Jump to content
Planeta.Ge

აქციების ფარგლებში დაკავებული 18 წლის საბა ჯიქია კვლავ პატიმრობაში რჩება


აქციების გარშემო მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული 18 წლის საბა ჯიქია მოსამართლე ლელა კალიჩენკომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

2006 წელს დაბადებულ ბიჭს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ბრალდების მიხედვით, საბა ჯიქია 1 დეკემბერს პარლამენტის მიმდებარედ აქციაზე თავს დაესხა გდდ-ის თანამშრომელს, ბექა გოტიაშვილს, კერძოდ, ფეხი დაარტყა.

საბა ჯიქია წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. დაცვის მხარე პროკურატურის მტკიცებულებებს სადავოდ ხდის.

საბა ჯიქიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე მსჯელობისას, პატიმრობის დასაბუთებად პროკურორმა თამარ იაკობაშვილმა დაასახელა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და მიმალვის საფრთხე.

ადვოკატის პოზიციით, დღეს ის საფრთხეები, რაც 7 დეკემბრის განჩინებაში იყო დასახელებული, შეიძლება, არსებობდეს, მაგრამ არა იმ დოზით, რომ ძალაში დარჩეს პატიმრობა. მისი თქმით, საქმეში ნეიტრალური მოწმე არაა – არის გამომძიებელი ან ექსპერტი და საბა ჯიქიას არ აქვს შესაძლებლობა, ზეგავლენა მოახდინოს ამ მოწმეებზე.

მისი პოზიცია იყო, რომ ვინაიდან საბა ჯიქია არ ცნობს თავს დამნაშავედ, დარჩენილიყო ის აღკვეთის ღონისძიების გარეშე, ალტერნატივად კი განეხილათ გირაო 5000 ლარის ოდენობით.

მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

საქმის არსებითი განხილვა 11 თებერვალს, 14:00-ზე დაინიშნა.

 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...