Jump to content
Planeta.Ge

მედიაკოალიცია: საზმაუ არღვევს როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო სტანდარტებს


მედიის ადვოკატირების კოალიცია განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უხეშად არღვევს როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე წამყვან საერთაშორისო სტანდარტებსა და რეკომენდაციებს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის, ანგარიშვალდებულებისა და მედია პლურალიზმის კუთხით.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მაუწყებელი, „რომელიც „ქართული ოცნების” აშკარა გავლენის ქვეშაა“ ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ობიექტურ და სრულფასოვან გაშუქებას.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის მიკერძოებული საქმიანობა განსაკუთრებით საგანგაშოა დღეს, როდესაც ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობა უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავს „ქართული ოცნების“ მიერ მიტაცებული არჩევნების, წამების, მასობრივი ძალადობის, მათ შორის მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებისა და პოლიტიკური პატიმრების გამო. ამ კრიტიკულ პერიოდში მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკა მიზანმიმართულად უგულებელყოფს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების გაშუქებას და ცხადად წარმოაჩენს „ქართული ოცნების“ მიმართ აშკარა მიკერძოებას“, – წერია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, მაუწყებლის ხელმძღვანელობა სრულად უგულებელყოფს სამეურვეო საბჭოს და საკუთარი ჟურნალისტების ნაწილისა და საზოგადოების ლეგიტიმურ მოთხოვნას საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიის ფორმატების გაფართოების შესახებ.

„ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიმართული უწყვეტი პროტესტის პარალელურად, ყოველდღიური აქციები ტარდება საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინაც. პროტესტი გამოწვეულია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკის წინააღმდეგ. საინიციატივო ჯგუფის განმარტებით, გასული წლის დეკემბრის თვეში საგანგებო ეთერის ფორმატში საზოგადოებისთვის მცირე საეთერო დროის მოპოვება შესაძლებელი გახდა, თუმცა მალევე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიცემული პირობა დაარღვია და სახალხო ეთერი არ აღადგინა“, – წერია განცხადებაში.

მედიაკოალიცია ამბობს, რომ კრიტიკის საფუძველია ის ფაქტიც, რომ მაუწყებელი არ არის სოლიდარული კოლეგა-ჟურნალისტების მიმართ, ამ შემთხვევაში კი უკანონო წინასწარ პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის, რომელიც უკვე 18 დღე შიმშილობს.

„არსებულ ვითარებაში გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს მაუწყებლის ხელმძღვანელი პირების დაუყოვნებლივი გადადგომა და მათ ნაცვლად მიუკერძოებელი, პროფესიონალი პირების შერჩევა. აუცილებელია ცენზურის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრა და ჟურნალისტების პროფესიული დამოუკიდებლობის სრული უზრუნველყოფა. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების, სამეურვეო საბჭოსა და თანამშრომელთა ნაწილის სამართლიანი მოთხოვნების სათანადო გათვალისწინება პროგრამული პოლიტიკის შემუშავებისას. საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მედიის თავისუფლებას, არამედ მთლიანად დემოკრატიულ პროცესს საქართველოში“, – წერია განცხადებაში.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...