მზია ამაღლობელი მიზანში ჟურნალისტური საქმიანობის გამო ჰყავთ ამოღებული – ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ] შეფასებით, ნეტგაზეთი/ბათუმეების თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავების საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორთან, გულნოსა საიდისთან ინტერვიუ “ამერიკის ხმამ” ჩაწერა.
“სამწუხაროდ, როგორც ჩანს, შიმშილობა ერთადერთი გზაა, იმ მოპყრობის გასაპროტესტებლად, რომელსაც ის იღებს. ეს აშკარად პოლიტიკური და პოლიტიზებული საქმეა. ის მიზანში ნამდვილად თავისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო ჰყავთ ამოღებული. ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ მაღალჩინოსნებს, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ის და საჭირო, აუცილებელი სამედიცინო დახმარება გაუწიონ […]
მზია ცნობილია თავისი კრიტიკული ჟურნალისტური მასალებით, ის ამიტომაც გამოარჩიეს. შესაბამისად ჩვენი პოზიციაა, რომ ის უნდა გაათავისუფლონ, რათა არ იყოს ისეთ კრიტიკულ მდგომარეობაში, რომლის შესახებაც [მისი ადვოკატები და კოლეგები] საუბრობენ. მაგრამ, ასევე, თუ ხელისუფლება გააგრძელებს გამოძიებას, ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ [მზიას] მიმართ არ იქნება ასეთი, პოლიტიზებული მოპყრობა, რაც უბრალოდ მისი საქმიანობის გამო აქვთ ახლა.
ასევე არ არის საჭირო მისი საპატიმროში დატოვება გამოძიების მსვლელობის დროს. “დანაშაულისთვის” სასჯელი, რომელიც მან ჩაიდინა 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. ეს ნათლად არაპროპორციულია ჟურნალისტის ქმედებასთან შედარებით. ეს ქართველმა მაღალჩინოსნებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმ ზოგად მდგომარეობას, როდესაც იყო არაერთი შეტაკების შემთხვევა მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის და იმ ადამიანებს, რომლებიც მზიას მსგავს პოზიციაში იყვნენ, არ მოექცნენ ისე, როგორც მას ექცევიან ახლა”, – აცხადებს ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის პროგრამის დირექტორი.
გულნოსა საიდი საუბრობს საქართველოში შექმნილ ვითარებაზეც. მისი შეფასებით, მედიის მდგომარეობა საქართვეკოში აზერბაიჯანში არსებულ სიტუაციას ემსგავსება.
“საქართველო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ნახევრად ავტოკრატია გახდა. სამწუხაროდ, მოშიმშილე პატიმართან მიმართებაში არსებული ეს ტაქტიკა მსგავსია სხვა ავტორიტარული ქვეყნების ხელისუფლების ციხის ადმინისტრაციისა, მაგალითად, ეს ძალიან ჰგავს აზერბაიჯანის ტაქტიკას. აზერბაიჯანში გვინახავს არაერთი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტები შიმშილობენ. მიმართავენ სხვადასხვა ტიპის ხანგრძლივ, ხანდახან თვეების განმავლობაში შიმშილობას, რადგან ეს ერთადერთი გზაა მათთვის, მათ საქმეებზე ყურადღების მისაქცევად, პროტესტის გამოსახატად იმ ბრალდებებისადმი და მოპყრობისადმი, რაც მათ მიმართ აქვთ. სამწუხაროდ, ის, რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ აზერბაიჯანის მსგავსია და ესეც ძალიან შემაშფოთებელია, რადგან საქართველო ცნობილი იყო, როგორც ყველაზე თავისუფალი ქვეყანა კავკასიაში”, – აცხადებს საიდი.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.