როგორ ცდილობს "ოცნება" ევროსაბჭოში თავის გადარჩენას?
როგორ ცდილობს რეჟიმი ევროსაბჭოში თავის გადარჩენას? - ვიდრე ასამბლეის სხდომაზე რეზოლუცია საბოლოოდ დამტკიცდება, მასში "ოცნების" წევრებს შესწორებები შეაქვთ. კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე დოკუმენტის კრიტიკული ნაწილები გივი მიქანაძემ გაასაჩივრა და საკუთარი მოთხოვნები წამოაყენა. ოლიგარქის პარტიას სურს, ტექსტში არ ჩაიწეროს დელეგაციისთვის ლეგიტიმაციის აპრილამდე მინიჭების საკითხი.
გარდა ამისა, "ქართული ოცნება" ასაჩივრებს ტექსტის იმ ნაწილს, სადაც საუბარია იმაზე, რომ ლეგიტიმაციის შენარჩუნების შემთხვევაში, "ოცნებას" უფლებები უნდა ჩამოერთვას. მიქანაZე ითხოვს, რომ ტექსტი სხვა სიტყვებით შეიცვალოს.
ტექსტში შესწორებები შეაქვთ პარტნიორებსაც. დიდი ბრიტანეთის დელეგაცია უფრო მკაცრი დოკუმენტის დამტკიცებას ითხოვს და ასამბლეის წევრებს მოუწოდებს, რომ "ოცნებას" ლეგიტიმაცია საერთოდ არ მიანიჭონ.
ასევე ირკვევა, რომ მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე განსაკუთრებულად აგრესიული თეა წულუკიანი იყო. ის ოპოზიციონერი ლიდერების გამოსვლას აპროტესტებდა, სადაც ისინი ადამიანის უფლებების დარღვევაზე საუბრობდნენ. წულუკიანი სხვა ტიპის ტექსტის დამტკიცებას ითხოვდა. "ოცნების" წევრს ამის გამო შენიშვნაც კი მისცეს და დარბაზი დაატოვებინეს.
ერთია, როგორ საუბრობენ ისინი ქვეყნის შიგნით ანუ ქართულ პროპაგანდაში როგორ იყენებენ ამას და მეორეა აქ როგორ საუბრობენ. აქ, ფაქტია, რომ ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევს მათთვის ეს. მე ვიცი, რომ თბილისში ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ გამარჯვება. არანაირი გამარჯვება არ არის, იმიტომ, რომ იმდენად მძიმე პირობებია მათთვის, რასაც ყოველთვის უარყოფდნენ, შესაბამისად, მათი წარმოდგენილი ცვლილებები იმას გულისხმობს, რომ უნდათ ეს, რაც არის ჩაწერილი. თეა წულუკიანი ძალიან აგრესიული იყო, ისე, რომ შენიშვნაც კი მიიღო კომიტეტის სხდომაზე, იმიტომ, რომ ძალიან თავს დაესხა ოპონენტებს. ისინი ძალიან გამწარებულები არიან ამ მდგომარეობით, მაგრამ მეორეა, რომ ეს არის ყველაფერი ის, რაც საქართველოს, ქართულ დემოკრატიას, ქართულ სახელმწიფოს სჭირდება. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ეს ორთვენახევარი „ქართულ ოცნებას“ მოუწევს პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში ამ ყველა საკითხზე, 7 თუ 8 საკითხია, პასუხის გაცემა ევროსაბჭოსთვის და ევროსაბჭოს ყველა ქვეყნისთვის, - ამბობს გახარიას გუნდის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ ევროსაბჭომ აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში დააყენა, ცხადყოფს, რომ ვითარება მძიმეა.
ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ როგორც სხვა საერთაშორისო ფორმატებში, ევროსაბჭოშიც არის ძალიან მკაფიოდ დანახული, რომ ეს ხალხი არ ასრულებს იმ სამართლებრივ და პოლიტიკურ პრინციპებს, რომელიც ევალება დემოკრატიული სახელმწიფოს ხელისუფლებას, რომ შეასრულოს ამ ქვეყნის კონსტიტუციით და ევროსაბჭოს სტანდარტებით. თავისთავად, საკითხის დღის წესრიგში დაყენება, ერთი და მეორე, კომიტეტის მიერ საკითხის ასე დაყენება, რომ შეუძლებელია, ჩვეულებრივ გაგრძელდეს ამ დელეგაციასთან ურთიერთობა ევროსაბჭოს ფორმატში, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ძალიან მძიმედ არის ვითარება, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია ამბობს, რომ მსგავს საკითხზე მსჯელობა საქართველოსთან მიმართებით არასდროს ყოფილა და ეს რეპუტაციულ ზიანს არა მხოლოდ "ოცნებას", არამედ მთლიანად ქვეყანას უქადდის.
ან აპრილამდე „ქართული ოცნება“ დანიშნავს ახალი წესებით არჩევნებს და გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს და ასევე გამოიძიებს პოლიციის დანაშაულებს, თუ არადა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გაირიცხება ევროსაბჭოდან. ეს არის კატასტროფა, რასაც ეს ხალხი გვიქადის. ასეთი ტიპის მსჯელობა საქართველოსთან დაკავშირებით არ ყოფილა. მეტსაც გეტყვით, ასეთი ტიპის მსჯელობაც უიშვიათესი მოვლენაა , ამგვარი შედეგები დამდგარა მხოლოდ რუსეთის, ბელორუსიის და აზერბაიჯანის შემთხვევაში. საქართველო შეიძლება, იყოს მეოთხე. ევროკავშირის კი არა, მეგობრებო, ევროსაბჭოს წევრობა შეიძლება, დავკარგოთ, - ამბობს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, რომ PACE-ს მონიტორინგის კომიტეტმა გუშინ გამოაქვეყნა დასკვნა, რომლითაც "ქართულ ოცნებას" მოუწოდა, ხელახალი არჩევნების ჩანიშნოს და 2025 წლის აპრილამდე ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს. რეზოლუცია ზოგადად ხაზს უსვამს საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ძალოვნების მხრიდან ძალადობას, მათ დაუსჯელობას.
დასკვნას ევროსაბჭოში კენჭი დღეს, 29 იანვარს უნდა უყარონ.
ტვ პირველი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.