ფსიქოლოგები ომბუდსმენს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესაფასებლად ექიმთა კონსილიუმის შექმნისკენ მოუწოდებენ
საქართველოში მომუშავე ფსიქოლოგები „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.
ისინი მოუწოდებენ სახალხო დამცველს, უზრუნველყოს კვალიფიციურ ექიმთა კონსილიუმის შექმნა, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება.
„ჩვენ, საქართველოში მომუშავე ფსიქოლოგები, გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას „ნეტგაზეთი”/„ბათუმელების” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. უკვე მე-18 დღეა, რაც მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
2025 წლის 28 იანვარს, ექიმებმა გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც ისინი გამოთქვამენ საფუძვლიან შიშს მზია ამაღლობელის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის შესახებ.
ჩვენ, ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგის წარმომადგენლები, საქართველოს სახალხო დამცველს, როგორც ლეგიტიმურ ინსტიტუციას, გთხოვთ და მოგიწოდებთ, რომ უზრუნველჰყოთ დარგში აღიარებული, კვალიფიციური ექიმების კონსილიუმის შექმნა, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, შესაბამისი პროტოკოლის და წესების დაცვით.
თავისუფლება მზია ამაღლობელს!
თავისუფლება პოლიტპატიმრებს!”, – ნათქვამია განცხადებაში.
მიმართვაზე ხელმოწერა შესაძლებელია ამ ბმულზე.
დამოუკიდებელი ჟურნალისტი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ბათუმში აქციაზე დააკავეს. ის უკვე 18 დღეა, შიმშილობს და დაკავების დროიდან მხოლოდ წყალს იღებს.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დაკავებისას მზია ამაღლობელს მიაყენეს შეურაცხყოფა, მოექცნენ არაადამიანურად. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება დაუსაბუთებელი იყო. ზოგი იურისტი ფიქრობს, რომ ჟურნალისტისთვის ბრალდებად წარდგენილი მუხლი მის ქმედებას არ შეესაბამება.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.