ახლობლების თქმით, გლდანის ციხეში სასტიკად სცემეს პატიმარ იოსებ გორგაძეს
გლდანის სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებასთან პატიმარ იოსებ გორგაძის ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ და ციხის ადმინისტრაციასთან შეხვედრა მოითხოვეს.
მათი თქმით, იოსებ გორგაძე სასტიკად არის ნაცემი და კლინიკა „ვივა მედშია” გადაყვანილი. მათივე ინფორმაციით, შემთხვევა 1 კვირის წინ მოხდა.
ოჯახის წევრებს და ახლობლებს აინტერესებთ, ვინ და რატომ გაუსწორდა იოსებ გორგაძეს.
„აქვს კანზე დაზიანება. არ ვიცით, ეს უბედური შემთხვევა იყო თუ ვინმემ გამიზნულად გააკეთა. დაზიანებები ისეთია, რომ დიდი ალბათობით, განზრახ მიყენებული ზიანია. გვაინტერესებს, ასეა თუ არა. ვითხოვთ ამაზე პასუხს. რა ინფრმაციაც მაქვს, აქვს თავის ქალა გატეხილი, ყელზე არის ისეთი ჭრილობები, თითქოს ახრჩობდა ვიღაც”. – თქვა გლდანის ციხესთან მისულმა მეზობელმა.
მისივე თქმით, ინფორმაცია ახლობლებს ადვოკატმა მიაწოდა, ხოლო ადვოკატს, თავის მხრივ, გორგაძის თანამესაკნემ მიაწოდა.
კიდევ ერთი მეზობელი ამბობს, რომ იოსებ გორგაძე მართვით სუნთქვაზეა.
გლდანის ციხესთან შეკრებილებს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ჯერჯერობით არავინ შეხვედრია.
„ვივა მედის” კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, იოსებ გორგაძის შესახებ ინფორმაცია მიწოდებულია პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტისთვის, სხვა განცხადების გაკეთების უფლება კი მას არ აქვს.
ინფორმაციას გამოეხმაურა სახალხო დამცველი, რომელიც აცხადებს, რომ პატიმრის მდგომარეობის გადასამოწმებლად აპარატის წარმომადგენელი კლინიკაში იმყოფებოდა.
„29 იანვარს მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია კლინიკა „ვივამედში“ ერთ-ერთი პატიმრის მძიმე დაზიანებებით მოთავსების შესახებ. შესაბამისად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, გაცნობებთ, რომ სახალხო დამცველის რწმუნებული პატიმრის მდგომარეობის გადამოწმებისა და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრების მიზნით, კლინიკაში იმყოფებოდა. საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად, სახალხო დამცველის რწმუნებული ასევე, იმ პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, საიდანაც დაშავებული ბრალდებული 23 იანვარს კლინიკაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, უშუალოდ „ვივამედში“ მოთავსებულ პატიმართან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
აპარატის მიერ შეკრებილი ინფორმაციიდან დეტალების გასაჯაროებისგან თავს ვიკავებთ, ერთი მხრივ განსაკუთრებული პერსონალური მონაცემების დაცვის, მეორე მხრივ კი მიმდინარე გამოძიებაზე მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელების მიზნით.
სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილია, რომ დაწყებულია გამოძიება პატიმრის დაზიანებების წარმოშობის მიზეზების დადგენის მიზნით. სახალხო დამცველი მოუწოდებს გამოძიებას, შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს ფაქტის გამოძიება და პატიმრის დაზიანებების წარმოშობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზების დადგენა.
გარდა ამისა, როგორც აპარატისთვის არის ცნობილი, პატიმრის ოჯახის წევრები მიუთითებენ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა მათ ინფორმაცია მომხდარის შესახებ არსებითი დაგვიანებით მიაწოდა. სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის მოცემულ საკითხსაც.
სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მალე გაუმჯობესდება. აპარატი გააგრძელებს მისი უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას”.
„პუბლიკა” დაუკავშირდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს. მასალა უწყებიდან ინფორმაციის მიღებისთანავე განახლდება.
იოსებ გორგაძე დაკავებულია ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. ავარია 2024 წლის ოქტომბერში მოხდა.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.