გიორგი შარაშიძე - კორუფციული გარიგება! საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე „ოცნების“ უკანონო ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი სპონსორისთვის დამატებით 12 სართულის მშენებლობის ნებართვა გაიცემა
„ოცნების“ უკანონო და თვითაღიარებული ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი სპონსორი, ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორის ნოშიკო ნამორაძის კომპანია ჭავჭავაძის გამზირზე, სპორტის აკადემიის ტერიტორიაზე ცათამბჯენისთვის დამატებით 12 სართულის მშენებლობის ნებართვას მიიღებს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც შარაშიძემ აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებით, რაც დამტკიცებულ 47 სართულზე 12 სართულის დამატებას გულისხმობს, ვითარება როგორც ურბანული, ისე არქიტექტურული და სატრანსპორტო კუთხით კიდევ უფრო დამძიმდება.
“დღეს 28 იანვარს თბილისის საკრებულოს სხდომაზე, „ოცნების“ უკანონო და თვითაღიარებული ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი სპონსორი, ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორის, ნოშიკო ნამორაძის კომპანია ჭავჭავაძის გამზირზე, სპორტის აკადემიის ტერიტორიაზე თბილისის ამ უბნისთვის სრულიად შეუსაბამო ცათამბჯენისთვის დამატებით 12 სართულის მშენებლობის ნებართვას მიიღებს.
ამ საკითხზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით ჩვენ ჯერ კიდევ ორი წლის წინ მივმართეთ გენერალურ პროკურატურას, რაც სისტემურ პოლიტიკურ კორუფციას და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების „შავი ფულით“ გაყალბებას უკავშირდებოდა.
შარშან აგვისტოში განაშენიანების გენერალურ გეგმაში კ2 კოეფიციენტის გაზრდა გავაპროტესტეთ, რის საფუძველზეც უკვე დღეს „ოცნების“ სპონსორს კალაძის უსიტყვოდ მორჩილი საკრებულო ოფიციალურად გაუფორმებს მრავალმილიონიან აქტივს.
ჭავჭავაძის გამზირზე, ყოფილი სპორტის აკადემიის ტერიტორიაზე ისედაც დაუშვებელი იყო ასეთი მაღალსართულიანი შენობისთვის ნებართვის გაცემა, რაც თბილისის იერსახისთვის სრულიად შეუსაბამო და მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველია.
დღეს კი ამ გადაწყვეტილებით, რაც დამტკიცებულ 47 სართულზე დამატებით 12 სართულის დამატებას გულისხმობს, ვითარება როგორც ურბანული, ისე არქიტექტურული და სატრანსპორტო კუთხით კიდევ უფრო დამძიმდება!
კიდევ უფრო გაურთულდება ცხოვრება თბილისელებს, რამდენიმე პრივილეგირებული ოჯახი კი კიდევ უფრო გამდიდრდება და გაამდიდრებს ოცნების კორუფციულ ყულაბას!
მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებისთვის“ კარგად არის ცნობილი ყველა ის ნეგატიური შედეგი, რაც ურბანული თვალსაზრისით ამ პროექტის განხორციელებამ შეიძლება გამოიწვიოს, „ოცნება“ მზადაა თბილისელების ინტერესების საწინააღმდეგოდ საკუთარ სპონსორებს უკანონო საქმიანობა დაუკანონოს.
საკრებულოს ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ოცნება“ დგას კორუფციულ ფულზე და სპონსორებზე, ვისი „შავი ფულითაც“ აყალბებს არჩევნებს და ინახავს მოძალადე რეჟიმს.
ჩვენ, გახარიას გუნდი, ვპირდებით მათ, რომ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა და პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზირებული ყველა იმ ადამიანის, ვინც პირდაპირ მონაწილეობს ამ უკანონო და კორუფციულ სქემებში”,- აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.