ყირგიზეთის მთავრობამ დაბლოკა RFE/RL-ის ვებსაიტი
ყირგიზეთის მთავრობამ დაბლოკა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) ყირგიზული სამსახურის ვებსაიტი, მას შემდეგ, რაც რადიო თავისუფლებამ უარი განაცხადა წაეშალა ვიდეორეპორტაჟი ტაჯიკეთთან საზღვარზე მომხდარი შეტაკებების შესახებ.
ყირგიზეთის ინფორმაციის სამინისტრო 26 ოქტომბრის განცხადებაში წერს, რომ ეს ზომა გატარებულ იქნა პასუხად "სანდოობის არმქონე მასალებზე", რომლებიც "წინააღმდეგობაში მოდის ყირგიზეთის რესპუბლიკის ეროვნულ ინტერესებთან". სამინისტროს მხედველობაში აქვს, მისი თქმით, არაზუსტი ინფორმაცია საზღვარზე სექტემბერში მომხდარ შეტაკებებზე.
მანამდე, მიმდინარე კვირაში, სამინისტრომ RFE/RL-ს გამოუგზავნა წერილი და შეატყობინა, რომ განხილვის შემდეგ მასალა მიჩნეულ იქნა "მიკერძოებულად, ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე მოვლენების გაშუქებისას ძირითადად ტაჯიკური მხარის პოზიციის დაკავებით".
შუა აზიის სხვა სახელმწიფოებთან შედარებით, ითვლება, რომ ყირგიზეთის მედია უფრო დინამიკურია და პლურალისტური, თუმცა უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ მედიაგარემო გაუარესდა 2020 წლის ოქტომბერში ხელისუფლებაში სადირ ჯაფაროვის მოსვლის შემდეგ.
ვიდეორეპორტაჟი, რომელსაც წერილი ეხება, მოამზადა პროექტმა Current Time-მა, რუსულენოვანმა ქსელმა, რომელსაც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება "ამერიკის ხმასთან" თანამშრომლობით მართავს.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა ჯეიმი ფლაიმ განაცხადა, რომ კომპანია "სერიოზულად ეკიდება ბალანსირებული მაუწყებლობის" პრინციპს და რომ ვიდეოჩანაწერის განხილვის შემდეგ კომპანიის სტანდარტების დარღვევა არ აღმოჩენილა.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.