Jump to content
Planeta.Ge

გიორგი შარაშიძე - „ქართული ოცნება“ აფორმებს მოსახლეობის მიერ გაკეთებული არჩევანის ღალატს - თუ ვინმე რევოლუციას აწყობს, ეს არის სწორედ „ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლება


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ზურაბ ჟვანიას გამოსვლიდან 26 წლის შემდეგ, ვხედავთ ქალბატონ თეა წულუკიანს, რომელიც ფაქტობრივად, აფორმებს საქართველოს მოსახლეობის მიერ გაკეთებული ცივილიზაციური არჩევანის ღალატს. სიმბოლური დამთხვევაა, რომ ზუსტად 26 წლისთავზე გააკეთა „ოცნებამ“ ეს, - ასე შეაფასა „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან მუშაობას წყვეტს.

როგორც გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა,

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გამართვამდე, პროპაგანდისტული, სახელისუფლებო მედია და მათი ჟურნალისტები პირადად, მათ შორის ჩემთანაც მოდიოდნენ კომენტარებზე იანვრიდან. მიმდინარე წლის დასაწყისში ჩვენმა პარტიამ გააგზავნა ოფიციალური წერილი სწორედ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში იმ მოთხოვნით, რომ „ოცნების“ თვითაღიარებული დელეგაციის ლეგიტიმაციის ცნობა არ მომხდარიყო. ამის შემდეგ სახელისუფლებო მედია მოდიოდა კითხვით: იყო თუ არა ეს არის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და როგორ აფასებთ ოპოზიციის მოთხოვნას, რომ ევროსაბჭომ ქართულ დელეგაციას უფლებამოსილება არ მიანიჭოსო? პირდაპირ ვეკითხები მათ, თუ ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედება იყო, მაშინ რა გამოდის, რომ თავად „ოცნებამ“ გააფორმა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება? მთელი პროპაგანდა ამაზე იყო აგებული. როგორც მათ სჩვევიათ, ოპოზიციას აბრალებენ იმას, რასაც თვითონ აფუჭებენ. იყო ასეთი პროპაგანდა, რომ ოპოზიცია ანტისახელმწიფოებრივად იქცევა, რადგან „ოცნების“ დე ფაქტო დელეგაციის უფლებამოსილების არცნობას ითხოვსო“, - განაცხადა შარაშიძემ.

მისი განმარტებით, ის ფაქტი, რომ ხელისუფლებისთვის პრინციპულად მიუღებელია ახალი არჩევნების ჩატარება, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ არჩევნები გაყალბდა და „ოცნების“ მხარდაჭერა ახლა ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

„ასეთი დაბალი მხარდაჭერა „ოცნებას“ არასდროს ჰქონია. რეალურად, მათ რომ მართლა ჰქონდეთ საზოგადოებაში მაღალი მხარდაჭერა, ბუნებრივია, ასეთ დიდ პრობლემებშიც არ გაეხვეოდნენ. სანქციები, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვიღებთ, ბუნებრივია, მათ ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის. მართალია კამერების წინაშე არ იმჩნევენ, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ ეს მათთვის ძალიან დიდი დისკომფორტია“, - განაცხადა შარაშიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებას დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი იმიტომ სჭირდება, რომ დამოუკიდებლად და სუვერენულად გააგრძელონ ფულის კეთება საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე. ამასთან, ის გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, დღეის მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილების ოჯახმა საქართველოში 8 ახალი სააქციო საზოგადოება დაარეგისტრირა. გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ დაწესებული სანქციებით ბიძინა ივანიშვილი როგორც ფინანსურად, ასევე პოლიტიკურადაც ჩამოიშლება.

„ივანიშვილმა შექმნა რეჟიმი და სამწუხაროდ, ის თავად არის იმ ტიპის დიქტატორი, რომელიც ერთდროულად დგას როგორც ფულზე, ასევე ძალაუფლებაზე. მას ფული სჭირდება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და ძალაუფლება სჭირდება იმისთვის, რომ არათუ შეინარჩუნოს საკუთარი ფული, არამედ კიდევ უფრო გაზარდოს საკუთარი აქტივები.

ბიძინა ივანიშვილი წარმატებით აკეთებს ფულს საქართველოში და მისი ქონებაც იზრდება. ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ სწორედ საქართველოში ნაშოვნი ფულით იზრდება ივანიშვილის ქონება. გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ივანიშვილი არის ქველმოქმედი და ის საქართველოში ფულს მხოლოდ საქველმოქმედო მიზნებისთვის ხარჯავს, არის სრული მითი. მას საქართველო, როგორც ბაზარი სჭირდება იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი აქტივი შესძინოს საკუთარ ქონებას...

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქმე გვაქვს რეჟიმთან, რომელსაც აქვთ უზარმაზარი რესურსები. ფაქტობრივად, მათ მიტაცებული აქვთ ხელისუფლება. მათ უყვართ საუბარი, რომ ვიღაც რევოლუციას აწყობს თურმე, რაც სრული აბსურდია. გაუგებარია რევოლუციის მოწყობაში დაადანაშაულო საკუთარი ხალხი, რომელიც ერთადერთი, რასაც ითხოვს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია. არჩევნების მოთხოვნა რევოლუციას არ ნიშნავს. თუ ვინმე რევოლუციას აწყობს, ეს არის სწორედ „ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლება, რომელსაც მინდა დავარქვა „ჰალსტუხიანი პეპლები“. ხომ გაგიგიათ ასეთი ფრაზა ერთ-ერთი ქართული ფილმიდან. სწორედ „ჰალსტუხიანი პეპლების“ რევოლუციასთან გვაქვს საქმე. შეკეტილები არიან საკუთარ კაბინეტებში, უზარმაზარი ძალაუფლება აქვთ კონსოლიდირებული და პირდაპირ ძალადობენ ხალხზე“, - განაცხადა შარაშიძემ.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...