Jump to content
Planeta.Ge

“შეშფოთებული ვართ ბაქოში ადამიანის უფლებების მდგომარეობით” – Amnesty International


საერთაშორისო ორგანიზაციამ, “Amnesty International-მა” გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ “დიდი ხანია შეშფოთებული არიან აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მდგომარეობით”.

“მათ შორის გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების მიმართ რეპრესიები,”- ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაციის ანგარიშში მითითებულია სამართლიანი სასამართლოს უფლებების ფართოდ დარღვევები და სისხლის სამართლის სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის ბოროტად გამოყენება.

ანგარიშის ნაწილი ეძღვნება უფლებადამცველებისა და ხელისუფლების კრიტიკოსების თვითნებურ დაპატიმრებებს. კერძოდ, ანგარიშის ავტორებმა გაიხსენეს სისხლის სამართლის საქმეები უფლებადამცველ ანარ მამადლის, მეცნიერისა და პოლიტიკოსის გუბად იბადოღლუს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ტოფიგ იაგუბლუს, ახალგაზრდა მეცნიერების იგბალ აბილოვის და ბახრუზ სამედოვის წინააღმდეგ.

ანგარიშში ასევე საუბარია აქტივისტებისა და ჟურნალისტების დევნის შემთხვევებზე კლიმატის კონფერენციის “COP29-ის” დროს და მის შემდეგ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ კონფერენციის დროს, ცხოველთა უფლებების დამცველი კამრან მამადლი დაცვის თანამშრომლებმა სცემეს და მოკლე დროით დააკავეს ფორუმის მიღმა საპროტესტო აქციის გამართვის გამო. კონფერენციის შემდეგ, რამდენიმე კვირაში დააკავეს უფლებადამცველი რუფატ საფაროვი, “Meydan TV-ის” ექვსი ჟურნალისტი და ბაქოს ჟურნალისტიკის სკოლის დირექტორის მოადგილე ულვი ტაიროვი.

ანგარიშის ერთ-ერთ ნაწილში საუბარია წამებასა და სხვა არასათანადო მოპყრობის პრობლემებსა და პატიმართა ადეკვატურ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმაზე.

“წამება და სხვა სახის არასათანადო მოპყრობა დაკავების ადგილებში ფართოდ არის გავრცელებული აზერბაიჯანში და ჩადენილია დაუსჯელად პოლიციისა და სხვა საგამოძიებო თანამშრომლების მიერ, ხოლო დამნაშავეები თითქმის არასოდეს არიან გასამართლებულები. არ არსებობს საჩივრების დამოუკიდებელი მექანიზმი, არ არის ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და მსხვერპლთა დაცვის ეფექტური საშუალებები. ხელისუფლების თითქმის ყველა კრიტიკოსი რეგულარულად აღნიშნაცს წამებასა და სხვა არასათანადო მოპყრობის ფაქტებს პატიმრობაში. როგორც წესი, ეს ბრალდებები არ ხდება ეფექტურად გამოძიებული,”- ხაზს უსვამენ ფაქტს კვლევის ავტორები.

უფლებადამცველებმა ასევე აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანში რამდენიმე დაკავებულ ჟურნალისტს და აქტივისტს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აწუხებს, რაც გამწვავებულია ციხის ცუდი პირობებით და ადეკვატური სამედიცინო დახმარების არქონის გამო.

ანგარიში ასევე მიუთითებს დაკავებულ ჟურნალისტებსა და აქტივისტებსა და მათი ოჯახის წევრებს შორის ვიზიტებსა და სატელეფონო საუბრებზე ხანგრძლივ შეზღუდვებზე, დაკავებულთა ნათესავებისთვის დაწესებულ შეზღუდვებზე, მათ შორის საბანკო ბარათებისა და პენსიების გაყინვაზე.

ორგანიზაციამ ასევე გაამახვილა ყურადღება აზერბაიჯანში შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე და აღნიშნა, რომ “მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ფაქტობრივად აკრძალულია ქვეყანაში ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში”.

მოხსენების ავტორებმა განაცხადეს, რომ აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით “იმედის ნიშნები არ არის” და მოუწოდეს საერთაშორისო საზოგადოებას “მტკიცედ დაგმონ ადამიანის უფლებების სისტემური და სერიოზული დარღვევები” ქვეყანაში.

 

 

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...