Jump to content
Planeta.Ge

ფირცხალაიშვილი: ევროსაბჭოს დატოვებით ქვეყანას მოუწევს გასვლა უფლებათა ევროპული კონვენციიდან


საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი ანა ფირცხალაიშვილი ხსნის, რა ელოდება საქართველოს, თუ ევროსაბჭოს დატოვებს.

გუშინ, 29 იანვარს, მას შემდეგ, რაც PACE-მ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც „ქართულ ოცნებას“ ახალი არჩევნების ორგანიზებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, „ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, რომ ასამბლეაში მუშაობას წყვეტენ.

PACE-მა საქართველოზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა – „ოცნების” დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. დოკუმენტის სასარგებლოდ ხმა მისცა 114-მა წევრმა, წინააღმდეგი იყო – 13.

„ქართული ოცნების” წევრებისთვის „დათქმები მიუღებელია“.

ანა ფირცხალაიაშვილი წერს:

„ევროსაბჭოს დატოვებას საქართველოსთვის ძალიან სერიოზული ნეგატიური შედეგები მოჰყვება. განსაკუთრებით ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა, კანონის უზენაესობის და საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით.

ქვეყანას მოუწევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან (ECHR) გასვლა. რადგან:

ევროპის საბჭოს ყოველი წევრი ქვეყანა ავტომატურად არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერი, რომლის დაცვის მექანიზმიც არის სტრასბურგის სასამართლო.

ჩვენ – საქართველოს მოქალაქეები, იურიდიული პირები და თვით სახელმწიფო – დავკარგავთ უფლებას, საჩივრით მივმართოთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს. 

ევროსაბჭოდან გასვლის შემთხვევაში სახელმწიფოს (საქართველო) აღარ აქვს ვალდებულება, აღასრულოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები.

ჩვენ აღმოვჩნდებით პოლიტიკურ იზოლაციაში, რადგან:

ევროპის საბჭო არის მნიშვნელოვანი პლატფორმა ევროპული თანამშრომლობისთვის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებში.

გასვლა განიხილება, როგორც დისტანცირება ევროპული ღირებულებებისგან, რაც ნიშნავს ავტორიტარიზმის ოფიციალურ აღიარებას.

ევროკავშირთან ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდება, რადგან ეს უკანასკნელი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობას.

ექნება ნეგატიური ეკონომიკური და დიპლომატიური შედეგები, რადგან:

ევროპის საბჭოს წევრობა რეპუტაციულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში.

გამოსვლა კი შეაჩერებს ინვესტიციებს, რადგან ეს ჩაითვლება პოლიტიკური არასტაბილურობის ნიშნად.

საერთაშორისო ურთიერთობებზე ნეგატიური ზეგავლენას მოახდენს, რადგან:

ევროსაბჭო, ჯერჯერობით, მხოლოდ ბელორუსმა და რუსეთმა დატოვა.

თუ საქართველო ორგანიზაციას დატოვებს, ეს იქნება ძლიერი სიგნალი, რომ ისიც შორდება ევროპულ ინსტიტუტებს და რუსეთის მსგავსად ავტორიტარიზმის გზას ირჩევს”. – წერს ანა ფირცხალაიშვილი.

საქართველო ევროსაბჭოში 1999 წელს გაწევრდა. ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში დღეის მდგომარეობით 46 წევრი სახელმწიფოა. ორგანიზაციის ისტორიაში სულ 2 სახელმწიფოა, რომელიც გავიდა/გარიცხეს წევრობიდან: 

რუსეთი – 2022 წლის 16 მარტს უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ.

ბელორუსი, რომელსაც ჰქონდა სტუმრის სტატუსი და 2023 წელს გაუუქმდა მას შემდეგ, რაც ბელორუსმა უკრაინის ომში რუსეთს დაუჭირა მხარი.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...