ჰამასის ტყვეობიდან შემდეგი 4 ისრაელელი მძევალი გათავისუფლდა
ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის ტყვეობიდან, ჰამასსა და ისრაელს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების საფუძველზე, შემდეგი 4 ისრაელელი მძევალი გათავისუფლდა.
კარინა არიევი, დანიელა გილბოა, ნაამა ლევი და ლირი ალბაგი, რომელთა ასაკი 19-დან 20 წლამდეა, ჰამასმა ღაზის ცენტრში სპეციალურად დადგმულ "ცერემონიაზე" გამოიყვანა. საბოლოოდ კი, გათავისუფლებულები წითელ ჯვარს გადასცა.
აღნიშნული 4 ისრაელელი ახალგაზრდა ქალი ჰამასის ტყვეობაში 2023 წლის 7 ოქტომბრიდან, 477 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების სათვალთვალო დანაყოფის ჯარისკაცები არიან.
თავის მხრივ, ისრაელმა 200 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა, თუმცა ჰამასი შეთანხმების პირობების დარღვევაში დაადანაშაულა, ვინაიდან შეთანხმების მიხედვით, თავდაპირველად ჩვეულებრივი მოქალაქე ქალები უნდა გათავისუფლდნენ, ჯარისკაცი ქალები კი მხოლოდ ამის შემდგომ.
ჰამასს 25 იანვარს გასათავისუფლებელი მძევლების სიაში მოქალაქე არბელ იეჰუდი უნდა შეეყვანა, რაც ტერორისტულმა დაჯგუფებამ არ გააკეთა, თუმცა განაცხადა, რომ იეჰუდს მომდევნო კვირას დაგეგმილი გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლებს.
აქამდე, მძევალთა გაცვლის პირველი რაუნდის ფარგლებში, ისრაელმა ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის 471-დღიანი ტყვეობიდან სამი ისრაელელი ახალგაზრდა ქალი, რომი გონენი, ემილი დამარი და დორონ შტეინბრეხერი დაიბრუნა.
ტაბულა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.