოთხოვილი აქვს მზია ამაღლობელისთვის მიმდინარე კვირაში ჩატარებული დამატებითი კვლევების შედეგები, ხოლო ის სამედიცინო მასალები, რომლებიც ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატს გააჩნია, უკვე მიწოდებული აქვს მზია ამაღლობელის კანონიერი ინტერესების დამცველ ადვოკატს (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია).
„გარდა ამისა, მზია ამაღლობელის მდგომარეობისა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მზია ამაღლობელის მხარე მუდმივ რეჟიმში იღებს, დისტანციურად თუ პირადი შეხვედრებისას. სახალხო დამცველის აპარატისთვის ასევე ცნობილია, რომ ადვოკატმა გამოითხოვა მზია ამაღლობელის სამედიცინო დოკუმენტაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, რაც ჯერჯერობით არ მიუწოდებიათ. აპარატმა, ამ პროცესის დაჩქარების მიზნით, დაუყოვნებლივ, წერილობით მიმართა პენიტენციურ სამსახურს“, — აცხადებს ომბუდსმენის აპარატი და დასძენს, რომ პენიტენციური სამსახურის მხრიდან მასალების მიწოდება დაცვის მხარისთვის არ შეფერხდება.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.