სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ საქართველო დატოვა
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ საქართველო დატოვა.
მასთან ინტერვიუ „მთის ამბებმა“ გამოაქვეყნა. ინტერვიუ გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრეა ჩაწერილი.
თეა გოდოლაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით აქვს აქვს ბრალი წარდგენილი. პროკურატურის მტკიცებით, გოდოლაძე ოჯახის წევრზე ძალადობდა. საგამოძიებო უწყებებს გოდოლაძის წინააღმდეგ მისმა ყოფილმა პარტნიორმა მიმართა. ბრალი თეა გოდოლაძეს 2023 წლის ივლისში წარუდგინეს, შოვის მეწყერამდე რამდენიმე კვირით ადრე.
სეისმოლოგი ამბობდა, რომ რეალურად თავად არის ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი და რომ როგორც წარდგენილი ბრალი, ისე სამთავრობო ტელეარხ „რუსთავი 2″-ის მიერ გავრცელებული სიუჟეტი “შავი კამპანია” და “პროფესიონალი ქალის რეპუტაციის შელახვა და მისი გაჩუმების მცდელობაა”.
ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარის” ცნობით, თეა გოდოლაძის ყოფილი პარტნიორი თავად იყო სისხლის სამართლის კოდექსით ბრალდებული მასზე ძალადობის გამო და თბილისის საქალაქო სასამართლომ ის გაამტყუნა კიდეც. განაჩენი 2024 წლის 7 ივნისს გამოვიდა.
ხოლო 2024 წლის დეკემბერში გოდოლაძის ყოფილი პარტნიორის გამამტყუნებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.
„მთის ამბებთან” თეა გოდოლაძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით სააპელაციომ მწვანე შუქი აუნთო ის საქმეს, სადაც თავად არის ბრალდებული. შესაბამისად, მისი დაპატიმრება ამ გადაწყვეტილების შემდეგ გახდა რეალური.
„უკვე რეალური საფრთხეა იმისა, რომ ამ რეჟიმის პირობებში ქვეყანაში ვეღარ დავბრუნდე. მიფიქრია იმაზე, რომ დავრჩე და ბოლომდე თავი შევაკლა, ჩავჯდე ციხეში, მაგრამ ჩემი ციხეში ჯდომით ბევრს ვერაფერს ვერ შევცვლი. გარედან გავაგრძელებ ბრძოლას. გაცილებით მეტი ვიცი და გაცილებით მეტი შემიძლია, ვიდრე ჰგონიათ“— ამბობს „მთის ამბებთან“ ინტერვიუში თეა გოდოლაძე.
თეა გოდოლაძე წლების განმავლობაში აკრიტიკებდა „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებებს გარემოს დაცვისა და ურბანული განვითარების კუთხით.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.